[დღის თემა] რამდენი გუნდი რჩება უმაღლეს ლიგაში?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ლიცენზიის მაძიებელი 20 კლუბის განაცხადი განიხილა. გადაწყვეტილებები 4 მაისს სფფ-ის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა...

არცერთი პირველი ლიგიდან
ამრიგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, უეფასა და ეროვნული ლიცენზია მხოლოდ 7-მა კლუბმა მიიღო - გორის "დილამ", თბილისის "დინამომ", თბილისის "ლოკომოტივმა", თბილისის "საბურთალომ", ბოლნისის "სიონმა", "სამტრედიამ" და საჩხერის "ჩიხურამ".

უმაღლესი ლიგის 9 კლუბი ეროვნულ ლიცენზიას დასჯერდა: ლანჩხუთის "გურია", ბათუმის "დინამო", "ზუგდიდი", ფოთის "კოლხეთი", მარტვილის "მერანი", თერჯოლის "საპოვნელა", ქუთაისის "ტორპედო", ქობულეთის "შუქურა" და "ცხინვალი".

პირველად მოხდა, რომ ლიცენზია უმაღლესი ლიგის ყველა წარმომადგენელმა მიიღო. ასევე
პირველი შემთხვევაა, პირველი ლიგის არც ერთი კლუბის მოთხოვნა რომ არ დაკმაყოფილდა. კომისიამ უარით გაისტუმრა ცხინვალის "ლიახვი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და ზუგდიდის "ოდიში 1919". ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლეულს უმაღლეს ლიგაში პირველიდან ვერც ერთი გუნდი ვერ დაწინაურდება. ამაზე მიუთითებდა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადება, რომელიც მცირე ხნის წინ გაკეთდა.

"კლუბების ლიცენზირების კუთხით ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით. ეს აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, როცა კლუბები დაინახავენ, რომ ყველაფერი მათი განვითარებისთვის კეთდება და ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის. ისინი სპორტული კუთხით ძლიერები უნდა იყვნენ და მაშინ ყველა ერთად წინ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ".

ევროპელთა დამოკიდებულება
ევროპაში ლიცენზირების მოთხოვნათა შესრულებას ფეხბურთის განვითარებას უკავშირებენ. ამის დასტურად არაერთი გადაწყვეტილების გახსენება შეიძლება. მაგალითად, 2008 წელს შოტლანდიური პრემიერლიგიდან გარიცხეს "გრეტნა", რომელიც ლიგის წევრი 2002 წელს გახდა, 2007 წელს კი პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო ერთი წლით ადრე, ქვეყნის თასის ფინალში ითამაშა და უეფას თასზე იასპარეზა.

თუმცა, როცა ინგლისელმა ბიზნესმენმა ბრუქს მაილსონმა კლუბის შემდგომ დაფინანსებაზე უარი თქვა, "გრეტნამაც" არსებობა შეწყვიტა. ცხადია, ეს არ ყოფილა ვინმეს შეგნებული ქმედება, მაგრამ პრობლემებზე თვალის დახუჭვა ამ პრობლემების წახალისებას ნიშნავდა და ერთი შეხედვით დაუნდობელი, თუმც ქვეყნის ფეხბურთის მომავლისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღეს.

2008/09 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბულგარეთიდან სოფიის ცსკა-ს (ჩემპიონი) ნაცვლად "ლევსკი" დაუშვეს. მიზეზს მიხვდებოდით - დიახ, ცსკა-მ ფინანსური პრობლემების გამო ლიცენზია ვერ მიიღო და დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

2012 წელს დავალიანებების გამო უეფამ ესპანურ "მალიორკას" ევროპალიგის შემდგომი 4 სეზონის (2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17) გათამაშებაში მონაწილეობა აუკრძალა. 2010 წლის მაისში დამტკიცებული ახალი დებულება კლუბში ფინანსური ფეარ-პლეის პრინციპის გამკაცრებას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არაწამგებიანობა,  ანუ თვითგამოსყიდვის პრინციპია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი საფეხბურთო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე მეტს არ უნდა ხარჯავდეს.

"მალიორკა" უეფას პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა. კომისიამ დაადგინა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბზე ლიცენზია უსაფუძვლოდ გასცა და პასუხიც მასვე მოსთხოვა.

ესპანელების გარდა, დაისაჯნენ ხორვატული "ჰაიდუკი" და "ოსიეკი", რუმინული "რაპიდი" და "დინამო", აგრეთვე, ბელგრადის (სერბეთი) "პარტიზანი". თავის დროზე, ლიცენზირების შეუსრულებლობისთვის დასჯილან "ფენერბაჰჩე" და "ჯენოა", "კაიზერსლაუტერნი", "სენტ გალენი"...

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მგონი, საკმარისია...

სიმკაცრე ქაღალდზე
ჩვენ გაუაზრებლად ლმობიერები ვიყავით. 2013 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე სფფ-ის აღმასკომმა საკლუბო ლიცენზირების დებულება დაამტკიცა, სადაც ეწერა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლუბის მიმართ სადისციპლინო სანქციები გატარდებოდა - გაფრთხილებას მოჰყვებოდა 500-ლარიანი ჯარიმა თითოეულ შეუსრულებელ კრიტერიუმზე; ჩემპიონატში 3 ქულის დაკლება; გარკვეული ვადით ფეხბურთელების ტრანსფერების აკრძალვა.

2014/15 წლების სეზონში სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნები უფრო გამკაცრდა და ჩემპიონატში სასჯელად 15 ქულის დაკლება დაწესდა.

მაგრამ ეს ყველაფერი რჩებოდა ქაღალდზე. თვალის დახუჭვამ კი ქართულ კლუბებს დათვური სამსახური გაუწია - ლიცენზირების ევროპულ სტანდარტს სრულად ვერც ერთი კლუბი ვერ აკმაყოფილებს, სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების თანამშრომლებს კი წყალში ეყრებოდათ შრომა - ფედერაცია და აღმასკომი კლუბებს კრიტერიუმების შესრულებას მკაცრად არ სთხოვდნენ და წლების განმავლობაში, უმაღლეს ლიგაში რამდენიმე კლუბს ულიცენზიოდ ათამაშებდნენ.

ან ვინ გაიხსენებს, რომელ გუნდს დააკლეს 15 ქულა, ან აუკრძალეს ფეხბურთელების რეგისტრაცია? გაუგებარი იყო, რისთვის იწერებოდა ლიცენზირების დებულებები, თუ ის ფარატინა ქაღალდად დარჩებოდა?

წინასაარჩევნო და ზემოთ მოხმობილი განცხადებებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ კობიაშვილის გუნდმა თავის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს უღალატოს და არალიცენზირებულები უმაღლეს ლიგაში დაუშვას. თავისთავად, ძალიან კარგია, რომ ადრე თუ გვიან ლიცენზიას ფასი დაედო და გამკაცრდა.

მაგრამ რა ბედი ელით იმ კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში ბოლო ორ ადგილს დაიკავებენ? ან მე-14 პოზიციაზე მყოფს, რომელსაც, დებულების მიხედვით, გადათამაშების მატჩი უნდა ჩაეტარებინა?

სამწუხაროდ, ფეხბურთის ფედერაცია განმარტებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ამიტომ ისღა დაგრჩენია, მხოლოდ ვივარაუდოთ ასეთი სქემა - სპორტული პრინციპი რომ არ დაირღვეს, ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდება, ხოლო ბოლოდან მესამე საფეხურზე მყოფი - დარჩება. ამგვარად, დიდია ალბათობა იმისი, რომ გარდამავალი ჩემპიონატისთვის 14-გუნდიანი უმაღლესი ლიგა შეგვრჩეს.

დასაშვებია, რომ რომელიმე გუნდმა სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მათ ამის საშუალება 10 მაისამდე აქვთ. საეჭვოა, რამე შეიცვალოს, მაგრამ მაინც არ ვიჩქაროთ...

ცნობილია, რომ ეროვნული ლიგის რეფორმირების პროექტი 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება, მაგრამ უმაღლესიდან თუ 2 გუნდი გავარდა და ვერავინ შემოვიდა, დარჩენილი 14 კლუბით ორი 7-გუნდიანი ჯგუფი გაკეთდება. ამათგან კი ნოემბერში უმაღლესიდან გავარდება არა 6 (როგორც 16-გუნდიანის შემთხვევაში იყო გათვალისწინებული), არამედ 4 კლუბი და ასე მივალთ სრულფასოვან 10-გუნდიან ჩემპიონატამდე (PRO ლიგა 1), რომელიც 2017 წლის მარტიდან აიღებს სტარტს და ამიერიდან, ისევე, როგორც პირველი ეროვნული ჩემპიონატი, "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით ჩატარდება.

ჯერ სხვა დეტალები უცნობია. ყველაფერი აირევა, ლიცენზია პირველი ლიგის ერთმა კლუბმაც რომ მიიღოს. რა გამოდის? - ასეთ შემთხვევაში, 15-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდება? ამიტომაც უნდა დაველოდოთ 10 მაისს...

რა მოხდება პირველ ლიგაში?
საინტერესოა ისიც, რამდენი გუნდი დარჩება პირველ ლიგაში, თუ იქიდან ვერავინ დაწინაურდება? ამჟამად, იქ 18 მონაწილეა და მათგან 5 პირდაპირ ვარდება. დარჩენილ 13-ს უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ორი და პლუს, გადათამაშებაში დამარცხებული ერთი კლუბი უნდა დამატებოდა.

წლეულს, რეგიონალლიგიდან ვერავინ გადმოვა და ეს 16 გუნდი, უმაღლესის მსგავსად, 8-8-გუნდიან ჯგუფებად დაიყოფოდა. PRO ლიგა 2-ში ადგილს კი 10 საუკეთესო მოიპოვებდა...

მაგრამ ახლა ისე გამოდის, რომ ლიგიდან ვერავინ დაწინაურდება, დარჩება 13 გუნდი და მათ უმაღლესიდან გავარდნილი 2 კლუბი დაემატება.

მოკლედ, ბევრი რამ გაირკვევა 6 მაისს, როცა 12 საათზე, სფფ-ის აღმასკომის მორიგი სხდომა გაიმართება და იმედია, ჯერჯერობით უპასუხო კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მივიღებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლიახვს მიეცეს ლიცენზია აეეეე, გადადგეს კობიაშვილი
nodo 11
14:52 09-05-2016
0
რა წესია საერთოდ პირველი ლიგიდან უმაღლესში რომ არ გადაგყავთ გუნდები მითუმეტეს ლიახვი და ვიტ ჯორჯია რომლებიც სულ შრომობდნენ უმაგლესში რომ გადასულიყვნენ, საჭიროდ უნდა გადადგეს კობიაშვილი რომელიც არაფრის გამკეთებელია.
nodo 11
14:42 09-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული