საქართველოს ჩემპიონატი. II ლიგა: უცნაური რეკორდები

AutoSharing Option
ფოტოზე: ვანის "სულორი"
საქართველოში საფეხბურთო სეზონი თითქმის დასრულდა. მეორე ლიგის სამიდან ორ ზონაში გამარჯვებული გამოვლენილია: ვანის "სულორი" და "გარდაბანი" ახალი სეზონიდან პირველ ლიგაში იასპარეზებენ. გასარკვევია მხოლოდ გამარჯვებულის ვინაობა ცენტრალურ ზონაში, სადაც პირველი ადგილისთვის თბილისური გუნდები - "მარკ სტარი" და "რეალ ვარკეთილი" იბრძვიან...

წაუგებელი "სულორი" და... თოდუა
მეორე ლიგის დასავლეთ ზონაში ფავორიტის სტატუსი ვანის "სულორს" ჰქონდა. ამ გუნდს წინა სეზონშიც სულ ცოტა დააკლდა პირველ ლიგაში დასაბრუნებლად. ამჯერად კი ყველაფერი ისე დასრულდა, ვანელ გულშემატკივრებს რომ სურდათ - ბაღდათის "საირმის" და ზესტაფონის "მარგვეთის" კონკურენციის
მიუხედავად, "სულორმა" დამაჯერებლად ჩაატარა გათამაშება და სეზონი სულაც წაუგებლად დაასრულა!

გულშემატკივარი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: ერთ-ერთ კონკურენტ "საირმესთან" მატჩს 2500 კაცი ესწრებოდა!

ორწლიანი პაუზის მერე პირველ ლიგაში "სულორის" დაბრუნება გარკვეულწილად ლოგიკურიც იყო, თუ ამ გუნდის შემადგენლობას გაეცნობით - 34 წლის ზურაბ ძამსაშვილი, 32 წლის გაგა ჩხეტიანი, 31 წლის დემურ სამსეიშვილი, 31 წლის გიორგი მელქაძე, 30 წლის ლევან ბაკურაძე, 28 წლის ნიკა კვასხვაძე, 25 წლის გიგა ამბროლაძე, 24 წლის აკაკი დვალიშვილი - ყველა ამ ფეხბურთელს ხომ არაერთი სეზონი აქვს გატარებული უმაღლეს ლიგაში...

აღარაფერს ვამბობთ "სულორის" ყველაზე ცნობად სახეზე: 40 წლის სევასტი თოდუას თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია და ტიტულიც მრავლად მოუპოვებია, 2000-01 წლებში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი კი 38 წლის გიგა ნიკოლეიშვილი გახლავთ, თავის დროზე "სულორში" რომ თამაშობდა.

დასავლეთი ზონა
საბოლოო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სულორი 26 23 3 0 77-13 69
2. მარგვეთი 26 22 0 4 80-23 66
3. საირმე 26 20 4 2 69-15 64
4. ხიხანი 26 16 3 7 71-28 51
5. ეგრისი 26 14 4 8 55-34 46
6. ბახმარო 26 13 4 9 48-38 43
7. მერცხალი 2 26 9 3 14 46-59 30
8. რაჭა 26 9 2 15 50-58 29
9. კოლხეთი 2 26 8 3 15 30-61 27
10. ზანა 26 8 2 16 28-64 26
11. სამგურალი 2 26 7 4 15 44-50 25
12. მეშახტე 2 26 7 1 18 33-61 22
13. იმერეთი 2 26 4 3 19 24-78 15
14. სამეგრელო 2 26 4 0 22 30-103 12.

გარდაბნის აღზევება
მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის ახლახან დასრულებული გათამაშება, შესაძლოა, "გინესის რეკორდების წიგნშიც" მოხვდეს! უფრო ზუსტად - ამ ჩემპიონატში დაფიქსირებული უცნაური და "ნორმაზე მეტად" უხვგოლიანი მატჩების გამო!

აბა, სხვა რა შეფასება უნდა მოეძებნოს იმ მართლაც უცნაურშედეგიანი მატჩების სიმრავლეს და ხანდახან უკვე ის გვიკვირდა, ტურში მხოლოდ ერთ შეხვედრაში რომ გადიოდა... 10 (ათი!) ან მეტი გოლი...

გადახედეთ აღმოსავლეთ ზონის საბოლოო ცხრილს: რამდენი გოლი გაიტანეს მეტოქეთა კარში ზედა სამეულის გუნდებმა ან რამდენი გოლი გაუშვეს ბოლო სამ ადგილზე მყოფმა გუნდებმა.

კი ბატონო, ნუ გამოვრიცხავთ ისეთ სიტუაციასაც, რომ გარკვეული გუნდების ფინანსური თუ ადამიანური რესურსი მკვეთრად განსხვავებული იყო და შესაძლოა, ამის გამოც აგებდნენ "შავნაბადა", "ამირანი" თუ "აფხაზეთი" აი, ასეთი ანგარიშებით - 0:10, 1:10, 0:11, 1:11, 0:12, 1:13, 1:14 და ასე შემდეგ (8 და 9-ბურთიანი სხვაობით წაგებული მატჩები აქ რა მოსატანია)...

თუმცა სარეკორდო მარცხი სხვა იყო და ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ზედა სამეულის უმძაფრეს კონკურენციაზეც ვთქვათ, ფაქტობრივად, პირველიდან ბოლო ტურამდე რომ მიმდინარეობდა.

"ცხუმი" წინა სეზონშიც ძალიან ახლოს იყო პირველ ლიგაში გადასვლასთან, მაგრამ სამგუნდიან პლეი ოფში ცხინვალის "ლიახვსა" და ხონის "იმერეთს" ვერ აჯობა. ამჯერად კი, ირაკლი ვასაძის დამოძღვრილი გუნდი ბოლოსწინა ტურში, "მცხეთასთან" წაგების გამო დარჩა პირველი ლიგის საგზურის გარეშე. არადა, ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ბოლო სამ წუთში ორი გოლი გაუშვა.

სხვათა შორის, ეს იყო "ცხუმის" პირველი და ერთადერთი წაგება ამ სეზონში, ისე, როგორც ერთი წაგება ჰქონდა ამ სეზონის დაწყების წინ აღდგენილ "მცხეთას" (უშუალო კონკურენტ "გარდაბანთან"). თუმცა, სწორედ "მცხეთა" უნდა მივიჩნიოთ ზემოთ ნახსენები "გინესის რეკორდების წიგნში" მოხვედრის უმთავრეს კანდიდატად: ამ გუნდმა მეტოქეთა კარში 163(!!!) გოლი გაიტანა, ანუ, საშუალოდ, თითო მატჩში 8,5 გოლი გაჰქონდა!

10, 11, 12, 13, - ამდენი გოლის გატანა "მცხეთისთვის" პრობლემას არ წარმოადგენდა, სეზონის აბსოლუტური რეკორდი კი (ალბათ, ევროპის მასშტაბით) 3 ნოემბერს, "შავნაბადასთან" საშინაო მატჩში დამყარდა, როცა "მცხეთამ" მეტოქეს 15:0 მოუგო!

ამ მატჩში სხვა ღირსშესანიშნავი ფაქტიც მოხდა: "მცხეთის" გამოცდილმა ფორვარდმა ლევან ჯიქიძემ მეტოქის კარში... 8 (რვა!) გოლი გაიტანა! ისე, ბოლო სამ ტურში "მცხეთის" შესაშურმა შედეგიანობამაც იკლო და გუნდი ამჯერად უკვე საფეხბურთო ანგარიშებით ამთავრებდა მატჩებს (1:1, 2:1), ჯიქიძე კი 39 გოლით აღმოსავლეთის ზონის ბომბარდირი გახდა.

თუმცა ეს უცნაურად სუპერშედეგიანი ასპარეზობა საკმარისი არ გამოდგა პირველობისათვის: ძალიან ბევრის აზრით, "გარდაბანმა" სრულიად დამსახურებულად მოიპოვა პირველი ლიგის საგზური. თანაც, იმის მიუხედავად, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, მთელი სეზონის განმავლობაში "მხოლოდ" ორ მატჩში მოახერხა მეტოქის კარში 10 ან მეტი გოლის გატანა...

"გარდაბანში" გამოცდილი ფეხბურთელებიც გამოდიოდნენ და ახალგაზრდებიც. ასევე ახალგაზრდაა ამ წარმატების შემოქმედი, გუნდის მთავარი მწვრთნელი, 33 წლის დავით ქოქიაშვილი, რომელიც რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, მერე კი სხვადასხვა დროს "ვიტ ჯორჯიაში", თბილისის "დინამოში", მოსკოვის "სპარტაკსა" და ბერძნულ კლუბებში გამოდიოდა.

პირველ ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული "გარდაბანი" საშინაო მატჩებს რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე ატარებდა და გულშემატკივრის ნაკლებობასაც არ უჩიოდა, რომელთა შორისაც ერთი განსაკუთრებული ქომაგიც გახლდათ: 90-იანი წლების ქართული ფეხბურთის მართლაც გამორჩეული წარმომადგენელი, დღესდღეობით კი გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული...

აღმოსავლეთი ზონა
საბოლოო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გარდაბანი 26 23 1 2 133-25 70
2. მცხეთა 26 22 3 1 163-19 69
3. ცხუმი 26 22 3 1 108-23 69
4. რუსთავი 2 26 17 4 5 70-28 55
5. ვიტ ჯორჯია 2 26 14 3 9 72-37 45
6. გარეჯი 26 14 2 10 64-52 44
7. ნ. დინამო 26 12 4 10 59-63 40
8. კოლხი 26 9 2 15 43-79 29
9. სართი 26 8 1 17 51-93 25
10. ქოჯაელი 26 6 3 17 42-88 21
11. დინამო (სხ) 26 4 5 17 32-80 17
12. აფხაზეთი 26 4 5 17 35-119 17
13. ამირანი 26 5 1 20 36-110 16
14. შავნაბადა 26 3 1 22 36-120 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Didi bodishi magram am sezonis rekordi rela varketils ekutvnis 18-0 mogeba faravantan da ianeba ufro kagrad gaashuqot meore liga karginiqneba ))
Jonso
17:41 01-06-2016
0

სიახლეები პოპულარული