ცნობილია, რომ წლეულს უმაღლეს ლიგაში პირველიდან ერთი გუნდიც ვერ დაწინაურდება, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა არც ერთი კლუბის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კომიტეტის წევრებმა უარით გაისტუმრეს ცხინვალის "ლიახვი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და ზუგდიდის "ოდიში 1919".
პირველ-მეორე ადგილზე გასულებმა, "ლიახვმა" და "ვიტ ჯორჯიამ", სპორტულ არბიტრაჟში სარჩელი შეიტანეს
რამდენად გამართლებულია გადათამაშების მატჩში უმოტივაციო გუნდის მონაწილეობა?
ამბობენ, რომ დებულება არალიცენზირებულ კლუბს გადათამაშებაში მონაწილეობას არ უკრძალავს. ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია, ეს არის დებულების ნაკლიც. თუმცა ასეთი დებულებაც შესასრულებელია, რადგან სპორტული პრინციპი არ უნდა დაირღვეს. ამაში გარკვეული ლოგიკა არის.
გადათამაშებასთან დაკავშირებული კითხვა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავას უსაფუძვლოდ მიაჩნია:
"ხობის "კოლხეთის" მონაწილეობა გადათამაშების მატჩში გამართლებულია ყველანაირად, რადგან, ჯერ ერთი, დებულება არ უნდა დაირღვეს. ამას გარდა, სპორტული პრინციპიც იქნება დაცული. რაც მთავარია, გუნდს მოტივაცია თუ არ გააჩნია, ეს არ ნიშნავს, რომ დებულებით გათვალისწინებული თამაში აღარ უნდა გაიმართოს.
გაიხსენეთ, უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში რაც მოხდა - უმოტივაციო გუნდებმა მოტივირებულებს დიდი ბრძოლები გაუმართეს. ამ ლოგიკით, ეს მატჩებიც არ უნდა ჩაგვეტარებინა.
"ზუგდიდთან" ხობის "კოლხეთის" მწვრთნელებსაც ექნებათ მოტივაცია და ფეხბურთელებსაც, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი უმაღლეს ლიგაში მუშაობასა და თამაშს იმსახურებენ", - ამბობს ჯღარკავა.
29 მაისს გავიგებთ, მოახერხებს თუ არა "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. თუ ლევან მიქაძის გაწვრთნილებმა ეს მატჩი წააგეს, პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, უმაღლეს ლიგაში კი 13 გუნდი დარჩება.
31 მაისისთვის, "ლიახვსა" და "ვიტ ჯორჯიასთან" დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაც გახდება ცნობილი და ისიც, თუ რამდენი გუნდი ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. ჯღარკავას თქმით, ფეხბურთის ფედერაცია ახალი, გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატს ამის შემდეგ დაამტკიცებს. მაგალითად, დასაზუსტებელია, როგორ გამოვლინდება გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული.
ზოგადად ცნობილია, რომ ქვეყნის ჩემპიონი ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულ გუნდებს შორის გამოვლინდებოდა, ისევე, როგორც 2016/17 წლების სეზონის ევროსაგზურების მფლობელები. ახალი ჩემპიონატის რეგლამენტის დამტკიცებამდე, ამის ორი ვარიანტი მუშავდებოდა. დაკონკრეტებას ჯერჯერობით ერიდებიან. სავარაუდოდ, გამარჯვებული "ოქროს" მატჩით ან ორმატჩიანი დაპირისპირებებით გამოვლინდება.
თუ ორი მატჩი იქნება, ასეთ შემთხვევაში, გუნდები საკუთარ და მეტოქის მოედნებზე ითამაშებენ. ანალოგიური სქემით გაირკვევა ევროპაში გამსვლელი სხვა საგზურების მფლობელთა ვინაობაც.
მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ვარაუდია. ზუსტი პასუხი 31 მაისს გვეცოდინება, როცა გარდამავალი ჩემპიონატის დებულება დამტკიცდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შენ გინდა რომ ხობმა დიდად არ გაიბრძოლოს და დათმოს კიდეც?და ასეთი გზით ლიგაში დარჩენილი ზუგდიდი რაიმეს სახეიროს იზამს?ის რომ ან ზუგდიდი ან საპოვნელა ან მერანი გავარდა, ეს ამ კლუბების ბრალია პირველ რიგში და არა ვინმე სხვასი და უნდა ეცადნენ ამოვიდნენ ისევ უმაღლესში.მათ ამის შანსი ექნებათ.
ის რომ კლუბების ოდენობა კლებულობს ეს ფედერაციის უტვინობის ბრალია, მაგრამ რა ვქნათ,ჩვენ მაგდენი ძალა-უფლება არა გვაქვს.
ფეარ პლეი არაა მოდაში?