მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ... თბილისის "ლოკომოტივი" "მაკაბისთან" უგოლო ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
ფოტოზე: "რკინიგზელები" ავსტრიულ შეკრებაზე
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "ლოკომოტივმა" მეორე ამხანაგური შეხვედრა ფეთაჰ-თიკვას "მაკაბის" წინააღმდეგ გამართა და უგოლო ფრეს დასჯერდა - 0:0.

ეს გუნდი, ძირითადად, ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთაგან ბევრს ისრაელის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ამას გარდა, ფეთაჰთიკველებს ოთხი ლეგიონერიც ჰყავთ: ორი ბრაზილიელი, ერთი რუმინელი და ერთიც წარმოშობით კონგოელი - ჯოაკიმ მანუნგა, რომელიც ბელგიის თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრების სახელით ასპარეზობდა...

"ლოკომოტივს" ტრავმის გამო მამია გავაშელიშვილი და გიორგი კუხიანიძე გამოაკლდნენ. კლუბის პრესატაშის, ნოდარ სიმსივეს ცნობით, დაპირისპირება საინტერესოდ წარიმართა. გოლის გატანის შანსი
ორივე გუნდს ჰქონდა.

პირველ ნახევარში "ლოკომოტივი" ორჯერ გადაარჩინა მეკარე ლაზარე კუპატაძემ. ტაიმის მიწურულს კი მეტოქის კარს გეგა დიასამიძე დაემუქრა და ამჯერად, ებრაელთა მეკარემ იყოჩაღა.

მეორე ტაიმი ჟერარდ სარაგოსა მულეტის შეგირდების უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანის რეალური მომენტი დავით დარციმელიას ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ მყოფმა კარში დარტყმა ვერ შეძლო და იქვე დავით უბილავასაც უმტყუნა მიზანმა.

ლოკომოტივი: კუპატაძე (46. თევდორაძე), ჩიტეიშვილი (60. წივწივაძე), ხიდეშელი (46. გეთიაშვილი), მახარაძე (60. გაბაძე), ფოფხაძე (46. მზევაშვილი/75. კიკაბიძე), კლიმიაშვილი (46. ქიქავა), არდაზიშვილი (46. სამურკასოვი), ზარანდია (46. ჩაგელიშვილი), დიასამიძე (60. კიკნაძე), უბილავა (70. ჭანტურია), ცხადაძე (46. დარციმელია).

აღსანიშნავია, რომ თბილისური გუნდის თამაშით დაიხურა "რორბახ შპორტფესტი", რომელიც 22-23 ივლისს გაიმართა. 26 ივლისს კი "ლოკომოტივი" ავსტრიულ შეკრებაზე თურქულ "ქასიმფაშას" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული