გიორგი გველესიანი: მიზეზს საკუთარ თავში ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და 25 წლის ცენტრალური მცველის, გიორგი გველესიანის გზები გაიყარა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, საქართველოს 16-გზის ჩემპიონმა კი თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

გველესიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთობ ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც "დინამოს" ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადაუხადა. მან დიდი ფეხბურთის კარი სწორედ "დინამოში" შეაღო და ამ გუნდიდან მოხვდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ბოლო წლებში "დინამო" მისი სტაჟიანი წევრის გარეშე რთული წარმოსადგენი იყო.

გუშინ "ლელო" გიორგი გველესიანს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- ათ წელიწადზე მეტი იყავით "დინამოს" ნაწილი. ფაქტია, გუნდთან ემოციური
დამშვიდობება გამოგივიდათ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამომეწურა. კლუბმა საჭიროდ აღარ ჩათვალა ჩემთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება. მიზეზად ჩემ მიმართ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის ანტიპათია დასახელდა. სულ ესაა, რაც ამ თემაზე შემიძლია გითხრათ...

- თქვენი სტატუსიდანაც ჩანს, რომ "დინამოს" მიმართ მადლიერი ხართ. მაინც, რა მოგცათ კლუბმა? შევადაროთ, როგორი იყო გიორგი გველესიანი 10 წლის წინ და როგორია ახლა...
- ჩემს სტატუსშიც დავწერე და თქვენც იმავეს გეტყვით - "დინამო" არის ჩემთვის გუნდზე მეტი. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, გულიდან წამოსული სიტყვებია. მე აქ ვისწავლე საქმის, საკუთარი გუნდის, სამშობლოს სიყვარული...

10 წელიწადი გავატარე "დინამოში". მთელი ჩემი კარიერა ამ გუნდთან არის დაკავშირებული. გადიოდა წლები, იცვლებოდნენ მწვრთნელები... ჩემი ნიჭით თუ შრომისმოყვარეობით ყველა მათგანისთვის ვახერხებდი იმის დამტკიცებას, რომ "დინამოში" თამაშის ღირსი ვიყავი.

ახლა მოხდა ის, რაც მოხდა...

არადა, პარადოქსია - იმ დროის განმავლობაში, რაც "დინამოში" ვიყავი, საუკეთესო ფორმაში სწორედ ახლა ვარ. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს თავისი აზრი აქვს. უბრალოდ, ვერ ვიხსენებ, იარაბეკს შემადგენლობაში დავეყენებინე და მისი იმედები ვერ გამემართლებინოს...

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრი რომ იყოს, სრული საფუძველი გვექნებოდა გვევარაუდა, რომ საკუთარი თავის მიმართ ვარ სუბიექტური, მაგრამ ამას ყველა აღნიშნავდა და, რაც მთავარია, ამას ამბობდა თავად იარაბეკიც.

- ხომ არ ესაუბრეთ "დინამოს" მთავარ მწვრთნელს?
- ერთი თვის წინ ვესაუბრე და ის ჩემდამი დადებითად იყო განწყობილი. არ ვიცი, რა შეიცვალა მას შემდეგ. მიზეზს საკუთარ თავში ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. ვერავინ გაიხსენებს, რომ როდისმე ვარჯიშს ზერელედ მოვეკიდე, ან ვარჯიშზე დავაგვიანე, ან დისციპლინა დავარღვიე...

იყო ხოლმე შემთხვევები, რომ იარაბეკი არ მაყენებდა ძირითად შემადგენლობაში. მე ამას აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვიღებდი და მერე გაორმაგებული მოტივაციით ვვარჯიშობდი იმისთვის, რათა დამემტკიცებინა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსი ვიყავი... მოხდა ის, რაც მოხდა. არანაირი ბოღმა!

ძალიან გთხოვთ, ეს პირდაპირ დაწერეთ. ჩემთვის "დინამო" არის განსაკუთრებული გუნდი და ყოველთვის ასეთად დარჩება. მე მან საშუალება მომცა, შევმდგარიყავი, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. მინდა, კლუბის ყველა თანამშრომელს, რომან ფიფიადან დაწყებული, მადლობა გადავუხადო. ვრჩები "დინამოს" ერთგულ გულშემატკივრად და უზომოდ მინდა, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს როგორც საქართველოში, ისე - ევროპაში.

- ალბათ, ძალიან გსურდათ "დინამოს" შემადგენლობაში ევროტურნირებზე თამაში...
- თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში სამჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი და ოთხჯერ მოვიგე ქვეყნის თასი. ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ "დინამოსთან" ერთად მეთამაშა ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე...

ახლა რეალობა ასეთია - "დინამო" ევროტურნირებზე ჩემ გარეშე იასპარეზებს და მინდა, კიდევ ერთხელ, გუნდს, როგორც ერთმა რიგითმა ქომაგმა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება. დიდი იმედი მაქვს, გუნდი შეძლებს გულშემატკივრების გახარებას.

- თქვენს ახალ გუნდზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევი უნდა იყოს, მაგრამ მაინც...
- სიმართლე გითხრათ, აქამდე ვერც კი წარმომედგინა, რომ საქართველოში, "დინამოს" გარდა, რომელიმე სხვა გუნდში ვითამაშებდი. სულ მქონდა და მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ თუ წავალ საქართველოდან, ვითამაშებ, სულ მცირე, საშუალოევროპული დონის გუნდში. როგორც კი რამე გაირკვევა, ყველა გაიგებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუადუა რომელია აბა საქართველოში დინამოს გარდა ძლიერი გუნდი? სასაცილოა ნეტა თუ არსებობს მასეთი რამე ქართულ რეალობაში? :D :D ერთი დინამოა და მოსდევს გორის დილა იმით რომ ბოლო წლებია სტაბილურად თამაშობს და პირველ სამეულში ხშირად ხვდება
Akaki
19:54 02-06-2016
0
გიო კაცი ხარ!
dinamo
17:44 02-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული