უმაღლესი ლიგის მსგავსად, ასევე განსხვავებული ფორმატის ტურნირი იქნება პირველ ლიგაშიც: 9-9 გუნდი გადანაწილებულია ორ ("წითელი" და "თეთრი") ჯგუფში და ამ 18 გუნდიდან მომავალ სეზონში (2017 წლის გაზაფხულზე რომ უნდა დაიწყოს) ლიგა პრო 2-ში (ანუ რანგით მეორე ლიგაში) მხოლოდ 6 გუნდიღა დარჩება...
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ 18 გუნდიდან პირველ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს "წითელ" და "თეთრ"
პირველი ლიგის გათამაშების ახლებურ ფორმატზე ამ ტურნირის დაწყების წინ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. მანამდე კი ის უნდა ვთქვათ, რომ ახალი სეზონი პირველ ლიგაში 19 აგვისტოს იწყება და რამდენიმე გუნდის ("ვიტ ჯორჯია", "გაგრა") მსგავსად, მზადება "რუსთავმაც" დაიწყო.
"რუსთავი" ახალ სეზონს თასის შესარჩევი ეტაპის მატჩით (15 აგვისტოს, ვანის "სულორთან") იწყებს, შემდეგ კი პირველი ლიგის ურთულესი, ერთწრიანი გათამაშება დაიწყება, სადაც "თეთრ ჯგუფში" გუნდის მეტოქეები იქნებიან "მერანი", ხობის "კოლხეთი", "სამგურალი", ცხინვალის "ლიახვი", "მეშახტე", "იმერეთი", "ჩხერიმელა" და პირველი ლიგის დებიუტანტი "მარკ სტარი".
ამ ჯგუფის უმთავრეს ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, "მერანი" უნდა მივიჩნიოთ; აი, მეორე ადგილისათვის კი, დიდი ალბათობით, რამდენიმე გუნდი იბრძოლებს და ერთ-ერთი რეალური კანდიდატი "რუსთავიც" იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია თავის მშობლიური ქალაქის გუნდში ამა წლის აპრილში დაბრუნდა. ბოლოს ის უმაღლეს ლიგაში "სიონის" დამრიგებლად მუშაობდა.
გუშინ კი კილასონიამ პირველი ვარჯიში ჩაატარა "ფოლადის" სტადიონზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდი სწორედ აქ გაივლის შეკრებას. თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი ვარიანტიც, "რუსთავმა" 12-დღიანი შეკრება უცხოეთში გაიაროს. კლუბის დირექტორის, ბადრი მაჭავარიანის თქმით, გუნდში სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა და ქალაქის ხელმძღვანელობისაგანაც (მერი - დავით ჯიქია) სერიოზულ ყურადღებასა და დაინტერესებას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გრძნობენ.
ახლა კი "რუსთავში" მომხდარ ცვლილებებზეც: რაც მთავარია, გუნდში დარჩნენ 18-19 წლის ადგილობრივი, პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებმაც მშვენივრად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები წინა სეზონში.
თუმცა, ადგილობრივ ფეხბურთელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და გარკვეული პაუზის შემდეგ მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნდნენ ერთიმეორეზე იმედისმომცემი ფეხბურთელები: 22 წლის გიორგი ნარიმანიძე ("საპოვნელადან"), 22 წლის კახაბერ კაკაშვილი ("ჩიხურადან"), 23 წლის ვარლამ კილასონია-უმცროსი და 20 წლის გიორგი კილასონია (ორივე - "სიონიდან").
ასევე მშობლიური ქალაქის გუნდში გააგრძელებს კარიერას 22 წლის მარცხენა გარემარბი ლაშა ციცვიძე ("ალგეთი").
ამ ადგილობრივი ახალგაზრდების გარდა, "რუსთავში" სხვა ახალწვეულებიც არიან, რომლებმაც გასული სეზონი უმაღლეს ლიგაში გაატარეს: 25 წლის მარცხენა მცველი გიორგი ლემონჯავა, 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური (ორივე - ფოთის "კოლხეთი"), 23 წლის მეკარე დავით ლეგაშვილი ("დილა").
აღსანიშნავია, რომ ლეგაშვილმა გასული სეზონის პირველი წრე სწორედ "რუსთავში" გაატარა და საყოველთაო აზრით, პირველი ლიგის გათამაშებაში, უდავოდ, საუკეთესო მეკარე გახლდათ.
აი, რაც შეეხება გიგაურს, ეს ნახევარმცველი რუსთავში ადრეც თამაშობდა (2013/14 წლების სეზონის მეორე წრეში) და მაშინაც ვარლამ კილასონია ხელმძღვანელობდა იმ დროისათვის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "მეტალურგს". ლემონჯავა კი პირველად მოირგებს რუსთავური გუნდის მაისურს, ისევე, როგორც ფოთის "კოლხეთის" კიდევ ერთი ფეხბურთელი - 27 წლის დათა სიჭინავა. ამ უკანასკნელს წარდგენა არ სჭირდება: ეს შემტევი ნახევარმცველი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა "სტანდარტულების" შესრულებაში.
თუმცა, "რუსთავის" ყველაზე ცნობადი ახალწვეული, რაღა თქმა უნდა, მიხეილ ალავიძე გახლავთ: 28 წლის მეკარეს სხვადასხვა დროს "თბილისში", "ლოკომოტივში", ბათუმის "დინამოსა" და უზბეკურ "შორტანში" უთამაშია. ასევე სხვადასხვა დროს იცავდა რუსთავის "მეტალურგის" ("ოლიმპის") ღირსებას და, რა თქმა უნდა, 2006/07 წლების სეზონი (განსაკუთრებით, პირველი წრე) უნდა ვახსენოთ, როცა ლომის წილი შეიტანა რუსთაველთა გუნდის ჩემპიონობაში. იმასაც შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალავიძე ბოლო წლების განმავლობაში ბათუმის "დინამოში" თამაშობდა და 2014/15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ლელოს" ვერსიით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა!
ამ 9 ახალწვეულის გარდა, "რუსთავში" სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ: როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლევან სილაგაძემ გვითხრა, რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ისინი "რუსთავს" უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"