დავით ჯიქია: ეს "სამტრედიის" მწვრთნელების დამსახურებაა...

AutoSharing Option
დავით ჯიქიას ორი წლის განმავლობაში სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. თუ გახსოვთ, "ლოკომოტივმა" 3 წლის წინ "ბარსელონას" 19-წლამდელების გუნდს 1:0 მოუგო და ის ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა. მაგრამ თავდამსხმელი, რომელიც ვასილ მაისურაძის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებსა და თბილისის "ლოკომოტივში" შედეგიანი თამაშით გამოირჩეოდა, თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოში" საკუთარ თავს აღარ ჰგავდა.

21 წლის ჯიქია "სამტრედიაში", გია ცეცაძესთან კარგად ათამაშდა და მნიშვნელოვან შეხვედრებში გოლებიც გაიტანა - გორის "დილასთან", ბათუმის "დინამოსთან" და ბოლოს თბილისის "დინამოსთანაც", გადამწყვეტი დარტყმით...

"მთლიანობაში, "სამტრედიამ" სეზონი კარგად ჩაატარა და ეს
სატურნირო ცხრილზეც აისახა. პირველი წრე შეთამაშებასა და სათამაშო სქემის დამუშავებისთვის გამოვიყენეთ და მე-5 ადგილზე ამიტომაც გავედით. მეორე წრისთვის კი საკმაოდ კარგად შევთამაშდით და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ. დიდი შანსია, რომ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დავასრულოთ", - ამბობს ჯიქია.

მან საკუთარ თავზეც ილაპარაკა:

"ჩემს თამაშს რაც შეეხება, პირველ წრეში მეტ-ნაკლებად მიწევდა მოედანზე გასვლა. მიზეზი ის იყო, რომ კლუბთან ერთად შეკრება ვერ გავიარე და მომზადებული არ ვიყავი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გია ცეცაძე მენდობოდა და შანსს მაინც მაძლევდა. მეორე წრემდე კი კლუბთან ერთად შეკრება ჩვეულებრივად გავიარე და უკეთესადაც ავთამაშდი.

მე თუ ახლა ფორმაში შევედი და გოლები გამაქვს, ეს ცეცაძისა და თემურ ლორთქიფანიძის დამსახურებაა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო".

"სამტრედია" ევროთასებს 21-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, მაგრამ კონტინენტის საკლუბო გათამაშებაში ღირსეულად გამოსვლის რა იმედი უნდა ჰქონდეს გუნდს? ჯიქიას ამაზეც ვკითხეთ:

"ამ ფორმაციის გუნდისთვის ეს პირველი ევროგათამაშება იქნება, მაგრამ ჩვენ გვყავს საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები, ასევე, გამოცდილი და გამორჩეული სამწვრთნელო სტაფი და დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირზე ღირსეულად გამოვალთ.

რა შედეგი გვექნება და როგორ ფეხბურთს ვითამაშებთ, ამას ყველა ერთად ვნახავთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინაც სუსტები ხართ კლუბში უნდა მოუმატოთ მუშაობას, ვინც ატყობს რომ სხვების დონეზე კარგა ხანს ვერ ავა,ალბათ სჯობს გადავიდეს სხვა კლუბში რომ სათადარიგოზე არ ხეხოს ტანსაცმელი.
სხვა დანარჩენებმა კი არცერთმა არ უნდა დანებდეთ არანაირ რჩევა,თხოვნა, მოლაპარაკებებს კლუბის დატოვებაზე.
ვინაც წარმატება მოიტანა,მან თავისი ევრო ჯვარი უნდა ატაროის ბოლომდის, ეს უპირობოიდ ასე უნდა იყოს.
jarji21
14:08 13-05-2016
0
დავით მაგარი კაცი ხარ.. წარმატებებიი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული