"ზუგდიდმა" პირველი ტესტ-მატჩი ტყიბულის "მეშახტესთან" ფრედ დაასრულა

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და 14 ივლისს პირველი ტესტ-მატჩიც ჩაატარა. ოთარ გაბელიას გაწვრთნილებმა "ბაიას" ბაზაზე უმასპინძლეს პირველი ლიგის ბინადარ ტყიბულის "მეშახტეს", რომელიც ახლახან კახი გოგიჩაიშვილმა ჩაიბარა.

ზუგდიდელთა პრესატაშის, ლაშა გოგილავას ცნობით, მცირე ტრავმების გამო შეხვედრა ნიკა დაუშვილმა, ვაკო ტყემალაძემ, ნიკა აფაქიძემ, გიორგი ჭანკოტაძემ, ნიკა ქირიამ და გივი იოსელიანმა გამოტოვეს. მეორე ტაიმში გაბელიამ მოედანზე თავდამსხმელი ლაშა კუკავა შეუშვა, თუმცა ისიც მალე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

დიდი სიცხის გამო ფეხბურთელებს თამაში უჭირდათ და მსაჯმაც მატჩი რამდენჯერმე შეაჩერა. მე-2 წუთზე "ზუგდიდი" დმიტრო
ზოზულიამ
დააწინაურა - ნიკა ლაშხიას ფლანგური გადაცემა ზუგდიდელთა უკრაინელმა ახალწვეულმა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა - 1:0.

რამდენიმე წუთში ტრავმა მიიღო ზოზულიამაც და გაბელია იძულებული გახდა, ისიც შეეცვალა. მალე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს: გიორგი გურეშიძემ საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა - 1:1.

ზუგდიდი: ზარქუა, მაჩაიძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ბეჭვაია, ზოზულია, ლაშხია, წურწუმია, გ. სამუშია, შ. ლომია, ს. ლომია; შეცვლაზე: ჯომიდავა, გ. ქანთარია, სიხარულია, ნარმანია, ჭანტურია, თუთბერიძე, კუკავა.

ზუგდიდელები მალე უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრებიან. წამსვლელთა სიას გაბელია ამ ამხანაგური მატჩის შემდეგ დაასახელებს.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მესმის საზღვარგარეტ შეკრების აზრი. ადგილზე, საქართველოში გვაქვს მშვენიერი პირობები. ფული არ ვიცით სად ვხარჯოთ? საკონტროლოებს ვეთამაშებიტ თურქეთის ჭ ლიგის გუნდებს
andro
14:41 15-07-2016
0

სიახლეები პოპულარული