ჩიხურა-სიონი 1:1 - უკეთ რომ გაეთვალა მომენტი...

AutoSharing Option
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გამართულ ამ შეხვედრას "მშვიდობიანს" მხოლოდ შედეგის გამო ვუწოდებთ, თორემ მინდორზე ისეთი ვნებათაღელვა და საბრძოლო ორომტრიალი, იმდენი მიწაზე კოტრიალი იყო, კაცს თავი ფრონტზე გეგონებოდა, რის გამოც უკანასკნელ წამამდე შეიძლებოდა, სასწორის ან ერთ, ან მეორე მხარეს გადახრა.

თუმცა ყოველივე ამას არ მოასწავებდა პირველი ტაიმის დიდი ნაწილი, რომელშიც "ჩიხურას" საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა. გასაკვირიც არ იყო - საჩხერელები წარმატების შემთხვევაში მიუწვდომელნი ხდებოდნენ მე-4 ადგილზე პრეტენზიის მქონეთათვის...

სტუმარი გუნდის თამაშის სტილი კი გვაფიქრებინებდა, რომ "სიონი" საყაიმო ანგარიშზე თანახმა იყო და ძალებს თასის
ფინალისთვის ინახავდა. დიდი ჯაფა ადგა ბრწყინვალედ მოთამაშე მირზა მერლანს. მან ჯერ კიდევ მე-4 წუთზე "გამოაძრო" კუჭუხიძის მიერ თავურით დარტყმული ბურთი კარის მარცხენა დაბალი კუთხიდან. მერე იმავე კუჭუხიძესა და მუმლაძეს არ დაანება გატანა, 41-ე წუთზე კი რეხვიაშვილის ასპროცენტიან საგოლე დარტყმასაც გაუმკლავდა, თუმცა საამისოდ ორი ნახტომი დასჭირდა...

რაც შეეხება გოლს, განუგრავამ 39-ე წუთზე ისეთი პასი "დაუხატა" მუმლაძეს (მეკარესთან პირისპირ გავიდა), ვერგატანა წარმოუდგენელი იყო - 1:0.

თითქოს, გოლის გაშვებას უცდიდნენო და "სიონი" მთლიანად გარდაიქმნა. წონასწორობა ტაიმის ბოლოსვე აღდგებოდა, ფეხზე რომ არ აჭროდა ბურთი უაღრესად ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ მანაგაძეს.

აქედან დაწყებული, ახლა დინო ჰამზიჩის კართან "ჩამოცხა", რომელიც, როგორც უმრავლეს შემთხვევაში, ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ჰამზიჩმა ჯერ საჯაიას მიერ ჯარიმიდან კარისკენ ტყვიასავით წასული ბურთი მოიგერია, მერე სვანიძის უძლიერესი დარტყმა აიღო, 67-ე წუთზე კი რაღაც სასწაულით არ შეუშვა ბურთი კარში... აქვე ვთქვათ, რომ ვასაძის გოლში მას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა, იმდენად დაიბნენ საჩხერელი მცველები...

იგრძნო რა, რომ მისი გუნდი თამაშის სადავეებს კარგავდა, სოსო ფრუიძემ შეცვლებს მიმართა, თუმცა "ჩიხურას" მწვრთნელს მოედანზე შესულმა არც ერთმა ახალმა ფეხბურთელმა არ გაუმართლა. პირიქით, ეს ხერხი არმაზ ჯელაძეს უფრო გამოადგა.

ძნელია, საჩხერელთა თავკაცს ან კომპეტენციაში შეედავოს ვინმე, ან სიტუაციის შეფასებაში, მაგრამ ვფიქრობთ, აქტიური მუმლაძე არ უნდა შეეცვალა...

როცა "ჩიხურას" დაცვაში ბზარები გაჩნდა, ხოლო ნახევარდაცვა მოირღვა, ისიც გამოჩნდა, რა ძალას წარმოადგენენ გუნდისთვის კორიფაძე და დობროვოლსკი, რომელთაგან პირველი - ავადმყოფობის, მეორე კი დისკვალიფიკაციის გამო არ თამაშობდა.

მასპინძლებს მაინც შეეძლოთ მეორედ დაწინაურება 67-ე წუთზე, ძალიან კარგად მოთამაშე განუგრავას უკეთ რომ გაეთვალა მომენტი და აქცენტი დარტყმის სიძლიერეზე კი არა, სიზუსტეზე გადაეტანა...

როგორც თავში აღვნიშნეთ, მატჩს სიმძაფრე და სიმწვავე ბოლო წამამდე არ მოჰკლებია, მაგრამ საბოლოოდ დაფიქსირდა ფრე, რომელიც ლოგიკურ და ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
09.05. ივანწმინდა
ჩიხურა-სიონი 1:1
გოლები: 1:0 მუმლაძე (39. განუგრავას პასით), 1:1 ვასაძე (54)
ჩიხურა: ჰამზიჩი, განუგრავა, კაკაშვილი, კუჭუხიძე, მუმლაძე (76. ჯოხაძე), ვოლკოვი (66. დეკანოიძე), ჭეჭელაშვილი (63. ენუქიძე), ვუკაშოვიჩი, ჩიკვაიძე, კაშია, რეხვიაშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, თ. კირკიტაძე, მეგრელიშვილი, ლოვრეჩიჩი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სიონი: მერლანი, სვანიძე, კილასონია, ფოფხაძე (76. ტატანაშვილი), გურეშიძე (19. მანაგაძე), საჯაია, გვალია, ვასაძე, მანჯგალაძე, კობახიძე, გოგინაშვილი (46. გაფრინდაშვილი).
სათადარიგოები: ნანიევი, გიორბელიძე, შალამბერიძე, ოთარაშვილი
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: კაკაშვილი (44), რეხვიაშვილი (59), მანჯგალაძე (71), ვასაძე (84), საჯაია (90)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 23
ო. მარცვალაძე (დილა) 17
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

XXIX ტური
14 მაისი, შაბათი
შუქურა-ჩიხურა
ზუგდიდი-კოლხეთი
სიონი-დინამო (თბ)
საბურთალო-დინამო (ბთ)
გურია-სამტრედია
საპოვნელა-ცხინვალი
მერანი-დილა
ლოკომოტივი-ტორპედო

ბოლო ტური
22 მაისი, კვირა
ტორპედო-საბურთალო
დილა-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-მერანი
სამტრედია-სიონი
დინამო (თბ)-შუქურა
კოლხეთი-გურია
ცხინვალი-ლოკომოტივი
ჩიხურა-საპოვნელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული