ქობულეთელებმა პირველი საკონტროლო მატჩი გრიგოლეთში, ლანჩხუთის "გურიის" წინააღმდეგ გამართეს და 0:3 დამარცხდნენ. ამ შეხვედრაში ქობულეთელთა შორის ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა. "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ ქობულეთის გუნდში სხვა ახალწვეულებიც იქნებიან, ბევრიც ისინჯება.
"ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლე გიორგი ბერიაშვილის დამატებაა. ეს თავდამსხმელი ბათუმის "დინამოში" თამაშობდა და მისი ბომბარდირი გახლ
იყო ლაპარაკი, რომ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებდა, მაგრამ დაველაპარაკეთ, შევუთანხმდით და ჩვენთან თამაშზე დავიყაბულეთ. ეს ამბავი ძალიან მახარებს, რადგან გიორგი გამოცდილი მოთამაშეა და იმედია, გაგვაძლიერებს", - ამბობს ჩელებაძე.
ქობულეთში ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთი ყოფილი წევრი, მეკარე შოთა მამინაშვილიც დაიმატეს, რომელმაც ახალი გუნდის ფორმა პირველად ლანჩხუთელებთან საკონტროლო შეხვედრაში მოირგო.
სიახლეა ისიც, რომ კლუბის დირექტორის ვაჟი, გიორგი ჩელებაძე გორის "დილადან" დაბრუნდა. იყო ლაპარაკი, რომ 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი უცხოეთში წავიდოდა, მაგრამ საბოლოოდ ისევ "შუქურაში" თამაში ამჯობინა.
გუნდს კიდევ ერთი ნახევარმცველი ლევან კუტალიაც დაუბრუნდა, რომელიც ბოლოს პირველი ლიგის ბინადარ ზუგდიდის "ოდიში 1919"-ში გამოდიოდა.
შალამბერიძე ბოლოს ოზურგეთის "მერცხალში" ნათამაშებ ცოტნე მესხსაც აკვირდება. მესხი ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდათ და დიდ იმედებსაც იძლეოდა. მან მოსამზადებელ პერიოდში თავი უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებშიც სცადა, მაგრამ საბოლოოდ, ქობულეთში აღმოჩნდა. სხვათა შორის, მესხი "შუქურაში" 2014/15 წლების სეზონშიც ირიცხებოდა.
კიდევ ერთი ახალწვეული ლაშა ომანიძეა. 22 წლის თავდამსხმელი რუსეთის მეორე ლიგის კლუბ "რუსის" ბომბარდირი გახლდათ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც მიუწვევიათ. 2013 წელს ომანიძე არნემის "ვიტესის" ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობდა და "გრააფსხაპის" რეზერვისტებთან ამხანაგურ მატჩში (4:1) დუბლიც შეასრულა, ხოლო "ალმერესთან" 6:4-ზე მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა...
მაგრამ ომანიძე ჰოლანდიაში არ დარჩა და რუსეთის პირველი ლიგის კლუბ "ტოსნოში" ჩაირიცხა, ბოლო სეზონი კი ტალინის "კალევში" გაატარა. ესტონეთის მთავარ ლიგაში მან 21 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. ჩელებაძის თქმით, დიდი ალბათობით, ომანიძე გუნდში დარჩება.
"შუქურაში" თურქი მესხების შთამომავალი მცველი ალიევიც ისინჯება, რომელიც ბოლოს ყაზახეთის პირველ ლიგაში თამაშობდა.
ჩელებაძემ ისიც გაგვიმხილა, რომ მალე ქობულეთში აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებსაც ელოდება.
ქობულეთელებს სხვა საკონტროლო შეხვედრებიც აქვთ დაგეგმილი. შალამბერიძის გაწვრთნილები 13 ივლისს ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებენ, ხოლო 16 ივლისს - ზუგდიდის "ოდიში 1919"-ს.
ერთი თვის წინ ჩელებაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "შუქურაში" სპონსორის მისვლას იმედოვნებდა. ახლა ამ თემაზე მან მოკლე კომენტარი გააკეთა:
"სპონსორს ისევ ველოდებით. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმედიანად ვარ, რომ საკითხი გადაწყდება და მოლაპარაკება დადებითად დასრულდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"