კოღოებიც არ შეაწუხებთ და კლიმატიც იდეალურია... სად ითამაშებს ფოთის "კოლხეთი"?

AutoSharing Option
ფოტოზე: "კოლხეთის" დირექტორი თემურ ბარქაია და სპორტული მენეჯერი ლაშა ჯაკობია
ფოთის "კოლხეთი 1913" სეზონისთვის მზადებას მალე დაიწყებს. გუნდში დიდი ცვლილებებია, რაზეც მისი ხელმძღვანელობა გველაპარაკა...

მზადება მალთაყვაზე
"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი გელა სანაია მოსამზადებელი ეტაპის გეგმებს გვიმხელს.

"ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ფეხბურთელები 24 ივნისს ჩამოვლენ და მზადებას 25 ივნისის შემდეგ დავიწყებთ. ამის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა. რამდენიმე ქართველ მოთამაშესთან დავილაპარაკეთ და სიტყვიერად შევთანხმდით, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებამდე მათი გვარების დაკონკრეტებას მოვერიდები", - ამბობს სანაია.

ფოთის "კოლხეთის" დირექტორის, თემურ ბარქაიას თქმით, გუნდი მალთაყვაში მოემზადება:

"ჩვენი
დიდი ხნის სურვილია, რომ გუნდი ბაზაზე შევკრიბოთ და ისე მოვემზადოთ, როგორც გუნდს შეშვენის. საამისოდ, მალთაყვის ბაზაზე შესვლა გვსურს - იქ ფეხბურთელები ერთად იქნებიან, კოღოები არ შეაწუხებთ, კლიმატი იდეალურია... მოკლედ, ფიზიკური მომზადებისთვის საუცხოო ადგილია".

კეთილი ნების იმედად...
"კოლხეთის" დირექტორი არ მალავს, რომ ჯერ საშინაო სტადიონი არ შეურჩევიათ:

"მეორე წრეში, რაგბის კავშირისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, ფოთის "პარკი არენაზე" ვითამაშეთ და ამანაც განაპირობა, კარგი შედეგები რომ ვაჩვენეთ. მაგრამ დასრულდა სეზონი და დღემდე არ ვიცით, გარდამავალ ჩემპიონატში მეტოქეებს ფოთში ვუმასპინძლებთ თუ სტადიონის დაქირავება ისევ სხვა ქალაქში მოგვიწევს.

ეს რთული საკითხია. რაგბის კავშირს მადლობა, რომ დაგვეხმარა, მაგრამ მათი დავალიანება დაგვიგროვდა. ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძეს ველაპარაკე და საიჯარო თანხის გასტუმრებას შეგვპირდა.

თუ "პარკი არენაზე" აღარ შეგვიშვებენ, მაშინ ალტერნატიული სტადიონის მოძებნა მოგვიწევს".

ბარქაია დარწმუნებულია, რომ გუნდის შედეგები ამ საკითხის მოგვარებაზეც არის დამოკიდებული:

"სხვა ქალაქის სტადიონზე თუ ვითამაშებთ, ლიგაში ჩვენი დარჩენის შანსები შემცირდება, მაგრამ მაინც ვიბრძოლებთ. არადა, ფოთში და სხვა ქალაქში სულ სხვადასხვა გუნდი ვართ. ამიტომ მაქვს ინტერესი, რომ გარდამავალი ჩემპიონატის 6 საშინაო შეხვედრა ისევ ფოთში ჩავატაროთ. იმედია, რაგბის კავშირი კეთილ ნებას გამოიჩენს".

პოტენციური სპონსორი და პარტნიორი
"კოლხეთის" ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ კლუბში სპონსორებს მიიზიდავს:

"წლეულს სპონსორის გარეშე ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაძნელდება. ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებმა ყველა კლუბი აიძულა, კერძო სექტორთან მოლაპარაკება დაეწყო. გამონაკლისი არც "კოლხეთია". ჩვენ მოლაპარაკება ფოთის პორტთან დავიწყეთ, რომ ადრინდელივით შეკრება ან ეკიპირება მაინც დაგვიფინანსოს. ამ მიზნით პორტის ახალ მმართველს, ლარსონს მივმართეთ".

ბარქაიამ სხვა საინტერესო სიახლეც გაგვიმხილა:

"პორტის გარდა, მოლაპარაკება ერთ უცხოურ ჯგუფთანაც გვქონდა, რომელსაც კლუბი ეკუთვნის და გვითხრა, რომ ყოველ წელს 8 ფეხბურთელს დაგვითმობდა, მაგრამ საამისოდ, პირობაც წამოგვიყენა - გარდამავალ ჩემპიონატში ევროპალიგის საგზურისთვის უნდა გვებრძოლა.

ჯერ ჩვენი დაფინანსების საკითხი გაურკვეველია და ასეთ დაპირებას ვერ მივცემდი - გარდამავალ ჩემპიონატში ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შევეცდებით, ამბიციური გუნდის ჩამოსაყალიბებლად კი დრო და ფინანსებია საჭირო. მაგრამ ეს იდეა ჯერაც ცოცხალია და შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ ისევ დავუბრუნდეთ ამ თემას".

ტრანსფერები
ცნობილია, რომ კლუბი დატოვეს კოკა სეფიაშვილმა ("ჩიხურაში" გადავიდა), გიორგი ლემონჯავამ, დათა სიჭინავამ, მერაბ გიგაურმა და გურამ გურეშიძემ. ეს უკანასკნელი თავის ყოფილ კლუბს, "ვიტ ჯორჯიას" დაუბრუნდება.

"კოლხეთის" დირექტორის თქმით, ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება მალე უნდა დასრულდეს:

"ყველანი უმძიმესი სეზონის მოლოდინში ვართ და ეს ჩანაფიქრი გასაგები უნდა იყოს - მზადების დროული დაწყებისა და შემადგენლობის დაკომპლექტების გარეშე გუნდი ლიგიდან გავარდნის კანდიდატი გახდება. რამდენიმე მოთამაშე წინასწარ შევიგულეთ და ზოგიერთი უკვე დავიმატეთ.

ჩვენი სპორტული მენეჯერის, ლაშა ჯაკობიას აზრი იყო, რომ მოთამაშეები უკრაინიდან ჩამოგვეყვანა, რომელთა გუნდებსაც რუსეთთან ომის შემდეგ ფინანსურად გაუჭირდათ. ამას გარდა, ის იაფფასიანი აფრიკული ბაზრის ათვისებასაც ცდილობს".

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ჯაკობიამ ფეხბურთელი უკვე ჩამოიყვანა. "კოლხეთის" პირველი ახალწვეული 24 წლის უკრაინელი თავდამსხმელი ვიტალი ივანკო გახლავთ. 2008-13 წლებში ის დონეცკის "მეტალურგში" თამაშობდა და უკრაინის პრემიერლიგაში 47 შეხვედრა ჩაატარა. 2013/14 წლებში კი კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) კლუბ ლარნაკას აეკ-ში გადავიდა, საიდანაც 2015 წელს ბელორუსში, კერძოდ, ბობრუისკის "ბელშინაში" აღმოჩნდა. ბოლოს ივანკო უკრაინულ (ხარკოვი) "ჰელიოსში" გამოდიოდა, სადაც 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია უკრაინის 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში.

უკრაინელის შემდეგ ფოთელებმა ფრანგული "ნიცას" მეორე გუნდიდან 21 წლის კენიელი ნახევარმცველი ლუის ტერა დაიმატეს - "საბურთალოს" ნახევარმცველის, ლუჰემ ელვინ ტერას ძმა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვიტალი ივანკო და ლუის ტერა

ასევე გადაწყვეტილია, რომ გუნდში ითამაშებენ მარტვილის "მერანისა" და ხობის "კოლხეთის" ცენტრალური ნახევარმცველები - ლაშა ჯღამაია და გიგა წურწუმია.

ბარქაიამ სხვა სიახლეებიც გაგვანდო:

"ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას ვასრულებთ. გადაწყდა, რომ ვლადიმირ კორობკა დარჩება. გვსურს კენიიდან 18 წლის თავდამსხმელის ჩამოყვანა, რომელიც 190 სმ სიმაღლისაა, მაგრამ ის ჯერ ტესტირებას გაივლის.

მოლაპარაკება გვაქვს "შერიფის" მეორე მეკარესთან და მის პასუხს ველით. თუმცა, პარალელურად, უკრაინელი გოლკიპერების ვარიანტებსაც განვიხილავთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ კეთილი ნებებით და ასეთი რაღაცეებით წინ ვერ წავალთ. მოიძიე სპონსორი და იქირავე სტადიონი, თუ ვერა და წადი დაბალ ლიგაში. როდესმე უნდა შევიდეს ჩვენ ტვინებში რომ კომუნიზმში აღარ ვცხოვრობთ? თუ ახალი ლენინი ვიპოვოთ?
შაკო
15:36 22-06-2016
0
ამათ ხომ ვერაფერს ვერ გაუგებ რა უნდათ და რას წვალობენ...ითამაშეთ ჯერ დაბალ ლიგაში ააშენეთ სტადიონი ბაზა დიდი ყურადღება მიაქციეთ აკადემიას(ფოთში ნიჭიერი ბავშვები სულ იყვნენ და არიან) ამასაობაში გაძლიერდება კლუბი ფინანსებასც დაზოგავთ და მერე დიდი ფეხბურთიც დაბრუნდება ფოთში.... აბა სტადიონი არ გაქვთ კი არა ქირასაც ვერ იხდით,ფეხბურთელები არ გყავთ ვიღაც ნიგერიელი და კენიელიო(თან 2მეტრიანი:))რისი მაქნისები არიან არც იცით და 2-3 თვეში დაიწყებთ წუწუნს ვალები გვაქვს ბენზინის და საჭმლის ფული არ გვაქვს და ა.შ... მოკლედ 6თვიანი გუნდი რომ მუქთა ფული არ დაკარგონ! ისე საინტერესოა ვიტ ჯორჯიას არ მისცეს ლიცენზია და ფოთს როგორ მისცეს???????????
frunzika
15:54 22-06-2016
0

სიახლეები პოპულარული