ჩემპიონატი განახლდა - თოვლით, სიურპრიზით, ინტრიგით, დებიუტანტებით

AutoSharing Option
უამინდობის გამო "იმერული დერბი" გადაიდო, თუმცა დანარჩენმა ოთხმა შეხვედრამ მეტ-ნაკლებად საინტერესოდაც ჩაიარა და, რაც მთავარია, სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდაშარშანაც ასე იყო: მეორე ეტაპი თებერვლის პირველ რიცხვებში უნდა განახლებულიყო, მაგრამ მთელ საქართველოში ისეთი თოვლი მოვიდა, თითქმის ორი კვირა უფეხბურთოდ ვიყავით დარჩენილი. ახლაც, მეტისმეტად "მშრალი" დეკემბრისა და იანვრის მერე, თოვლის მოსვლა მაინცდამაინც ეროვნული ჩემპიონატის განახლებას დაემთხვა. თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ ერთი შეხვედრა გადაიდო, - არადა, "ზესტაფონი"-"ტორპედოს" დაპირისპირება "ტურის მშვენება" უნდა ყოფილიყო.

სამწუხაროდ, უამინდობის გამო "იმერული დერბი" გადაიდო, თუმცა დანარჩენმა ოთხმა
შეხვედრამ მეტ-ნაკლებად საინტერესოდაც ჩაიარა და, რაც მთავარია, სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს და ცხრილის ქვედა ნაწილშიც სიტუაცია ერთობ დაიძაბა. აღარაფერს ვამბობთ ტურის მთავარ სენსაციაზე, უამრავ დებიუტანტსა თუ ახალწვეულზე, - მოკლედ, მეორე ეტაპი მართლაც საინტერესოდ დაიწყო და ჩვენც შევეცდებით, XIX ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბროთ.


სასურველი მეტოქე
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ორი წლის გამარჯვებულები "ოლიმპი" და "ვიტ ჯორჯია" ამ სეზონში უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და რუსთაველებმა ოთხივე დაპირისპირება მოიგეს! ოღონდ, წინა სამი დაპირისპირებიდან (ორი-ჩემპიონატზე, ერთიც-თასზე) განსხვავებით "ოლიმპს" ამჯერად ძალიან გაუჭირდა მოგება; ყოველ შემთხვევაში, "ვეტერინარები" სულ მცირე, ფრეს მაინც იმსახურებდნენ, მაგრამ მასპინძელთა საშემსრულებლო ოსტატობამ ამ თამაშის საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ისე, ამ მეტოქეთა ოთხივე დაპირისპირებებს შორის ბევრი საერთოც იყო: "ოლიმპისა" და "ვიტ ჯორჯიას" უკანასკნელ სამ მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია ირაკლი მოდებაძეს, ვინც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში "ზესტაფონის" ფორვარდებს ნიკოლოზ გელაშვილსა და რატი წინამძღვრიშვილს დაეწია (სამივეს ათ-ათი გოლი აქვთ გატანილი); ამას გარდა, ისე როგორც ამ გუნდების მეორე წრის შეხვედრაში, ახლაც ვიხილეთ კურიოზული გოლი: დავით ბოლქვაძემ მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა და "ვიტ ჯორჯიას" მეკარეს არდალიონ მიქაბერიძეს (კარიდან გამოსულს თანაგუნდელიც ხელს უშლიდა და მოწინააღმდეგის ფეხბურთელიც) ბურთი საკუთარ კარგი აეჭრა!

შეგახსენებთ, რომ მეორე წრის შეხვედრაში "ვეტერინართა" კარში "დუბლი" ირაკლი მოდებაძემ შეასრულა, დენის დობროვოლსკიმ გოლი რიკოშეტით გაიტანა, ხოლო "ვიტ ჯორჯიას" მცველმა გურამ ადამაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. აი, რაც შეეხება დებიუტანტებს, მასპინძელთა გუნდში (თანაც, ძირითადში) ორი ახალწვეული ვიხილეთ: ვაკო ტყემალაძე ადრე "სამტრედიაში" თამაშობდა, ირაკლი მაისურაძე კი საქართველოს ჩემპიონატში ბელარუსიდან ჩამოვიდა. სიახლეებზე ვსაუბრობთ და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონი-გუნდი მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ გამოიყვანა, აი, რაც შეეხება თორნიკე მაისურაძეს, ახალგაზრდა სპეციალისტი ამიერიდან ორ თანამდებობას შეითავსებს: "ოლიმპის" მწვრთნელ-სელექციონერიც იქნება და გუნდის გენერალური დირექტორიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელს მერაბ კოჭლაშვილს ამ სეზონში "ოლიმპთან" ოთხივე პაექრობაში ოთხ სხვადასხვა კოლეგასთან მოუწია დაპირისპირებამ: თემურ მახარაძესთან (პირველ წრეში), რამაზ მუმლაძესთან (მეორე წრეში), თორნიკე მაისურაძესთან (სუპერთასზე) და არმაზ ჯელაძესთან (მესამე წრეში).


ურთიერთშეხვედრების ფაქტორი
"იმერული დერბი" კი გადაიდო, მაგრამ, საბედნიეროდ დასავლეთ საქართველოში დანიშნული ორი სხვა მატჩი მაინც ჩატარდა; თანაც, ორივე შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და შესაძლოა, ლოკალური მასშტაბით, მაგრამ "კოლხეთისა" და "ბაიას" საშინაო გამარჯვებებს გარკვეული დატვირთვა მაინც ჰქონდა. განსაკუთრებით, უშუალო კონკურენტების, "კოლხეთისა" და სამტრედიის" დაპირისპირება უნდა აღვნიშნოთ, - არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონატის რეგლამეტით თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიორიტეტი ჯერ მოგებათა მეტ რაოდენობას ენიჭება, მერე კი - ურთიერთშეხვედრებს. ამ მხრივ კი, "კოლხეთს" უკვე სერიოზული უპირატესობა აქვს თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან: სამიდან ორი დაპირისპირება მოუგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

ამის გარდა, დიდ ინტერესს იწვევდა ორივე გუნდის შემადგენლობაში ახალწვეულთა გამოჩენაც: "კოლხეთის" ძირითადში ორი ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა, პირველი ეტაპი "სამტრედიაში" რომ გაატარა (ლაშა ძაგანია, გიგა კვერენჩხილაძე); მეორე ტაიმში შეცვაზე კი ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი გავაშელიშვილი გამოჩნდა, პირველ ეტაპზე "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი რომ ჩაატარა; სიახლე იყო "კოლხეთის" რიგებში გამოცდილი ლევან მდივნიშვილის გამოჩენაც - 28 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში სხვადასხვა აზერბაიჯანული გუნდების ღირსებას იცავდა. ერთდროულად 5 ახალწვეულით წარსდგა "სამტრედიაც", ოღონდ გიორგი ცხადაია და გიგა ბურჯანაძე სხვა გუნდებიდან თუ გვახსოვდა, აი, სამმა ჭაბუკმა სულაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში: ტარიელ რუხაიამ, ირაკლი ხვადაგიანმა და ბაქარ ახობაძემ. სხვათა შორის, ამ მატჩში გამარჯვების მომტანი გოლი გიგა კვერენჩხილაძემ გაიტანა და ეს მეორე შემთხვევაა XXII ჩემპიონატში, როცა ერთი და იგივე ფეხბურთელმა ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გამოიჩინა თავი (მანამდე ეს ვახტანგ კვარაცხელიამ მოახერხა).

დებიუტანტების თემა არანაკლებ აქტუალური იყო ზუგდიდურ შეხვედრაშიც: "ბაია"-"სიონის" შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა და მასპინძლებს ესოდენ საჭირო გამარჯვება 18 წლის ირაკლი ქობალიას ზუსტმა დარტყმამ მოუტანა. შევნიშნავთ: ქობალია პირველ მატჩს ატარებდა უმაღლეს ლიგაში და, როგორც ხედავთ, მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. ისე, "სიონსაც" ჰყავდა ახალწვეულები - ბოლნისური კლუბის მაისურა პირველად მოირგეს რევაზ ჯიქიამ, ირაკლი ჩირიკაშვილმა და ნიკა კვასხვაძემ. სხვათა შორის, ამ შემთხვევაშიც ურთიერთშეხვედრების ფაქტორი უნდა ვახსენოთ: "ბაიამ" ორჯერ მოუგო "სიონს" და ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა.


სხვადასხვა პოლუსი
აი, ტურის ბოლო შეხვედრა კი მართლაც მოულოდნელი შედეგით დასრულდა: ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფმა თბილისის "დინამომ" სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსან "სპარტაკს" ვერ მოუგო! სხვათა შორის, ამ სეზონში "დინამოსა" და "სპარტაკის" დაპირისპირებები უკვე მეორედ მთავრდება ფრედ და ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მხოლოდ პირველ წრეში შეძლო მეტოქის მინიმალური ანგარიშით დამარცხება.

გასაგებია, ყველა შეხვედრას შენთვის სასურველი ანგარიშით ვერ დაასრულებ, მაგრამ ამ წყვილში რომ "დინამოს" უპირობო ფავორიტის სტატუსი ჰქონდა, ვფიქრობთ, საკამათო არავისთვის უნდა ყოფილიყო. მით უფრო, რომ განახლებული "დინამოს" ხილვა მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და ალბათ, ამიტომაც იყო, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ეროვნულ სტადიონზე 100 და 200 კაცი კი არა, ბევრად მეტი გულშემატკივარი რომ მოვიდა.

კახა კაჭარავამ გუნდის მრავალრიცხოვან ახალწვეულთაგან მხოლოდ ნახევარი ათამაშა: თორნიკე ზარქუამ და ნიკა კვესკვესკირმა ოფიციალურ მატჩებში პირველად მოირგეს "დინამოს" მაისურა, ისე როგორც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულმა დიმიტრი ტატანაშვილმა. უცხოელთაგან კი ჩვენს ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩეხმა მცველმა ირჟი ჰომოლამ, სერბმა მცველმა მარკო მაროვიჩმა და სერბმა ნახევარმცველმა სემირ ჰაჯიბულიჩმა ჩაატარეს. რა თქმა უნდა, ახალწვეულებს შესათამაშებლად გარკვეული დრო რომ დასჭირდებოდათ, ამას ყველა შეგუებული ვიყავით, მაგრამ "დინამოს" წაფორხილებას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. თანაც, მასპინძლებს ხომ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების მშვენიერი შანსიც ჰქონდათ - გამარჯვების შემთხვევაში "ზესტაფონს" უკან ჩამოიტოვებდნენ. თუმცა, მეტოქესაც არანაკლებ სჭირდებოდა ქულები და "სპარტაკი" რომ მეორე ეტაპზე უბრძოლველად არაფერს დათმობს, ამ შეხვედრამაც დაადასტურა.

ისიც საინტერესო იყო, რომ მასპინძელთა კარში გოლი ზვიად მეტრეველმა გაიტანა: გარკვეული პაუზის მერე "სპარტაკში" დაბრუნებული ცენტრფორვარდი პირველ ეტაპზე სწორედ "დინამოს" ღირსებას იცავდა. ოღონდ, ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში ვერც ერთხელ იხეირა და აი, სხვა გუნდის შემადგენლობაში პირველსავე მატჩში ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა. სადებიუტო მატჩში ასევე გოლით გამოიჩინა თავი ხაჯიბულიჩმაც, თუმცა ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ გამოდგა და ამ სეზონში "დინამომ" უკვე მერამდენედ დაკარგა "გაუთვალისწინებელი" ქულები! თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ კახა კაჭარავას გუნდს ორი მომდევნო შეხვედრა უშუალო კონკურენტებთან აქვს: "ზესტაფონთან" და "ოლიმპთან". თუმცა, იმ დროისათვის "დინამოში" თამაშის უფლება სხვა ახალწვეულებსაც (ზურაბ არზიანი, პეტარ ელიჩი) ექნება და ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ერთგული ქომაგებიც ამ ორ პრინციპულ დაპირისპირებას დიდი იმედით უცქერენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული