კახა კაჭარავა: ამ ბიჭების თავდადებისა და გამოცდილების დიდი იმედი მაქვს

AutoSharing Option
"ცხინვალმა" ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. კახა კაჭარავას მუდამ მებრძოლი გუნდი ჰყავს და ისე ჩანს, ამ ტრადიციას არც კარს მომდგარ სეზონში უღალატებს.

გუშინ "ლელო" ცხინვალელთა მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და მოსამზადებელი ეტაპის შეჯამება სთხოვა...

- როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის მიერ განვლილ მოსამზადებელ პერიოდს?
- ჩვენ უკვე დავასრულეთ ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება. ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ 30 ივლისს, "მარნეულთან". რისი საშუალებაც იყო ამ პერიოდში, მაქსიმალურად გავაკეთეთ. როგორც იცით, არ გვქონდა სისტემატურად შეკრებაზე ყოფნის პირობები, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ გუნდის მომზადებით. შემიძლია ვთქვა, რომ "ცხინვალი"
მზადაა საქართველოს ჩემპიონატისთვის.

- რას იტყვით ამხანაგურ მატჩებზე? რა დაგანახათ ამ თამაშებმა?
- ჩვენ სულ 5 ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. პირველ მატჩებში ძალიან ხშირად ხდებოდა ისე, რომ გასასინჯ ფეხბურთელებზე კეთდებოდა აქცენტი. ბოლო შეხვედრებში ვცადეთ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშა. რა თქმა უნდა, იყო წაგებებიც, მაგრამ ამ მატჩებმა ძალიან დიდი სამსახური გაგვიწია. გამოჩნდა, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სამომავლოდ, რა არის ის ნაკლი, რომელიც უნდა გამოვასწოროთ და ასე შემდეგ...

- ვინ მოვიდნენ "ცხინვალში"?
- დავიმატეთ ჯაბა დვალი, გულვერდ თომაშვილი და გიორგი კახელიშვილი. სამივეს ძალიან კარგად ვიცნობ. მათ ჩემთან უმუშავიათ. ამ ბიჭების თავდადებისა და გამოცდილების დიდი იმედი მაქვს. ჩვენთან ითამაშებს ექსლოკომოტიველი ერეკლე სულთანიშვილიც.

- ამით დასრულდა თქვენი სატრანსფერო კამპანია?
- დიახ, შეგვიძლიათ, ჩათვალოთ, რომ ჩვენი სატრანსფერო კამპანია ამით დასრულებულია. კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება გვსურდა, მაგრამ ეს ტრანსფერები ვერ განხორციელდა.

- თქვენ დუბლშემადგენლობიდან სისტემატურად აწინაურებთ ფეხბურთელებს. ამ მხრივ რა ხდება?
- ახლაც ვაგრძელებთ ამ გზას. ჩვენს ძირითად შემადგენლობასთან ერთად სისტემატურად ვარჯიშობს დუბლშემადგენლობის 9-10 მოთამაშე. ისინი უკვე 18-19 წლის ბიჭები არიან და მიმაჩნია, რომ შეუძლიათ, გუნდს სარგებლობა მოუტანონ.

- გუნდში ცხინვალელი ფეხბურთელები თუ არიან?
- ბოლო წლებში სულ იყვნენ. ზოგმა გაამართლა, ზოგმაც - ვერა. ახლა მხოლოდ ცერცვაძეა ცხინვალელი. შესაძლოა, ახლო მომავალში სხვებიც გამოჩნდნენ.

- საბოლოოდ მოგვარდა თუ არა ჯაბა დვალის ტრანსფერი?
- ყველაფერი გადაწყვეტილია. ჯაბასთან შეთანხმებულები ვართ. ერთადერთი, დარჩენილია "დაჩიას" ოფიციალური დასტური. მოლდოველები თანახმანი არიან, უბრალოდ, ცოტათი დროში გაიწელა ეს ყველაფერი.

- პირველ ტურში თქვენი მოწინააღმდეგე ლანჩხუთის "გურია" იქნება...
- "გურია" ტრადიციული გუნდია. გასვლაზე ვთამაშობდით და, რა თქმა უნდა, რთული მატჩი გვექნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებით ვითამაშოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული