იქნებ თქვენი მოთამაშეებიც ჩვენ გავაქციეთ?! "მერანი" და "ზუგდიდი" ბრალდებას ეხმაურებიან

AutoSharing Option
17 მაისს "ლელოში" გამოქვეყნდა "გურიის" ფანკლუბის ლიდერ ჯანო ქინქლაძის წერილი, რომელშიც ნავარაუდევია, რომ ლანჩხუთურ კლუბს შეთქმულებას უწყობენ.

საფრთხე არსებობს! - ლანჩხუთის "გურიის" ფანები შეთქმულებაზე ალაპარაკდნენ

წერილს მარტვილის "მერანისა" და "ზუგდიდის" ოფიციალური განცხადებები მოჰყვა...

ფაქტებით ილაპარაკეთ!
"წერილის შინაარსიდან გამომდინარე, თითქოს "შეთქმულება" მზადდება "გურიის" წინააღმდეგ, ამაში ქინქლაძე მარტვილის "მერანსაც" ადანაშაულებს, რაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

ასეთი არასერიოზული ბრალდებები, ზოგადად,  საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს აყენებს ზიანს. "მერანმა" მეორე წრეში შემადგენლობა გააძლიერა, შეცვალა სამწვრთნელო შტაბი და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უმაღლ
ეს ლიგაში დარჩენის შანსს რომ ინარჩუნებს, ეს დაუღალავი შრომისა და მონდომების შედეგია.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ბევრისთვის ყველაფრის თქმასთან ასოცირდება, ფაქტების და მასალების გარეშე, რადგან არ გვახსოვს, ვინმე ცილისწამებისთვის დასჯილიყოს. ასე რომ, მოვუწოდებთ ნებისმიერს, სანამ თავიანთ "ვარაუდებს" სააშკარაოზე გამოიტანენ, კარგად გადაამოწმონ ინფორმაცია და ფაქტებით ილაპარაკონ", - წერია მარტვილის "მერანის" განცხადებაში.

მაშინ წარმატებას ზეიმობდით და პრეტენზიებზე დუმდით...
"ზუგდიდმა" კი წერილი ასე დაასათაურა: "შეთქმულების თეორიები გრძელდება - სერია 2?!"

"ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ისეთი გამოვიდა, ვერავინ იფიქრებდა, ქვედა საფეხურზე მყოფი გუნდებისთვის ბოლო ტური ასეთი რეზონანსული და დაძაბული თუ გამოდგებოდა. აქედან გამომდინარე, ვითარება დაძაბულია და მას ზოგიერთების (და არა ზოგიერთის) უპასუხისმგებლო და აბსურდული მოსაზრებები კიდევ უფრო ძაბავს.

"ზუგდიდი" მთლიანად ორიენტირებულია ბოლო ტურში გორის "დილასთან" ჩასატარებელ ურთულეს მატჩზე და ამ ბინძურ კამპანიაში ჩართვას არც ვაპირებდით...

წერილში მოყვანილ ლოგიკას თუ გავყვებით და სტატისტიკას გადავხედავთ, თურმე სამი ტურის წინ "გურია"-"ლოკომოტივს" 24-24 ქულა ჰქონდათ და სხვა დანარჩენი ბოლოადგილოსნები განწირულები ყოფილან. თქვენივე ლოგიკით, ბოლო სამ ტურამდე "გურიასაც" უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა და ახლაც აქვს. ზედიზედ ორმა მოგებამ ბათუმის "დინამოსა" და "ტორპედოსთან", ხოლო გასვლაზე "ცხინვალთან" უმნიშვნელოვანესმა ფრემ და ამით მოპოვებულმა 7-მა ქულამ თქვენი გუნდი საკმაოდ დააწინაურა. ამანაც უდიდესი ეჭვი გააჩინა მასმედიაში.

თუმცა თქვენ მაშინ წარმატებას ზეიმობდით და "გურიის" მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე დუმდით. სხვათა შორის, მაშინ ეჭვები და ვარაუდები "ზუგდიდზეც" გამოითქვა და თქვენგან განსხვავებით, ჩვენმა გუნდმა ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხა.

თქვენი დასკვნა იყო - "ზუგდიდს" გადასარჩენად სამივე თამაშის მოგება სჭირდებოდა. ეს წარმოუდგენლად მოჩანდა... ამის მიუხედავად, მან ბოლო 3 ტურიდან ორში უკვე მოიგო - კონკურენტ "მერანთან" (ამ შეხვედრის სხვა შედეგი "ზუგდიდს" ოფიციალურად ტოვებდა ლიგის მიღმა) და ფოთის "კოლხეთთან". ახლა ზუგდიდელები მოქმედ ჩემპიონ "დილას" გორში ეწვევიან და იქაც მოგებას იმედოვნებენ" - ეს საერთოდ თემას აცდენილი და ამაზრზენი ბრალდებაა...

ზუგდიდის 3 მოგება წარმოუდგენლად რატომ მოჩანდა, როცა 2 საშინაო მატჩი სამტრედიაში ჩავატარეთ (ერთიც თქვენთან და მოვიგეთ), ხოლო თბილისის "დინამოსთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ (2:3). სფფ-მ საშინაო მატჩების ზედა ეწერის ბუნებრივსაფარიან მოედანზე ჩატარების უფლება ამის შემდეგ დაგვრთო. კლუბისა და ქალაქის ხელმძღვანელობის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ სამთვიან ინტერვალში მათ გულშემატკივარს კოპწია სტადიონი აჩუქეს. სფფ-ის ხელმძღვანელობა კი ჩვენს ყველა საშინაო თამაშს დაესწრო...

მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ჩაგვივარდა, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ზუგდიდელებს ბურთის გაგორება დაავიწყდათ ან ეს ვინმეზე ნაკლებად შეუძლიათ (თუნდაც "გურიის" დღევანდელ შემადგენლობასთან შედარებით), ან ასეთი ხაზგასმა, თითქოს, "ზუგდიდმა" სახლში კონკურენტ "ლოკომოტივსაც" ვერ მოუგო, ეს ორივე გუნდის პირდაპირი შეურაცხყოფაა...

ფეხბურთის მოყვარულ ადამიანს და მით უმეტეს - გულშემატკივარს, როგორ შეიძლება მოაფიქრდეს და ეჭვები გამოთქვას "ზუგდიდი"-"მერანის" მატჩზე, როცა ორივე გავარდნის კანდიდატია და ამ შეხვედრას ორივესთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა? თუ თქვენ იყენებთ მეთოდს, რომ "თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა", არასწორი მისამართი შეგირჩევიათ და რეალური აღქმის სამყაროდან გასულხართ...

ბოლო ტურს რაც შეეხება, თქვენი შეხსენება საჭირო არ არის, "დილასთან" ურთულესი მატჩი გველის, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ წარმატებისთვის. იმედსაც ვიტოვებთ, რომ "ზუგდიდს" "გურიიდან" გაქცეული ფეხბურთელების "საქმეში" მაინც არ ადანაშაულებთ".

P.S. ბოლოს კი, ჩვენი მხრივ, დავძენთ: სანამ იარსებებს ფეხბურთი, იქნება პოლემიკაც, თუნდაც ურთიერთბრალდებები. ესეც ემოციაა და, რა თქმა უნდა, უხდება კიდეც ფეხბურთს, ოღონდ, მთავარია, მხარეებმა დასაშვები ზღვარი არ გადაკვეთონ და ეს ყველაფერი დაუსრულებელ მტრობაში არ გადაიზარდოს, რამაც, შესაძლოა, ერთ დღესაც სავალალო შედეგი მოგვიტანოს. ეს არ უნდა დავუშვათ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბრაგებმაც მშვენიერი პასუხი გასცეს , რატო არ აქვეყნეებთ ???????????
beqa
18:48 19-05-2016
0
ზუგდიდი მოგვიგო რა ბნელა თასის აბაროტი გვაქვს ასაღები და ჩვენ სტადიონზე დაემშვიდობებით უმაღლეს ლიგას.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული