ბოლნისის "სიონი": ახალი ილუშჩენკოვი და ძველი რაზმაძე

AutoSharing Option
უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბოლნისის "სიონის" კარს უკრაინელი მეკარე ოლეკსანდრ ილუშჩენკოვი დაიცავს. ამის თაობაზე ქვემოქართლური კლუბის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი იტყობინება. "სიონსა" და 26 წლის გოლკიპერს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

ბოლო დრომდე ილუშჩენკოვი ხარკოვის "მეტალისტის" წევრი იყო. საფეხბურთო კარიერა კი ტერნოპოლის "ნივაში" დაიწყო, საიდანაც ბურშტინის "ენერგეტიკში" გადავიდა. 2011 წელს ის ლვოვის "კარპატიმ" აიყვანა და ამ კლუბის ღირსებას 2015 წლამდე იცავდა. ცოტა ხნით ილუშჩენკოვმა მოლდოვურ "ტირასპოლსაც" მიაკითხა, მაგრამ მალევე სამშობლოში დაბრუნდა და "მეტალისტში" ჩაირიცხა.

ამას გარდა, "სიონის" ახალწვეულმა 2012 წელს ერთი მატჩი
ითამაშა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაშიც.

ილუშჩენკოვის დამატება "სიონისთვის" სოლიდურ შენაძენად მოჩანს. შეგახსენებთ, რომ გუნდის ღირსებას კიდევ ერთი ლეგიონერი მეკარე იცავს - რუსეთის მოქალაქე სოსლან ნანიევი.

მოკლედ, ასე გადაწყდა მეკარის საკითხი ბოლნისში. მოგეხსენებათ, გასული სეზონის დასრულების შემდეგ "სიონი" გამოცდილმა მეკარემ, მირზა მერლანმა დატოვა. გადაწყვეტილია, რომ ის კარიერას თერჯოლის "საპოვნელაში" გააგრძელებს.

...ამასობაში, "სიონმა" კიდევ ერთი კარგი ტრანსფერი "გაჩარხა". ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ გუნდის ღირსებას გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე დაიცავს. ის ცოტა ხნის წინ სწორედ "სიონში" თამაშობდა და ახლახან დაუბრუნდა მშობლიურ გორის "დილას".

გორულ კლუბთან ერთად, 32 წლის რაზმაძემ ევროპალიგაზე სომხური "შირაქის" წინააღმდეგაც ითამაშა, მაგრამ გორში ფინანსური სიტუაციის გამოსწორებას საშველი არ დაადგა და... ამიტომაცაა, ფეხბურთელები ერთმანეთის მიყოლებით რომ ტოვებენ ფინანსურად შეჭირვებულ კლუბს და ასეა რაზმაძეც - გაურკვევლობაში ყოფნას წასვლა არჩია.

ექტორ კუპერის დროს რაზმაძეს რეგულარულად იწვევდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც მან 11 მატჩი ჩაატარა.

* * *
13 ივლისს "სიონმა" მორიგი ამხანაგური მატჩიც გამართა. ამჯერად, ბოლნისელები ირანულ "საიპას" დაუპირისპირდნენ და 0:3 დამარცხდნენ.

ეს მარცხი შეიძლება ლოგიკურიც იყოს იმ ფონზე, რომ ბოლნისში ბევრი ახალი ფეხბურთელია და არმაზ ჯელაძისთვის ახლა მთავარია არა შედეგი, არამედ გუნდის შეთამაშება. თან ისიცაა, რომ "სიონში" კვალიფიციურმა მოთამაშეებმა მოიყარეს თავი და რეალურია, რომ გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული