"ლელო" ქუთაისური ფინალის გმირს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...
- დავიწყოთ იმით, თუ როგორ ემზადებოდით თასის ფინალისთვის და როგორი განწყობა გქონდათ თამაშის წინ?
- ვემზადებოდით სრული სერიოზულობით. ფინალი ერთი თამაშია და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. განწყობა
- იურაი იარაბეკმა მეტოქეს რამდენიმე ტაქტიკური სიურპრიზი მოუმზადა, მათ შორის - უჩა ლობჟანიძის გამწესება მარცხენა ფლანგზე...
- ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ასეც ჩანს, მაგრამ მე და უჩას ადრეც გვითამაშია ერთ ფლანგზე.
- როგორ ფიქრობთ, რაში იყო "დინამოს" უპირატესობა?
- მე ჩვენს განწყობაზე ვიტყვი. არც ერთი ჩვენგანი არ უშვებდა იმას, რომ შეიძლებოდა, შინ თასის გარეშე დავბრუნებულიყავით. ეს წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ და ეს განაპირობა დიდმა ერთიანობამ.
- ამ შეხვედრაში არ დაგჭირდათ, მაგრამ საინტერესოა, საგანგებოდ თუ ვარჯიშობდით თერთმეტმეტრიანების შესრულებაზე?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე აქცენტირებულად არ გვივარჯიშია. წვრთნა რომ მთავრდება, ბიჭები ვრჩებით ხოლმე მოედანზე და სხვადასხვა კომპონენტს ვამუშავებთ. ზოგი 11-მეტრიანებსაც ურტყამს... სულ ესაა.
- მოდით, თქვენი გოლის ეპიზოდი გავიხსენოთ. ეს იყო ფინალის მთავარი მშვენება...
- ოთარ კაკაბაძის აქტიურობას მოჰყვა ყველაფერი. მცველმა ბურთი გამოიტანა და პირდაპირ მე მომივიდა. როგორც კი ბურთი მივიღე, ალბათ, ყველა ეგრევე ელოდა დარტყმას. ცოტათი გვერდზე გავიწიე და, როგორც ჩანს, ამან გაამართლა.
- ჩემი პირადი აზრია, რომ ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაყენებული შორეული დარტყმა გაქვთ. გამორჩეულად მუშაობთ ამ კომპონენტზე?
- პირდაპირ გეტყვით: ადრეც ბევრს ვმუშაობდი ამაზე და ახლაც ბევრს ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ რაღაც პოტენციალი დევს ჩემში და ძალიან მინდა, რომ ის ბოლომდე იყოს რეალიზებული.
- ადვილი წარმოსადგენია, რა ხდებოდა "დინამოს" გასახდელში ფინალის დასრულების შემდეგ...
- ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით, იყო ძალიან ბევრი გულწრფელი ემოცია... არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ითამაშა ამ შეხვედრაში და ვინ - არა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო თამაში ჩვენი ლეგენდის, ალექსანდრე იაშვილისთვის. ბედნიერები ვართ, რომ მას ტიტულით ვაცილებთ.
- ფინალი ჩავლილია, ჩემპიონატშიც ერთი ტურიღაა დარჩენილი, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება ევროტურნირები და ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით...
- ბუნებრივია, ვერ ავუვლით გვერდს და ისიც ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს გულშემატკივარს, ზოგადად, ქართველ ქომაგს, ძალიან მოენატრა ევროტურნირებზე წარმატება. ვთქვათ სიმართლე - გინდ თასი იყოს და გინდაც სხვა ტიტული, ყველაფერი მალე ავიწყდება ხალხს, რადგან ის ჩვენგან ევროპულ წარმატებას ითხოვს და ვერც გაამტყუნებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"