უმაღლესი ლიგა. მაისის ნომინანტები: თბილისის "დინამოს" ნიშნით

AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, "ლელო" და კომპანია "ლიდერბეთი" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

"თვის ფეხბურთელი" და "თვის მწვრთნელი" - აი, ამ ორ ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს ყოველი თვის ბოლოს გაზეთი "ლელო", ხოლო კომპანია "ლიდერბეთი" ამ გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზებით აჯილდოებს.

ეს ტრადიცია არც ახლა დაირღვა და გვინდა მაისის ნომინანტები წარმოგიდგინოთ. "ლელოსა" და "ლიდერბეთის" ერთობლივი პროექტის "ფინალი" კი წინ გველოდება: ისევე, როგორც წინა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ამჯერადაც გამოვავლენთ სეზონის ლაურეატებს.

შეგახსენებთ, რომ სულ მცირე, 13
ნომინაცია იქნება, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება, როცა საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩები მოთავებული ექნება. იმავე დღეს მოხდება მაისის ლაურეატების დაჯილდოებაც...

საუკეთესო მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ნომინანტები
1. იურაი იარაბეკი ("დინამო", თბ)
2. ალექსანდრ შტელინი ("ტორპედო")
3. სოსო ფრუიძე ("ჩიხურა")

მართლაც მარათონული აპრილის შემდეგ, მაისში გუნდებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ: წინა თვეში თუ 6 ტური გაიმართა, ამჯერად - მხოლოდ სამი. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემპიონატს ეხება, თორემ უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდს მაისში სათასო მატჩებიც (საპასუხო ნახევარფინალები და ფინალი) ჰქონდა და, აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტი, 5-5 შეხვედრა თასის ფინალისტებმა, თბილისის "დინამომ" და "სიონმა" ჩაატარეს.

როგორც მაისის თვის ცხრილიდან ჩანს, ჩემპიონატში 100-პროცენტიანი შედეგი მხოლოდ ორ გუნდს ჰქონდა: თბილისის "დინამოს" და "ტორპედოს". ქუთაისელთა გუნდმა აპრილის ბოლო რიცხვებში დაწყებული წარმატებული სერია მაისშიც გააგრძელა და უკრაინელი სპეციალისტის, ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ჩემპიონატი მართლაც მშვენიერი შედეგით, ზედიზედ 5 მოგებით დაასრულა!

ისიც აღსანიშნავია, რომ მაისში გამართული სამი მატჩიდან "ტორპედომ" ორ ისეთ შეხვედრაში გაიმარჯვა, სადაც ქულები მეტოქეებს სჭირდებოდათ; "სამართლიანი თამაშის" პრინციპების დაცვის გარდა, "ტორპედო" შესაშური შედეგიანობითაც გამოირჩა: მაისში ყველაზე მეტი, 11 გოლი გაიტანა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს 11 გოლი... თერთმეტმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა! ანუ გოლები გაჰქონდათ თავდამსხმელებსაც, ნახევარმცველებსაც, მცველებსაც, ვეტერანებსაც (შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ნერგაძე) და ახალგაზრდებსაც (ოლეგ მამასახლისი, შალვა ფურცხვანიძე).

თუმცა ამ თვის საუკეთესო მწვრთნელად მაინც სხვა გუნდის თავკაცი ვამჯობინეთ: იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით, თბილისის "დინამომ" (სათასო პაექრობების ჩათვლით) მაისში ხუთი მატჩი ჩაატარა და ხუთივე მოიგო! რაც მთავარია, სწორედ მაისში გაიმართა თასის ფინალი, სადაც "დინამომ" გამარჯვებით თავის ისტორიაში მეათე დუბლი შეასრულა.

ჩემპიონობა და თასი - აი, ასეთი წარმატებული გამოდგა სლოვაკი სპეციალისტის სადებიუტო სეზონი საქართველოში.

საუკეთესო ფეხბურთელი: ვახტანგ ჭანტურიშვილი
ნომინანტები
1. ვახტანგ ჭანტურიშვილი ("დინამო", თბ)
2. გურამ სამუშია ("ზუგდიდი")
3-4. გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ)
3-4. გიორგი ბუხაიძე ("საპოვნელა")

მაისში რამდენიმე ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი და მათ რიცხვში, უპირველეს ყოვლისა, საგოლე ალღოს მქონე ფორვარდები უნდა ვახსენოთ. თუნდაც, გიორგი ქვილითაია (სრულიად დამსახურებულად რომ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი), რომელმაც "გურიასთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი "სიონს" (ჩემპიონატის მატჩში) და "ჩიხურას" (თასის საპასუხო ნახევარფინალში) გაუტანა.

ასევე წარმატებული თვე ჰქონდათ "ჩიხურას" ფორვარდ თორნიკე მუმლაძეს (მაისში ჩატარებულ სამივე მატჩში თითო გოლი რომ გაჰქონდა), "დილას" გამოცდილ შემტევ ოთარ მარცვალაძეს, "საპოვნელას" თავდამსხმელ გიორგი ბუხაიძეს (თერჯოლელთა 5 სამაისო გოლიდან 4 სწორედ მან გაიტანა), "სამტრედიის" გამოცდილ ნახევარმცველ გიორგი დათუნაიშვილს, "ცხინვალის" გარემარბ გიორგი ივანიშვილს და , რაღა თქმა უნდა, "ზუგდიდის" შემტევ გურამ სამუშიას.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის სამუშიამ მაისში ჯერ ჰეთ-თრიკი შეასრულა (უშუალო კონკურენტ "მერანთან"), შემდეგ - დუბლი ("კოლხეთთან"), სულ ახლახან კი ხობის "კოლხეთთან" პლეი ოფშიც გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი და "ზუგდიდს" უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დაეხმარა.

...მოკლედ, საქმე მართლაც ასარჩევად გვქონდა და ეს არჩევანი თბილისის "დინამოს" 22 წლის ნახევარმცველ ვახტანგ ჭანტურიშვილზე შევაჩერეთ. მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში: ოთხკაციან ნახევარდაცვაში ორივე ფლანგზე, სამცველიანი ტაქტიკის დროს მთელი ფლანგის გაკონტროლებაც შეუძლია, რამდენჯერმე ცენტრალურ ნახევარმცველადაც მოგვევლინა და ასე შემდეგ.

შეტევის მოყვარულ ამ საზრიან შუახაზელს ეფექტური და გადამწყვეტი გოლების გატანაც ეხერხება და ამის დასტურად თასის ფინალიც გამოდგება: თბილისის "დინამოსა" და "სიონის" მატჩი ისეთი სცენარით წარიმართა, ყველაფერი ერთ გოლს უნდა გადაეწყვიტა.

ასეც მოხდა და ის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი, ზუსტი და ეფექტური დარტყმით ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა, რომელიც სამართლიანად დაასახელეს ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად. ისე, როგორც აბსოლუტურად სამართლიანად იმსახურებდა (თანაგუნდელ ჯაბა ჯიღაურთან ერთად) საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას და აკი ჰქონდა კიდეც დებიუტი სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში.

მაისის ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ტორპედო 3 0 0 0 11-2 9
2. დინამო (თბ) 3 3 0 0 6-3 9
3. ჩიხურა 3 2 1 0 6-3 7
4. დინამო (ბთ) 3 2 1 0 3-1 7
5. სამტრედია 3 2 0 1 6-2 6
6. დილა 3 2 0 1 7-4 6
7. ზუგდიდი 3 2 0 1 5-4 6
8. ცხინვალი 3 1 1 1 7-3 4
9. სიონი 3 1 1 1 4-4 4
10. მერანი 3 1 1 1 3-3 4
11. გურია 3 1 1 1 3-5 4
12. საპოვნელა 3 1 0 2 5-8 3
13. ლოკომოტივი 3 0 1 2 2-4 1
14. კოლხეთი 3 0 0 3 1-6 0
15. საბურთალო 3 0 0 3 2-9 0
16. შუქურა 3 0 0 3 0-8 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იურაი იარაბეკთან ინტერვიუს როდის გამოაქვეყნებთ?
ზვიად ლაზარიდი
13:58 31-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული