უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
დღეს XXVII ჩემპიონატის ბოლო ტურის მიმოხილვა გვიწევს და ჩვეულებისამებრ, ყურადღებას გავამახვილებთ უქმეების გამორჩეულ ფაქტებსა და მოვლენებზე.

წინდაწინვე აღვნიშნავთ, რომ თურმე, საქართველოს ჩემპიონატშიც (თანაც, ბოლო ტურში) ყოფილა შესაძლებელი ისეთი მატჩების ჩატარება, რომლებშიც გუნდების უმრავლესობამ "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს უერთგულა! რა თქმა უნდა, სხვადასხვა "დოზით", მაგრამ მაინც...

სამართლიანი თამაშის ზეიმი
ბოლო ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ ძალიან ძნელად წარმოგვედგინა მოვლენების ისეთი განვითარება, როცა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლი ხუთივე გუნდი ("ლოკომოტივი", "გურია", "ზუგდიდი", "მერანი", "საპოვნელა") შეძლებდა და თავისთვის სასურველ შედეგს მიაღწევდა.

თანაც, არ დაგვავიწყდ
ეს, რომ ხუთივე ეს გუნდი სტუმრად თამაშობდა და ხუთივეს ყოვლად უმოტივაციო მეტოქეები ჰყავდა! ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენი თხოვნა-მუდარის მოსმენა მოუწევდათ ბოლო ტურის წინ იმ ყოვლად უმოტივაციო ხუთი გუნდის ("დილა", "ჩიხურა", ბათუმის "დინამო", "ცხინვალი", "კოლხეთი") ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს.

...საბოლოოდ, რა და როგორ მოხდა, ყველამ ყველაფერი იცის: ზოგ გუნდს იღბალმა აქცია ზურგი, ზოგს ფრე ეყო უმაღლესში დასარჩენად, ზოგს - მოგება, ზოგს კი წაგებითაც დარჩა უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი...

მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მაინც ის არის, რომ უმოტივაციო მასპინძელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბოლომდე დაიცვა "სამართლიანი თამაშის" პრინციპები და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სამარცხვინო სანახაობა არ მოაწყო.

მსგავსი ფაქტები კი რამდენიც გნებავთ, იმდენი ყოფილა ჩვენი ჩემპიონატების ისტორიაში, მაგრამ კარგად რომ ჩაუღრმავდეს კაცი, საინტერესო ტენდენციას აღმოაჩენს - ბოლო ტურ(ებ)ში უმოტივაციო და უცნაურსცენარიანი მატჩები მაშინ მატულობდა, როცა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა ხელოვნურად იზრდებოდა.

არადა, ერთი მხრივ, უნდა გვიხაროდეს და ვამაყობდეთ იმ "არნახული ინტრიგის" გამო, როცა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ერთდროულად ხუთ გუნდს ემუქრებოდა.

...კინაღამ დაგვავიწყდა: გავარდნის საფრთხის ქვეშ მყოფი 5 გუნდიდან სამს ("ზუგდიდი", "მერანი", "საპოვნელა") მთელი სეზონის განმავლობაში არც ერთი საგარეო მატჩი არ ჰქონდა მოგებული. მათ ეს ვერც ბოლო ტურში მოახერხეს.

სეზონს თუ ვინმე ალამაზებდა...
ბოლო ტურის მთავარ ინტრიგაზე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მომხდარიყო "დინამო არენაზე", სადაც ხანგრძლივი და მართლაც გამორჩეული კარიერა უნდა დაესრულებინა ალექსანდრე იაშვილს.

"დინამოს" 38 წლის კაპიტანი დიდ ფეხბურთს მორიგი ტიტულ(ებ)ით დაემშვიდობა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღო.

ისე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, "იაშკამ" კარიერის ბოლო მატჩიც შთამბეჭდავად ჩაატარა, კვლავაც გამორჩეული იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და კვლავაც მოხვდა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

ძალიან საწყენია, ასეთი დონის ფეხბურთელი კარიერას რომ ამთავრებს. მიმდინარე სეზონს თუ ვინმე ალამაზებდა, ეს ხომ იაშვილი იყო! ისიც ძალიან საწყენია, "იაშკას" კარიერის ბოლო მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ჩატარდა - ის ბევრად უფრო დიდი აუდიტორიისგან იმსახურებდა ტაშსა და ოვაციას...

გამორჩეული ფაქტები, მოვლენები
როგორც მოსალოდნელი იყო, ბომბარდირთა დავაში არაფერი შეცვლილა: თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაია კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებდა და სრულიად დამსახურებულად გახდა კიდეც სეზონის უპირველესი გოლეადორი.

ისევე, როგორც დამსახურებულად გახდა სეზონის მეორე ბომბარდირი ოთარ მარცვალაძე. "დილას" გამოცდილმა შემტევმა ჩემპიონატში მესამე დუბლი შეასრულა, თანაც, ისეთ მეტოქესთან ("ზუგდიდთან") მატჩში, რომელსაც ქულები ჰაერივით სჭირდებოდა.

მარცვალაძის ბომბარდირული თვისებები ახალი ამბავი როდია, მაგრამ აი, გიორგი ბუხაიძემ კი მორიგი სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა და უმაღლეს ლიგაში თავისი მეორე სეზონი მართლაც მშვენიერი შედეგით (15 გოლი) დაასრულა. ეგ იყო მხოლოდ, 24 წლის ბუხაიძის დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ "საპოვნელას" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა...

სადებიუტო მატჩები, გოლები
ბოლო ტურში რამდენიმე გუნდის მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა და ეს ფაქტი არც არავის გაჰკვირვებია.

მოედანზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა, მანამდე ნაკლები სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონდა, 19 წლის ნიკა ელიაურმა ("დილა") კი სულაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში, ხოლო შეცვლაზე შესულმა 18 წლის შალვა ფურცხვანიძემ ("ტორპედო") უმაღლეს ლიგაში სულაც სადებიუტო გოლი გაიტანა.

ბოლო წუთების დრამა
როგორც წესი, ბოლო ტურის მატჩები ერთსა და იმავე დროს იწყება ხოლმე. თუმცა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დაინტერესებული გუნდები ხანდახან "ცუღლუტობენ" და თავიანთ მატჩებს ან ერთი-ორი წუთით გვიან იწყებენ, ან კიდევ შესვენების შემდეგ "უგვიანდებათ" მოედანზე გასვლა.

ასეთი "ცდომილებები" იყო ბოლო ტურშიც, თუმცა ერთი კონკურენტი ("ზუგდიდი") მატჩის დასაწყისშივე აგებდა და თანაც, კაცნაკლული თამაშობდა. აი, დანარჩენი 4 კი თავისთვის სასურველი შედეგის მისაღწევადაც იბრძოდა და პარალელურად მიმდინარე მატჩების პერიპეტიების საქმის კურსშიც იყო...

ჰოდა, იმ ოთხივე საინტრიგო მატჩში კულმინაცია ბოლო წუთებზე დადგა. "საპოვნელამ" ორბურთიანი ჩამორჩენა გაუბათილა "ჩიხურას" და კიდევ ერთიც რომ გაეტანა, დარჩენის შანსს ინარჩუნებდა; "გურიის" ეფექტური და მრავალსვლიანი კომბინაცია გიორგი გამყრელიძის მართლაც დიდოსტატური გოლით დასრულდა, ხოლო "მერანმა" პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა.

ამ დროს კი გავარდნის კიდევ ერთი კანდიდატის ("ლოკომოტივის") კარში კინაღამ გოლი გავიდა. თუმცა "ლოკომოტივმაც" შეინარჩუნა თავისთვის სასურველი ანგარიში, "საპოვნელამაც" ვერ შეძლო მესამე გოლის გატანა.

აი, ქობულეთში კი ნამდვილი დრამა დატრიალდა: როგორი საქმეა, მატჩის მიწურულს პენალტს რომ ურტყამ და გოლის შემთხვევაში, სულ მცირე, პლეი ოფს რომ ინაღდებ. თუმცა, ბათუმის "დინამოს" 24 წლის მეკარე რომან ტაკიძემ (მხოლოდ მაისში გამოჩნდა ძირითადში, მანამდე გუნდში მესამე მეკარის სტატუსი ჰქონდა) შეძლო და ივანე ხაბელაშვილის პენალტი მოიგერია.

ტაკიძემ სხვა ეპიზოდებშიც გადაარჩინა თავისი გუნდი და ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაც სავსებით სამართლიანად დაიმსახურა. აი, ხაბელაშვილს კი მართლაც უნდა ვუთანაგრძნოთ, ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "მერანის" გავარდნა ამ 22 წლის გარემარბის გაცუდებულ პენალტს არ უნდა დაბრალდეს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ხაბელაშვილის დუბლით მოუგო "მერანმა" "ტორპედოს", მისი გოლით მარტვილელთა გუნდმა ერთი ქულა მოიპოვა "ცხინვალთან", ბოლოსწინა ტურში ზუსტად შეასრულა პენალტი "დილასთან" მატჩში, მაგრამ... ბათუმელთა მეკარეს ვეღარ აჯობა.

ამით დასრულდა კიდეც "მერანის" 5-წლიანი ისტორია უმაღლეს ლიგაში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საკვირველება მოახდინა გურიამ ახლად ჩამოყალიბებულმა გუნდმა რომელიც შუა თამშებში 4 ფეხბურთელმა მიატოვა შეუძლებელი გააკეთა
ივა
23:12 24-05-2016
0
ლევან, მტავარია ხომ მიხვდი, ამით დინამოზე შეურაცყოფა არმიმიყენებია , სწორად გაიგე რაც დავწერე თუ ღმერტი გწამს
dimitri
15:03 24-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული