[ოთხშაბათის საკითხავი] ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ჩემპიონი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, ჩემპიონი კი უკვე გვყავს - თბილისის "დინამომ" მეთექვსმეტედ დაინადავლა ქართული ოქრო. დღეს ბევრი სჯა-ბაასია იმაზე, ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ჩემპიონი.

ვეცდებით, ჩვენს წერილში ამ კითხვას ვუპასუხოთ...

ცხრილი
ცხრილი ლაკმუსის ქაღალდია. ის ყველაზე კარგად აჩვენებს გუნდის რეალურ ძალას. თბილისის "დინამოს" ჩემპიონატის დაწყებიდან ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან ლიდერობა. რა თქმა უნდა, თუ გუნდი კონკურენტებს არ სჯობს, ის ამას ვერაფრით შეძლებს.

ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული ჩემპიონი, სატურნირო ცხრილს, "დინამოს" დინამიკას ჩახედავს და აზრი შეეცვლება.
ამაში დარწმუნებულნი ვართ.

კონტინგენტი
საქართველოს ჩემპიონატის ვერც ერთი გუნდი, დაკომპლექტების მხრივ, ახლოსაც ვერ მივა "დინამოსთან". დღეს ასეთი სიტუაციაა და რა იქნება ხვალ, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს ჰყავს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები. ალექსანდრე იაშვილი კარიერის ბოლოში კია, მაგრამ "დინამოში" მას "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ ალეკო ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია და სხვები.

ამას დავამატოთ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც ეროვნული გუნდის კარზე აკაკუნებენ.

დღეს "დინამოსთან" მიახლოებული სიძლიერის შემადგენლობაც კი არავის ჰყავს. არადა, ქართული გუნდებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის აჯობებს, რომ ჰყავდეს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონატში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ინფრასტრუქტურა
"დინამოს" აქვს საქართველოში საუკეთესო სტადიონი, საუკეთესო აკადემია, სკოლა, ბაზა - მოკლედ, საკლუბო ინფრასტრუქტურის მხრივ თბილისური კლუბი ყველაზე სოლიდური და წელგამართულია საქართველოში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაზე მდიდარი ვერ გახდება ჩემპიონი, მაგრამ ჩვენს წერილში ინფრასტრუქტურა და მომავლის ამბები აუცილებლად მოსახსენიებელია.

თბილისის "დინამოს" რამდენიმე ქართულ კლუბში ჰყავს განათხოვრებული ფეხბურთელები. ამ დროისთვის ასეა და როცა საკლუბო აკადემია ახალ-ახალ გამოშვებებს შემოგვთავაზებს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სამწვრთნელო შტაბი
არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, პირადად მე კი მიმაჩნია, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს ბევრი ისეთი მწვრთნელი, როგორიც გია გეგუჩაძეა. სწორედ გეგუჩაძემ ჩაუყარა მტკიცე საფუძველი "დინამოს" ჩემპიონობას.

იურაი იარაბეკი უკვე კარგ და ჩემპიონობისთვის მომწიფებულ გუნდში მივიდა. მას, როგორც მინიმუმ, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დასჭირვებია. არც იყო ამის აუცილებლობა - გეგუჩაძემ კარგად აწყობილი მექანიზმი დატოვა.

გეგუჩაძე და იარაბეკი - პირველის კვალიფიკაციას კითხვის ნიშანი არ უხდება და პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, არც იარაბეკია ხელწამოსაკრავი სპეციალისტი. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა ევროპალიგაზე "ტრნავამ" "ზესტაფონი" დაამარცხა. ორივე მატჩი ვნახე. იმ "ტრნავას" არ ჰყავდა გამორჩეული ფეხბურთელები (ალბათ, მხოლოდ კაპიტან საბოს თუ გამოვყოფთ, რომელმაც პაოკ-ში გააგრძელა კარიერა). ამის მიუხედავად, ეს გუნდი ძაფზე აცმულივით დარბოდა. შეტევიდან დაცვაში და პირიქით, ძალიან სწრაფად გადადიოდა.

იარაბეკის ავ-კარგი მაინც ევროთასებზე გამოჩნდება. გაამართლებს? კარგი იქნება, არა და, "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ხისტი ზომების მიღება არავისგან ესწავლება. ამოცანა კი ერთია - ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა.

მსაჯები
ახლა ბევრს საუბრობენ, რომ "დინამოს" ჩემპიონობა, შესაძლოა, არც ყოფილიყო, რომ არა მსაჯების მხარდაჭერა ამ გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, მაგრამ მე ვერაფრით დავეთანხმები ამ ხმებს.

აბსოლუტურად გულწრფელად უნდა დავწერო - ჩემი აზრით, მსაჯები რამდენჯერმე მართლაც შეცდნენ "დინამოს" სასარგებლოდ, თუმცა ამას ჩემპიონის ვინაობის გარკვევაზე არ უმოქმედია.

და აქვე დავსვამ წერტილს ამ ქვეთავზე.

პერსპექტივა
რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობას აქვს თავისი გეგმები და მონახაზები. რა თქმა უნდა, "დინამო" და ყველა ქართული კლუბი უნდა გაძლიერდეს ევროთასების სტარტამდე. დღეს ჩვენ "დინამოზე" ვწერთ და, შესაბამისად, ამ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა გავარჩიოთ.

პირველი და მთავარი საზრუნავი კლუბის ხელმძღვანელობისა იაშვილის შემცვლელის მოძიება უნდა იყოს. იაშვილი თანამედროვე "დინამოს" ტვინია. ის მინდორზე მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს და უპრიანი იქნება, ის ასეთივე ფეხბურთელმა (ალბათ, უცხოელმა) შეცვალოს.

"უცხოელი" იმიტომ ვახსენე, რომ დღეს ასეთი ქართველი ფეხბურთელი, უბრალოდ, არ გვეგულება. უცხოელები კი არიან, თუმცა მათ სათანადო შერჩევაც სჭირდებათ. შეცდომა უნდა გამოირიცხოს!

სხვა მხრივ, "დინამო" ერთ-ორ პოზიციაზე თუ კიდევ გაძლიერდა, უფრო უკეთესი და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება ევროპელი მეტოქეებისთვის. ნიჭი და პერსპექტივა აქ სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
საქართველოს ჩემპიონატი თუ არ გახდაკონკურენტული,ისე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.არადა როგორ გახდება,ყველაზე ფულიანი გუნდი "დინამოა", ნაცვლად იმისა ,რომ მაღალი კლასის ფეხბურთელები საზღვარგარეთ ეძიონ(ვინაიდან მათი ყიდვისთვის, ფული აქვთ)ისინი ადგილობრივ გუნდებს" ძარცვავენ"-(თუ ვინმე გამოჩნდა კარგი მოთამაშე თავისთან მიჰყავთ),შედეგად ვიღებთ არაკონკურენტულ დანარჩენ კლუბებს(მათ "დინამოში" გადასული ფეხბურთელის შემცვლელის ყიდვის ფული არა აქვთ.)შესაბამისად ვერ უწევენ წინააღმდეგობას ფაქტიურად საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარ საქართველოს ნაკრებს-თბილისის "დინამოს" და ისიც იგებს ჩემპიონატს უპრობლემოდ(ცოტაც მსაჯებიც ეხმარებიან),არაკონკურენტული გარემოს გამო "დინამოში"გადასული ის კარგი ფეხბურთელებიც ზედას ანელებენ და ევროპულ ტურნირებზე პირველსავე ეტაპზე მარცხდებიან
mamulo
15:47 27-04-2016
0
ანეკდოტების განყოფილებაში უნდა დაგედოთ
giga
16:11 27-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული