ეს ამბავი თავად ჟორდანიამ ოფიციალური განცხადებით უარყო, მაგრამ ამ განცხადებაში ერთ მნიშვნელოვან დეტალს არ მიაქციეს ყურადღება. რატომღაც, ყველამ ჩათვალა, რომ კლუბის პატრონობა თავად ჟორდანიას სურდა. არადა, ის გარკვევით ამბობს:
"ქუთაისის "ტორპედოში" შექმნილი მძიმე ვითარების გამო კლუბის მესვეურებთან საქმიანი საუბრები მქონდა და მზად
ანუ მოლაპარაკება ჟორდანიას კი არა, მის მეგობრებს ჰქონდათ. პარალელურად, ამტკიცებდნენ, რომ ჟორდანია არაფერ შუაშია, ქუთაისის "ტორპედოში" მისვლით ცნობილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას სამეგობრო დაინტერესდაო.
ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ საფეხბურთო კლუბ "თბილისის" ყოფილი მეპატრონე ფეხბურთში ბრუნდება თუ მხოლოდ მასთან კავშირზეა ხაზგასმა?
გარდა ამისა, ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამ ყველაფრის დასაზუსტებლად ქუთაისური კლუბის პრეზიდენტ თემურ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით. მან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები გაგვანდო...
- დავიწყოთ მწვრთნელის თემით. "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შტელინმა თქვა, რომ გუნდიდან წავიდა. დიდი ალბათობით, მისი შემცვლელი შეგულებული გეყოლებათ...
- დიახ, შტელინი ნამდვილად წავიდა. თუ ვინ შეცვლის მას, პასუხი რამდენიმე დღეში მეცოდინება. ახალი მწვრთნელის ვინაობას კი არ ვმალავ, უბრალოდ, ვერაფერს ვამბობ. მანამდე რაღაც საკითხებია გასარკვევი, კონკრეტულად - კლუბის დაფინანსების საკითხი. უახლოეს პერიოდში უნდა ვიცოდეთ, რა შემადგენლობასა და რომელ სამწვრთნელო შტაბს დავეყრდნობით, როდის შევუდგებით მზადებას და ასე შემდეგ.
თუ სპონსორი არ გამოგვიჩნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდება. გარდამავალ ჩემპიონატში ერთიანი ფონდი 600 ათასი ლარით გვაფინანსებს. კი ამბობენ, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იქნებაო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
- თანაბარ პირობებში რატომ არ ხართ?
- იმას ვგულისხმობ, რომ კერძო კლუბის სტატუსი მართლაც უკეთესია. ამიერიდან, კერძო კლუბები სახელმწიფო დაფინანსებას თავის სახსრებსაც დაუმატებენ და ბევრად მეტი ბიუჯეტი ექნებათ, ვიდრე სახელმწიფო კლუბებს. ამაზე მერს უკვე ველაპარაკე. "ტორპედოს" აქციათა 100 პროცენტი მერიისაა და...
- ანუ ელაპარაკეთ იმაზე, რომ ეს აქციები გაყიდოს?
- ნამდვილად სასურველი იქნება, თორემ არსებულ ვითარებაში ჩვენ არათუ საჭირო ფეხბურთელების აყვანის საშუალება არ გვექნება, დღევანდელ შემადგენლობასაც ვერ შევინარჩუნებთ და გარდამავალ ჩემპიონატში რისი იმედი უნდა გვქონდეს? მე არ მინდა, თავიდანვე განწირულ საქმეზე პასუხისმგებლობა ავიღო და აქამდე მოტანილი სახელი ქუთაისელების სალანძღავი გავხადო...
მოკლედ, გამოსავალია მინიმუმ სპონსორის მოყვანა, მაქსიმუმ - კლუბის კერძო საკუთრებაში გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, მე აღარ ვიქნები კლუბში, შტელინი თუ სხვა ვინმე, მნიშვნელობა არ აქვს. სკამს არ ვებღაუჭები, "ტორპედო" ყველა ქუთაისელისთვის ძვირფასია და მთავარია, მას ეშველოს რამე.
- მართალია, თითქოს მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოში" მოსვლა გამოირიცხა?
- რომ იცოდეთ, ასეც არ არის.
- ანუ?!
- ეს ჯერ კიდევ გასარკვევია...
- ცოტა ხნის წინ თქვენ "ლელოს" უთხარით, ჟორდანია კლუბით გიორგი დარასელიას მწვრთნელობის პერიოდში დაინტერესდაო...
- ეტყობა, ეს ინტერესი დღემდე ძალაშია. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ლაპარაკია არა თავად ჟორდანიაზე, არამედ მისი სამეგობრო წრის მოსვლაზე.
- კარგია, "ტორპედოს" თუ კერძო მეპატრონე ეყოლება. თუ შეგიძლიათ, დაგვიზუსტოთ, ვინ არიან ჟორდანიას მეგობრები?
- მე პირადად, ისინი არ მინახავს, მაგრამ ქალაქის მერს შეხვდნენ და ილაპარაკეს.
- მეორე ვერსიის თანახმად, "ტორპედოს" ცნობილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას სამეგობრო ყიდულობს...
- შესაძლოა, ეს ჯგუფი ჟორდანიასთანაცაა დაახლოებული და უგულავასთანაც.
- ამ ჯგუფს "ტორპედოს" გამოსყიდვა სურს თუ მხოლოდ სპონსორობა?
- ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ვიმეორებ, კლუბის კერძო მესაკუთრის ხელში გადასვლა "ტორპედოს" მომავალს წაადგება.
- შესაძლო სპონსორი თუ მეპატრონე კლუბში რა თანხის დაბანდებას აპირებს?
- წელიწადში მილიონი-მილიონნახევარი ლარის. ამას დაუმატეთ ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდიდან დასარიცხი 600 ათასი, სპონსორის მოზიდვაზე გათვალისწინებული 500 ათასი და ქულებზე დასარიცხი დამატებითი ბონუსები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, "ტორპედოს" წლიურმა ბიუჯეტმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბოს. ეს კი ჩვენს პირობებში ძალიან კარგი გუნდის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"