დინამო (ბთ)-ანკარაგიურჯუ 2:1 - აგებდნენ, მაგრამ გაიმარჯვეს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" თურქულ შეკრებაზეა. მესამე ამხანაგურ მატჩში ლევან ხომერიკის გუნდის მეტოქე ადგილობრივი "ანკარაგიურჯუ" იყო, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ თურქეთის სუპერლიგაში გამოდიოდა, ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელიც გახლდათ და ცნობილი ფეხბურთელებითაც იყო განებივრებული.

სხვადასხვა პერიოდში "ანკარაგიურჯუს" ავარჯიშებდნენ ფათიხ თერიმი, როჟე ლემერი, ვალერი ნეპომნიაშჩი, გუნდის ფორმა კი არაერთი ნაკრების ცნობილ მოთამაშეს მოურგია - დარიუს ვასელს (ინგლისი), ელვირ ბალიჩს (ბოსნია), ვიქტორ აგალის (ნიგერია), თურქებს - ჰამი მანდირალს, ილჰამ მანსიზს, ფათიხ თექეს, ჰასან შაშს...

მაგრამ დრონი მართლა მეფობენ: 2012 წელს კლუბს ფინანსური
პრობლემები შეექმნა და თურქეთის სუპერლიგიდან დააქვეითეს. ახლა ანკარელები მხოლოდ II ლიგაში თამაშობენ და ძველი პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ.

ამის მიუხედავადაც, სასიხარულოა, ბათუმელებმა ასეთი ცნობილი კლუბი რომ დაამარცხეს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა. ორჯერ დინამოელები 18 წლის მეკარე ლევან შოვნაძემ იხსნა, რომელიც გუნდმა "მაჭახელადან" დაიბრუნა.

თავის მხრივ, მეტოქეს დინამოელებიც მწვავედ უტევდნენ. ბექა ჭკუასელის გადაცემის შემდეგ ბახტიარ გაბდოლინმა ზუსტად დაარტყა, მაგრამ ლაინსმენმა ყაზახი ლეგიონერის გოლი არ ჩათვალა - ბათუმელთა თქმით, დაფიქსირებული თამაშგარე საკამათო იყო...

თავის გამოჩენის შანსი მცველ გიორგი ფოთელიძესაც ჰქონდა, თუმცა დინამოელს ბოლო წამს მეტოქის ფეხბურთელი გადაეღობა და შეტევა გოლად ვერ იქცა.

პირველი ნახევარი უგოლოდ მაინც არ დასრულებულა. ტაიმის მიწურულს ბათუმელებს მარცხენა ფლანგიდან გაეპარათ ანკარელთა შეტევა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ტიმურ კოსოვალს გატანა არ გასჭირვებია - 0:1.

აღსანიშნავია, რომ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა 21 ფეხბურთელი გამოსცადა. მეორე ტაიმის 55-ე წუთიდან მან ერთბაშად 10 კაცი შეცვალა და ბათუმელები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ. სახიფათო გამოდგა სერბი ახალწვეულის, ლაზარ მარიანოვიჩის წამოწყებული კომბინაცია, რომელსაც თორნიკე თარხნიშვილი ძლიერი დარტყმით აგვირგვინებდა - ბურთი ძელმა აისხლიტა.

დინამოელთა მორიგი შეტევა ნიკა კვანტალიანმა წამოიწყო, გუჯა ლობჯანიძემ პაპუნა ფონიავას გაუგრძელა, მარიანოვიჩს კი გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთს ბოლო მომენტში ვერ შესწვდა. თავის გამოჩენის რეალური შესაძლებლობებით იმავე ფონიავამ, კვანტალიანმა და ლობჯანიძემ ვერც მერე ისარგებლეს - მათ ან სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, ანდაც ანკარელთა მეკარე თამაშობდა საიმედოდ...

მაგრამ "დინამომ" მაინც გატეხა მეტოქე: მე-60 წუთზე ლევან გეგეჭკორის მშვენიერი ფლანგური გადაცემით ლობჯანიძემ ისარგებლა - მცველებს დაასწრო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია - 1:1.

73-ე წუთზე ბათუმელები წინ გაიჭრნენ. ანზორ სუხიაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ანკარელთა მცველმა მოიგერია, მაგრამ იქვე იყო კვანტალიანი, რომელმაც მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 2:1.

დინამო: შოვნაძე (55. ტაკიძე), ტვილდიანი (55. გეგეჭკორი), ტეტუნაშვილი, ფოთელიძე (55. გოგიტიძე), ქორიძე (55. სუხიაშვილი), ვარშანიძე (55. თარხნიშვილი), ქუთელია (55. მარიანოვიჩი), კეკუა (55. ქავთარაძე), თევდორაძე (55. ფონიავა), ჭკუასელი (55. კვანტალიანი), გაბდოლინი (55. ლობჯანიძე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გისურვებთ წარმატებებს.
ანატოლი
11:25 26-07-2016
0

სიახლეები პოპულარული