დილა-ზუგდიდი 3:0 - ყოველგვარ ეჭვზე მაღლა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილა" ყოველგვარ ეჭვზე მაღლა დადგა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა, რომელსაც მთავარი მწვრთნელის დისკვალიფიკაციის გამო მილოვან მატიასევიჩი ხელმძღვანელობდა, ულაპარაკოდ მოუგო უზომოდ მოტივირებულ მოწინააღმდეგეს.

დიახ, "დილას" განაღდებული ჰქონდა მესამე ადგილი, ევროპალიგის საგზური და ბრინჯაოს მედლები, "ზუგდიდს" კი ქულები ჰაერივით სჭირდებოდა. გამარჯვების შემთხვევაში, კოლხები არავითარ შემთხვევაში არ გავარდებოდნენ...

"დილამ" ძალიან კარგად დაიწყო და უკვე მე-15 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გუგა ფალავანდიშვილმა შესანიშნავი პასი მიაწო
და საჯარიმოში შეჭრილ თემურ ღონღაძეს და ზუგდიდელ მცველს ისღა დარჩენოდა, თამაშის წესი დაერღვია. ბურთთან ირაკლი მოდებაძე მივიდა და თორნიკე ზარქუას ზუსტად დაურტყა.

"დილამ" აღებული ტემპი არ დააგდო და მე-18 წუთზე ზუგდიდელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა. დავით კვირკველიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მოდებაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და მეკარე იძულებული გახდა, წესების დარღვევით შეეჩერებინა შემტევი. არბიტრმა ზუგდიდელთა კიპერს ყვითელი ბარათი უჩვენა და ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. ბურთთან ისევ მოდებაძე მივიდა, მაგრამ... ვეღარ გაიტანა - ბურთი ზარქუამ მოიგერია.

მალევე, "ზუგდიდის" მეკარე მოედნის მიღმა აღმოჩნდა. ერთ ეპიზოდში ზარქუამ კარი დატოვა და საჯარიმოს გარეთ ბურთი ვეღარ შეიმაგრა. მას ირაკლი ძარიამ დაასწრო და აუცილებლად გაიტანდა, იმავე ზარქუას მის წინააღმდეგ თამაშის წესი რომ არ დაერღვია.

არბიტრმა ეპიზოდი სწორად შეაფასა - "ბოლო იმედის" ჯარიმა, რამაც სტუმარი კაცნაკლული დატოვა. მინდვრის მოთამაშე დიმიტრი თუთბერიძე მეკარე ვახტანგ ჯომიდავამ შეცვალა.

ის საჯარიმო კი ოთარ მარცვალაძემ შეასრულა და სტუმრები ამჯერად ძელმა იხსნა. ტაიმის ბოლომდე მარცვალაძეს კიდევ ჰქონდა მომენტი.

"ზუგდიდი" კი პირველ ნახევარში ხეირიანად ერთხელ გადავიდა მოწინააღმდეგის ნახევარზე. გორელთა საჯარიმოში გურამ სამუშია დაეცა, თუმცა არბირტმა მატჩში მესამე 11-მეტრიანის დანიშვნისგან თავი შეიკავა.

მეორე ტაიმში მარცვალაძემ ორჯერ შეაგდო. ჯერ ჯარიმა შეასრულა კოხტად და ზუსტად, მერე კი ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა გოლით. ეს მესამე განსაკუთრებით ლამაზი იყო - შეცვლაზე შესულმა ლევან საბაძემ ფლანგზე გაინავარდა და ძარიას უპასა. ამან ბურთი მახვილგონივრულად გაატარა და მარცვალაძეს გაატანინა.

თამაშის დასრულების შემდეგ მინდორზე ემოციები დუღდა. "ზუგდიდმა" კონკურენტების შედეგები შეიტყო და გადათამაშებაში მოხვედრით ძალიან გაიხარა. "დილამ" კი ბრინჯაოს მედლები ჩაიბარა.
იხილეთ ვიდეო
გორის "დილას" დაჯილდოება
Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური
22.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ზუგდიდი 3:0
გოლები: 1:0 მოდებაძე (15-პენ), 2:0 მარცვალაძე (61), 3:0 მარცვალაძე (74)
დილა: ლეგაშვილი, სამხარაძე, კვირკველია, ქარქუზაშვილი, ღონღაძე, ფალავანდიშვილი, ძარია (75. მაშუკოვი), თექთურმანიძე, ნონიკაშვილი (81. ელიაური), მოდებაძე (64. საბაძე), მარცვალაძე.
სათადარიგოები: მარიამიძე, ბაგაევი, ლომიძე, გამცემლიძე
მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი
ზუგდიდი: ზარქუა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, ჩუკურაჰი, ქანთარია, ტყემალაძე, წურწუმია, სიხარულია, გ. სამუშია, ნ. ქირია (66. მალანია), თუთბერიძე (28. ზარქუა).
სათადარიგოები: ფიფია, ც. სამუშია, შეველი, მიქაძე, თიბილაშვილი
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
გაფრთხილება: ჯავაშვილი (15), ზარქუა (18), კვირკველია (52)
გაძევება: ზარქუა (28)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 19
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
გ. ბუხაიძე (საპოვნელა) 15
დ. ტატანაშვილი (სიონი) 14

ევროტურნირებზე ითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგა (საკვალ.) დინამო, თბ
სამტრედია

ევროპალიგა (საკვალ.) დილა
ჩიხურა

უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ
მერანი (მარტვილი)
საპოვნელა (თერჯოლა)

პლეი ოფი
29 მაისი
ზუგდიდი-კოლხეთი (ხობი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული