"ტორპედოს" პრეზიდენტი: ჟორდანიას მეგობრები ქუთაისის მერს უკვე ელაპარაკნენ...

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიამ ცოტა ხნის წინ უარყო ინფორმაცია, თითქოს ქუთაისის "ტორპედოს" პატრონობა სურდა. როგორც მაშინ გავიგეთ, თბილისის "დინამოს", სფფ-ისა და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლები "ტორპედო"-"საპოვნელას" მატჩს ესწრებოდნენ, რის შემდეგაც ქუთაისის მერ შოთა მურღულიასთან ერთად "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა მოინახულეს.

ეს ამბავი თავად ჟორდანიამ ოფიციალური განცხადებით უარყო, მაგრამ ამ განცხადებაში ერთ მნიშვნელოვან დეტალს არ მიაქციეს ყურადღება. რატომღაც, ყველამ ჩათვალა, რომ კლუბის პატრონობა თავად ჟორდანიას სურდა. არადა, ის გარკვევით ამბობს:

"ქუთაისის "ტორპედოში" შექმნილი მძიმე ვითარების გამო კლუბის მესვეურებთან საქმიანი საუბრები მქონდა და მზად
ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო", - ეწერა განცხადებაში.

ანუ მოლაპარაკება ჟორდანიას კი არა, მის მეგობრებს ჰქონდათ. პარალელურად, ამტკიცებდნენ, რომ ჟორდანია არაფერ შუაშია, ქუთაისის "ტორპედოში" მისვლით ცნობილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას სამეგობრო დაინტერესდაო.

ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ საფეხბურთო კლუბ "თბილისის" ყოფილი მეპატრონე ფეხბურთში ბრუნდება თუ მხოლოდ მასთან კავშირზეა ხაზგასმა?

გარდა ამისა, ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამ ყველაფრის დასაზუსტებლად ქუთაისური კლუბის პრეზიდენტ თემურ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით. მან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები გაგვანდო...

Sportall.Ge- დავიწყოთ მწვრთნელის თემით. "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შტელინმა თქვა, რომ გუნდიდან წავიდა. დიდი ალბათობით, მისი შემცვლელი შეგულებული გეყოლებათ...
- დიახ, შტელინი ნამდვილად წავიდა. თუ ვინ შეცვლის მას, პასუხი რამდენიმე დღეში მეცოდინება. ახალი მწვრთნელის ვინაობას კი არ ვმალავ, უბრალოდ, ვერაფერს ვამბობ. მანამდე რაღაც საკითხებია გასარკვევი, კონკრეტულად - კლუბის დაფინანსების საკითხი. უახლოეს პერიოდში უნდა ვიცოდეთ, რა შემადგენლობასა და რომელ სამწვრთნელო შტაბს დავეყრდნობით, როდის შევუდგებით მზადებას და ასე შემდეგ.

თუ სპონსორი არ გამოგვიჩნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდება. გარდამავალ ჩემპიონატში ერთიანი ფონდი 600 ათასი ლარით გვაფინანსებს. კი ამბობენ, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იქნებაო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.

- თანაბარ პირობებში რატომ არ ხართ?
- იმას ვგულისხმობ, რომ კერძო კლუბის სტატუსი მართლაც უკეთესია. ამიერიდან, კერძო კლუბები სახელმწიფო დაფინანსებას თავის სახსრებსაც დაუმატებენ და ბევრად მეტი ბიუჯეტი ექნებათ, ვიდრე სახელმწიფო კლუბებს. ამაზე მერს უკვე ველაპარაკე. "ტორპედოს" აქციათა 100 პროცენტი მერიისაა და...

- ანუ ელაპარაკეთ იმაზე, რომ ეს აქციები გაყიდოს?
- ნამდვილად სასურველი იქნება, თორემ არსებულ ვითარებაში ჩვენ არათუ საჭირო ფეხბურთელების აყვანის საშუალება არ გვექნება, დღევანდელ შემადგენლობასაც ვერ შევინარჩუნებთ და გარდამავალ ჩემპიონატში რისი იმედი უნდა გვქონდეს? მე არ მინდა, თავიდანვე განწირულ საქმეზე პასუხისმგებლობა ავიღო და აქამდე მოტანილი სახელი ქუთაისელების სალანძღავი გავხადო...

მოკლედ, გამოსავალია მინიმუმ სპონსორის მოყვანა, მაქსიმუმ - კლუბის კერძო საკუთრებაში გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, მე აღარ ვიქნები კლუბში, შტელინი თუ სხვა ვინმე, მნიშვნელობა არ აქვს. სკამს არ ვებღაუჭები, "ტორპედო" ყველა ქუთაისელისთვის ძვირფასია და მთავარია, მას ეშველოს რამე.

- მართალია, თითქოს მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოში" მოსვლა გამოირიცხა?
- რომ იცოდეთ, ასეც არ არის.

- ანუ?!
- ეს ჯერ კიდევ გასარკვევია...

- ცოტა ხნის წინ თქვენ "ლელოს" უთხარით, ჟორდანია კლუბით გიორგი დარასელიას მწვრთნელობის პერიოდში დაინტერესდაო...
- ეტყობა, ეს ინტერესი დღემდე ძალაშია. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ლაპარაკია არა თავად ჟორდანიაზე, არამედ მისი სამეგობრო წრის მოსვლაზე.

- კარგია, "ტორპედოს" თუ კერძო მეპატრონე ეყოლება. თუ შეგიძლიათ, დაგვიზუსტოთ, ვინ არიან ჟორდანიას მეგობრები?
- მე პირადად, ისინი არ მინახავს, მაგრამ ქალაქის მერს შეხვდნენ და ილაპარაკეს.

- მეორე ვერსიის თანახმად, "ტორპედოს" ცნობილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას სამეგობრო ყიდულობს...
- შესაძლოა, ეს ჯგუფი ჟორდანიასთანაცაა დაახლოებული და უგულავასთანაც.

- ამ ჯგუფს "ტორპედოს" გამოსყიდვა სურს თუ მხოლოდ სპონსორობა?
- ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ვიმეორებ, კლუბის კერძო მესაკუთრის ხელში გადასვლა "ტორპედოს" მომავალს წაადგება.

- შესაძლო სპონსორი თუ მეპატრონე კლუბში რა თანხის დაბანდებას აპირებს?
- წელიწადში მილიონი-მილიონნახევარი ლარის. ამას დაუმატეთ ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდიდან დასარიცხი 600 ათასი, სპონსორის მოზიდვაზე გათვალისწინებული 500 ათასი და ქულებზე დასარიცხი დამატებითი ბონუსები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, "ტორპედოს" წლიურმა ბიუჯეტმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბოს. ეს კი ჩვენს პირობებში ძალიან კარგი გუნდის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნახეს 500000 მუქთა ფული კერძო კლუბებს გვერდს უვლის და აწრიალდნენ რავა სიმონ კერძო კლუბს არ შეუძლია სპონსორი იპოვოს?! ეეხ არ დამთავრდება ამ ქვეყანაში მშიერი ტურების მუქთად კვება............
temuria
16:11 27-05-2016
0
კერძო კლუბი რომ ა იქნება არ ნიშნავს რომ დამატებით მისცემს 500 000 სფფ, ანუ სახელმწიფოს ბალანსზეც რომ იყოს იქაც სეაძლებელია,თუ მოიზიდავ სპონსორს დამატებით ფედერაცია გაძლევს ფულს, მაქსიმუმ 500 000 , თუ სპონსორი მოიზიდე 100 000 მაშინ მოგცემს 100 000 , ანუ აქ კერძო და სახელმწიფო კლუბი არაფერ შუაშია,შენი ლოგიკით 500 000 -ის გულისათვის დახარჯავენ 1 500 000 ? :)
თემურია-ს
17:50 27-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული