გიორგი ლომაია: იქ რომ შევედი, გაოცება ვერ დავმალე...

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ცოტა ხნის წინ 36 წლის გიორგი ლომაია დაიბრუნა - გამოცდილი მეკარე, ვინც ბოლო წლებში ბაქოს "ინტერში" თამაშობდა. ლომაიას ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩი ჩაუტარებია. საინტერესოა, რომ მისი კარიერა თავის დროზე სწორედ "დინამოში" დაიწყო.

იმის გარდა, რომ ლომაია გამოცდილი, საიმედო მეკარეა, "დინამოში" მისი დაბრუნება სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია. ის განსაკუთრებული პიროვნული თვისებებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა, რითიც ბევრს შესძენს ახალგაზრდა დინამოელებს...

თავის დროზე, "დინამოს" შეფობამ "ათიანში" გაარტყა, როცა ალექსანდრე იაშვილს გაუფორმა კონტრაქტი და წესით,
ასე უნდა იყოს ლომაიას შემთხვევაშიც. "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ბოლო წლებში თქვენ ბაქოს "ინტერის" ერთგვარ სიმბოლოდ ითვლებოდით. რატომ მიიღეთ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება?
- "ინტერში" მართლაც ნაყოფიერი პერიოდი გავატარე, მთელი 7 წელი ვთამაშობდი ამ გუნდში... თავის დროზე "ინტერში" კახა ცხადაძემ წამიყვანა. მისი დიდი მადლობელი ვარ. ბოლო სეზონი ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობით ვითამაშე...

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დავტოვე "ინტერი"... იცით, ალბათ, რომ ბოლო დროს ვეღარ იყო იქ ისეთი პირობები, როგორიც ადრე. კი, დავალიანებები კლუბის მხრიდან დაიფარა, მაგრამ მაინც... ამასობაში გაირკვა, რომ ჩემით თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული და მეც გადავწყვიტე, შინ დავბრულიყავი.

ქართველი ბავშვი ფეხბურთზე რომ შედის, პირველი მისი ოცნება ისაა, რომ "დინამოში" მოხვდეს. თავის დროზე ასე ვიყავი მეც და მიხარია, რომ ჩემი კარიერის პირველი კლუბი სწორედ "დინამოა".

- რა სიტუაცია დაგხვდათ "დინამოში"?
- ამდენი წელია, ბაზაზე აღარ ვყოფილვარ... გულწრფელად გეტყვით, იქ რომ შევედი, გაოცება ვერ დავმალე. ძალიან ბევრი ევროპული კლუბი ინატრებს ასეთ ბაზას და ასეთ პირობებს. პროფესიონალიზმი, საქმისადმი სწორი მიდგომა - ამას ვხედავ თანამედროვე "დინამოში" და დარწმუნებული ვარ, სწორედ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

- "დინამო" ძალიან ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ ალბათ, მაინც დაგხვდნენ ნაცნობები...
- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, აქ არიან ის ბიჭები, ვისთან ერთადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი ჩამიტარებია. მეორეც - "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც კარგად ვიცნობ. აქ არის გელა ჭანტურია. თავის დროზე, როცა ჩემი კარიერა იწყებოდა, მე და გელას ერთად გვითამაშია. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი... ახლა სხვანაირადაა - ჩემი კარიერის დასასრული მოახლოვდა. მაშინ მე უფრო გამოცდილი პარტნიორები მიზიარებდნენ გამოცდილებას, ახლა კი დადგა დრო, მე გავუზიარო სხვას ის გამოცდილება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დამიგროვდა.

- თქვენ "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელები ახსენეთ. სწორედ მათზე უნდა გკითხოთ...
- პირდაპირ გეტყვით: მე ამ ბიჭებში ძალიან დიდ ნიჭს ვხედავ. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ. დარწმუნებული ვარ, ისინი მაღალ დონეზე ითამაშებენ ფეხბურთს და დიდ სიხარულს მოუტანენ გულშემატკივრებს.

- იურაი იარაბეკზე რის თქმა შეგიძლიათ?
- ჯერ დიდი ხანი არ არის, რაც ვარჯიში დავიწყეთ. ცხადია, პირველ ეტაპზე აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზეა გაკეთებული. იარაბეკი გამოცდილი, მცოდნე მწვრთნელი ჩანს. ყველა ამბობს, რომ ძალიან კარგი ადამიანია პიროვნულადაც და ეს მეც ვიგრძენი.

- რა მოლოდინი გაქვთ ევროთასებზე "დინამოს" სტარტის წინ?
- ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშოთ. ძალიან რთული იქნება ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, მაგრამ "დინამოს" მიზანი სწორედ ესაა და მიხარია, რომ გუნდს ასეთი ამბიცია აქვს. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად - იღბლიან წილისყრაზე.

ქართველი ქომაგის დიდი ხნის ოცნებაა, რომ რომელიმე ქართული გუნდი მოხვდეს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ.

- ვიცით, "დინამო" გამოცდილი უცხოელი მეკარის დამატებას აპირებს. ალბათ, ელოდით კიდეც, რომ კონკურენციის მომენტი იქნებოდა...
- რა თქმა უნდა, იქნება კონკურენციაც. ასეა ყველა გუნდში, რომელიც სერიოზულ მიზნებს ისახავს და "დინამო" ვერ იქნება გამონაკლისი. კონკურენციისთვის მზად ვარ!

- რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?
- ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი, წინასწარ ამის თქმა ძნელია. ადრე თუ გვიან მოვა დრო და ჩემი კარიერაც დასრულდება. ვეცდები, ბოლომდე ისე ვითამაშო, რომ გულშემატკივარი კმაყოფილი დავტოვო. ახლა ნამდვილად ვგრძნობ ძალასა და ენერგიას, ვითამაშო ფეხბურთი. დიდ სიამოვნებას მანიჭებს მინდორზე გატარებული ყოველი წუთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა დროს ესაა
0

სიახლეები პოპულარული