ჩიხურა-საპოვნელა 3:2 - ბურთისა და ნერვების თამაში

AutoSharing Option
სანერვიულო მართლაც თავზესაყრელი ჰქონდა "საპოვნელას": უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. ამასთან, ვერ უნდა მოეგო მის დღეში მყოფ კიდევ რამდენიმე გუნდს...

ნერვები კი, თუ კრიტიკულ მომენტში მისი მოთოკვის თავი არ გვაქვს, ძალიან ცუდი მოკავშირეა. სამწუხაროდ, ეს ელემენტარული ჭეშმარიტება მხოლოდ პირველ ტაიმში გაითვალისწინეს სტუმრებმა და ამის ტონის მიმცემი "ძველი გვარდიელები", ყოფილი ჩიხურელები - ოდიკაძე და სომხიშვილი იყვნენ.

პირველი - ჩვეული აზრიანი პასებით, დაცვის და ნახევარდაცვის დაზღვევით მეთაურობდა გუნდს, ხოლო მეორე - მთელი შეხვედრის განმავლობაში სასწაულებს ახდენდა.

სწორედ ოდიკაძის ოდნავ არაზუსტი
დარტყმით განხორციელდა შეტევა პირველივე წუთებიდან. მანვე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე ბუხაიძე, მე-9 წუთზე კი იმდენად ძლიერად და ოსტატურად დაარტყა, თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ... კარში ხომ ჰამზიჩი იდგა!..

თვლა არ ჰქონდა, ვის და რამდენჯერ არ გაატანინა სომხიშვილმა, როცა მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო.

პირველ ტაიმში "ჩიხურა" მშვიდად, ლაღად, უმეტეს შემთხვევაში, უშეცდომოდ აგორებდა ბურთს, თუმცა მაინც იმსახურებდნენ სტუმრები ერთ გოლს, თუნდაც ბოლო წუთზე, მაგრამ ვერც ქათამაძემ შეძლო საჩხერელთა კარის დარაჯის წინააღმდეგობის გადალახვა.

მეორე ტაიმში გაილაღა ჩიკვაიძემ - ჯერ კირკიტაძეს უპასა საგოლედ, მერე თვითონ გაიტანა. ორივე შემთხვევაში უსამართლობა იქნებოდა სომხიშვილის დადანაშაულება.

აი, აქ უმტყუნათ ნერვებმა თერჯოლელ ფეხბურთელებს, არადა, სიმშვიდე რომ შეენარჩუნებინათ, თითქმის ნახევარი საათი ჰქონდათ მდგომარეობის გამოსასწორებლად...

ვა-ბანკზე შეგნებულად წასვლით თითქოს მიზანსაც მიუახლოვდნენ, მაგრამ მთლიანად მოაშიშვლეს დაცვა და "ჩიხურას" თავდამსხმელებს ეულად შეატოვეს სომხიშვილი. ათწუთიან მონაკვეთში იმდენად ღიმილისმომგვრელი მომენტი შეიქმნა, რომ შეიძლებოდა, ანგარიში ასტრონომიული გამხდარიყო.

თერჯოლელთა იმედს ცივი წყალი გადაასხა მუმლაძემ, რომელმაც 95-ე წუთზე გატანილი გოლით წერტილი დაუსვა თამაშს, ვნებათაღელვა კი, სამწუხაროდ, მატჩის შემდეგაც გაგრძელდა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური
22.05. ივანწმინდა
ჩიხურა-საპოვნელა 3:2
გოლები: 1:0 კირკიტაძე (60. ჩიკვაიძის პასით), 2:0 ჩიკვაიძე (62), 2:1 ბუხაიძე (81), 2:2 ბუხაიძე (82-პენ), 3:2 მუმლაძე (90+5)
ჩიხურა: ჰამზიჩი, კირკიტაძე, მეგრელიშვილი, ჭანკოტაძე (78. ენუქიძე), ჭეჭელაშვილი (41. დეკანოიძე), მუმლაძე, კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, კაკაშვილი, გაბაძე, დ. კირკიტაძე, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
საპოვნელა: სომხიშვილი, ბანძელაძე, ჩიკვილაძე, ქათამაძე, ვაჭარაძე (78. შარიქაძე), ბუხაიძე, ტყეშელაშვილი, ნარიმანიძე, ენდელაძე (60. ბოლქვაძე), ოდიკაძე, მაკარიძე (81. ბიბილეიშვილი).
სათადარიგოები: გიორგაძე, ჭელიძე, მაჭავარიანი, ბერაშვილი
მწვრთნელი: მამუკა ხაუნდაძე
გაფრთხილება: ტყეშელაშვილი (65) , ჩიკვილაძე (67), ბუხრაიძე (77), დეკანოიძე (77), ბოლქვაძე (86)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 19
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
გ. ბუხაიძე (საპოვნელა) 15
დ. ტატანაშვილი (სიონი) 14

ევროტურნირებზე ითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგა (საკვალ.) დინამო, თბ
სამტრედია

ევროპალიგა (საკვალ.) დილა
ჩიხურა

უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ
მერანი (მარტვილი)
საპოვნელა (თერჯოლა)

პლეი ოფი
29 მაისი
ზუგდიდი-კოლხეთი (ხობი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო არ წერთ ბათუმის დინამოსა და მარტვილის მერანის თამაშის შესახებ?მავანი ამბობდა ბათუმი მერანს "დაუწვებაო"და ათას სიბინძურეს ვარაუდობდნენ,ვინც თამაში ნახა დამერწმუნება იმაში რომ ბათუმმა ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა ზემოტივირებულ მერანს,მიუხედავად იმისა რომ 7 ძირითადის მოთამაშე არ ყავდა დინამოს.ქებას იმსახურებს დილას და ჩიხურას თამაშიც,მათ ბოლომდე იბრძოლეს და ყოველგვარი ეჭვი გაფანტეს "მიცემ-მოცემობასთან"დაკავშირებით.კარგი ტენდენციაა და ასეც უნდა გაგრძელდეს,ზუსტად ეს არის სპორტი და ფეალ პლეის პატივისცემა....
qobuleteli
16:11 23-05-2016
0

სიახლეები პოპულარული