"ევროპელების მსგავსი პირობები რომ გვქონდეს, ალბათ, ფრენას დავიწყებდით"

AutoSharing Option
რატომ გავარდა საჩხერის "ჩიხურა" ევროპალიგიდან, რა უშლის ქართულ გუნდებს და ფეხბურთელებს ზრდაში ხელს და რა განსხვავებაა საქართველოსა და ევროპული კლუბების მოსამზადებელ პირობებში? ამის შესახებ "ლელოს" საჩხერელთა თავდამსხმელი გიორგი ივანიშვილი ელაპარაკა.

ივანიშვილი ბავშვობიდან შვეიცარიაში ცხოვრობდა და იზრდებოდა, ევროპულ ფეხბურთს კარგად იცნობს და ამ თემაზე ამიტომაც დაველაპარაკეთ...

- მალე დაიწყება ახალი სეზონი, რომელსაც საჩხერის "ჩიხურაც" და მისი გულშემატკივრები იმედგაცრუებულები ხვდებით. ევროპალიგაზე მოლდოვურ "ზიმბრუსთან" ისეთი თამაში წააგეთ, რაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო...
- მოლდოველებმა ბოლო წამზე რომ გაგვიტანეს, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ამ გოლს 20-ჯერ
მაინც ვუყურე და დღემდე ვერ ვხვდები, რა დაგვემართა. იმ ეპიზოდში ისეთი ბავშვური შეცდომები დავუშვით, ამას ვერავინ ახსნის...

- შვეიცარიაში გაიზარდეთ და ქართულ ფეხბურთს გარეშე თვალითაც შეხედავდით. საინტერესოა, ქართველების ყველაზე თვალსაჩინო ნაკლი რა არის?
- ეს პრობლემები არა იმდენად ფინანსებში, რამდენადაც ფსიქოლოგიაშია მოსაძებნი. საჩხერეში საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა. ეს ვარჯიშებზეც ჩანდა. კიშინიოვში 1:0 მოვიგეთ და საპასუხო შეხვედრას იმედით ველოდით. რა დასამალია და, ზესტაფონში იგრძნობოდა, რომ მსაჯი ჩვენ მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი, ფრეც გვყოფნიდა და თან შინ ვთამაშობდით. მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. არ მინდა, ყველაფერი გარეშე ფაქტორებს დავაბრალო. მაგრამ ფაქტია, რომ უამინდობამ ჩვენი კოზირი, ბურთის უკეთესი ფლობა, ხელიდან გამოგვაცალა. მაგრამ ბოლო წუთი იყო და უფრო ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა...

- ეს წაგება გავლენას ხომ არ მოახდენს მოთამაშეების განწყობაზე ახალი სეზონის წინ. ფეხბურთში ხომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია?
- ორი აზრი არ არის, რომ ევროპალიგიდან გავარდნამ ჩვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა. მაგრამ ჩემპიონატსა და მიზნების განხორციელებაზე თუ ვერ გადავეწყვეთ, მაშინ მოედანზე გასვლას აზრი არ ექნება. ამ თამაშის შემდეგ დავისვენეთ, ერთი კვირა მსუბუქად ვივარჯიშეთ და დარწმუნებული ვარ, ბიჭები მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდიან.

- ევროპას რომ ჩამოვრჩებით, ეს ფაქტია. შეგიძლიათ, გულშემატკივარს ამ ჩამორჩენაზე კონკრეტულად ელაპარაკოთ?
- შვეიცარიაში რომ ვთამაშობდი, იქ სწორედ მაშინ დაასრულეს ფეხბურთის განვითარების 10-წლიან პროგრამაზე მუშაობა. იქ იყო გათვალისწინებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მეურნეობა, სამწვრთნელო, ფიზმომზადებისა და სამედიცინო მიმართულებები, ანუ ეს კომპლექსური პროგრამა იყო. შვეიცარიელებს პროგრამის განხორციელებამდეც კარგი პირობები ჰქონდათ და მათი სისტემაში მოყვანა გადაწყვიტეს. მას შემდეგ რამხელა პროგრესს მიაღწიეს, თავადაც ხედავთ - სანაკრებო და საკლუბო დონეზე წარმატებით გამოდიან და, რაც მთავარია, ეს უკვე სისტემატურად ხდება. რასაც ვუყურებ, ჩვენთან ეს საკითხები უფრო მეტად არის მოსაგვარებელი.

- ამ კუთხით "ჩიხურაში" რა მდგომარეობაა?
- ჩვენ ბევრ კლუბზე მაღლა ვდგავართ. სავარჯიშო მოედნები, შეკრება, კვება, ფინანსები... ეს საკითხები საკმაოდ კარგადაა მოგვარებული. ასეთი პირობები ყველგან რომ იყოს, უკეთესი ჩემპიონატი გვექნებოდა. მაგრამ ხომ ხედავთ, უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი საკუთარ მოედანზეც ვერ თამაშობს. შვეიცარიაში 14 წლის ბავშვებს ვაკვირდებოდი და ამავე ასაკის ქართველ ბიჭებთან პარალელი რომ გავავლე, უზარმაზარი განსხვავებაა - ჩვენები ბევრად ნიჭიერები არიან. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვერ ვზრდით. ევროპელების მსგავსი პირობები რომ გვქონდეს, ალბათ, ფრენას დავიწყებდით.

- პირადად თქვენ ზრდაში რამ შეგიშალათ ხელი? კარგად მახსოვს, 2009 წლის 9 სექტემბერი, როცა თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ზესტაფონში 4:0 მოუგეთ, პირველი გოლი თქვენ გაუტანეთ ვოლქან ბაბაჯანს, რომელიც ახლახან ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების პირველი მეკარე იყო...
- იმ დღეს რა დამავიწყებს?! ტაბლოზე 09.09.09 ეწერა... ამ შვიდ წელიწადში წინსვლაში ხელი ტრავმამ შემიშალა. შვეიცარიაში "ბელინცონაში" ვთამაშობდი და სამწლიანი კონტრაქტი მქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, გუნდი დაიშალა.

იმ პერიოდში დისკოზი მქონდა, ზურგის ტრავმით კი ახალ გუნდში არავინ ამიყვანდა. მერე 2 წელი ისევ პრობლემებში გავატარე - თამაშისას ტკივილები მაწუხებდა. მერე თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზა მქონდა და მოედანს მხოლოდ შარშან ზაფხულში დავუბრუნდი. ახლა ვცდილობ, დაკარგული ავინაზღაურო. მაგრამ ხომ გითხარით - "ბელინცონას" დაშლამ აშკარად უკან დამხია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ზიმბრუსთან რა ფეღბურთიც ითამაშა საჩხერემ, მასეთ ფეღბურთს მხოლოდ უნიჩოები თამაშობენ, ვუყურე მე მაგ თამაშს და იმათთვის არ იყო ცუდი ამინდი??? / არავინ არ გსაყვედურობთ, უბრალოდ გასაგებია და მივხვდით, რო თქვენ შემთხვევით , ახლობლობით და პროტექციით მოხვდით მანდ, (ყველას ვგულისხმობ) . ნიჩიერი და ტალანტი ბავშვები უყურადგებოდ დატოვეს წლების მანზილძე , რადგან მშონელი ვერ ეხმარებოდა, / და საქართველოში თუ ფული არ გაქ, თუ პატრონი არ გყავს,შანსი არ გაქ! და აი ესეთი თაობების დაკარგვის შემდეგ დარჩით დგეს ეს ეგრეთ წოდებული პატრონიანები და გახევენ ბურთს თავზე, ზიმბრუდან დაწყებული გაბალათი დამთავრებული, და ხალხიც ამიტომა ტრიბუნიდან რომ ილოცება თქვენს მისამართით...
Vaso
11:21 06-08-2016
0
xoda daanaxet xalxs, rom frena ki ara da burtis gachereba mainc shegidzliat da iqneb cota fuli mainc chaidos am fexburtshi. tumca mcire nichsac ver xedavs investori tqvenshi. es ise, sanam frenas daicyebt
giga
11:30 06-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული