უმაღლესი ლიგა. I ტურის წინ: რას მოგვიტანს რევოლუცია?

AutoSharing Option
კვირას, 7 აგვისტოს საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი იწყება - წინა სეზონებისაგან მკვეთრად განსხვავებული, რადგან XXVIII ეროვნული ჩემპიონატი ახლებური ფორმატით ჩატარდება და ერთწრიანი იქნება.

ანუ, სწორედ ამ გარდამავალი ჩემპიონატის მერე მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს (ოთხ წრედ რომ უნდა ჩატარდეს მომავალ წელს) და ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ 2017 წელს უკვე "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემაზე გადავდივართ.

მოკლედ, საინტერესო სიახლეებია, თუმცა, დღესდღეობით ვერავინ იტყვის, რას მოუტანს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ეს რევოლუცია. უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებას ყოველთვის მივესალმებოდით და დღესაც ამ აზრზე ვრჩებით, მით უფრო, რომ, აღმოსავლეთ
ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, უკვე წლებია, სწორედ 10 თუ 12-გუნდიანი (ზოგან, 8-გუნდიანიც) ჩემპიონატი ტარდება...

ერთხელ უკვე ვცადეთ
საქართველოს ჩემპიონატების 27-წლიან ისტორიაში ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა ერთწრიანი პირველობა გვექნება. პირველად ეს 1991 წელს იყო, როცა II ეროვნული ჩემპიონატის ასეთი ფორმატით ჩატარება იმას ემსახურებოდა, რომ მომდევნო სეზონი უკვე სხვა სისტემით, "შემოდგომა-გაზაფხულის" პრინციპით გამართულიყო.

იშვიათი გამონაკლისების (სკანდინავიის ქვეყნები, რუსეთი, ირლანდია, ისლანდია) გარდა, მთელი საფეხბურთო ევროპა (ისე როგორც - ახლა) საფეხბურთო სეზონს აგვისტოში იწყებდა და მაისში ამთავრებდა. სწორედ ევროპისთვის "ფეხის აწყობას" (ისევე, როგორც მოგებაზე 3 ქულის დარიცხვა) ემსახურებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიდი ნოდარ ახალკაცის ეს გადაწყვეტილება.

ჰოდა, ამიტომაც გახდა საჭირო ეგრეთ წოდებული "გარდამავალი ჩემპიონატის" გამართვა: 20-გუნდიანი ჩემპიონატი 1991 წლის მარტის შუა რიცხვებში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდა, ხოლო თვე-ნახევარში უკვე III ეროვნული ჩემპიონატიც (1991/92 წლების სეზონი) დაიწყო და ასე მოვედით ამ ზაფხულამდე...

რაოდენობა იცვლებოდა, ხარისხი იგივე რჩებოდა
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ძალიან ხშირად იცვლებოდა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა. ყველაფრით გამორჩეული და მართლაც ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატი სულ პირველი იყო, 1990 წელს რომ ჩატარდა, როცა 18 გუნდი ორ წრედ ასპარეზობდა...
ამას მოჰყვა ერთწრიანი (20 გუნდით) ჩემპიონატი, შემდეგ კი ზედიზედ 2 სეზონი ასევე 20 გუნდი ორ წრედ ასპარეზობდა.

გუნდების სარეკორდო რაოდენობა იყო 1993/94 წლების სეზონში - V ეროვნულ ჩემპიონატში 22 გუნდი მონაწილეობდა, ოღონდ, დავაზუსტოთ - ამდენმა დაიწყო, მაგრამ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, ისევე, როგორც წინა სეზონში, 3 გუნდი (სოხუმის "ცხუმი", გალის "მზიური", ოჩამჩირის "ამირანი") გათამაშებას გამოეთიშა და ჩემპიონატი 19 გუნდით დამთავრდა.

ამის შემდეგ, ზედიზედ 5 სეზონის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონატი ყველაზე "პოპულარული" და "აპრობირებული" სისტემით ტარდებოდა - 16 გუნდი ორ წრედ. თუმცა, ცხადი იყო ის ფაქტიც, რომ 90-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, ჩვენი ჩემპიონატის დონე სწრაფი ტემპით ეცემოდა.

სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომდევნო პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას ინიციატივა, რაც ეროვნული ჩემპიონატის სისტემის რეორგანიზაციას გულისხმობდა - უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა შემცირდა და 1999/2000 წლების სეზონი ახლებური ფორმატით ჩატარდა: 16 გუნდი ორ ჯგუფად (თითოში 8 გუნდი) დაიყო. პირველი ეტაპის შემდეგ ყველა მონაწილეს გაუნახევრდა ქულები, ორივე ჯგუფის 4-4 საუკეთესო გუნდი მედლებისთვის ბრძოლაში ჩაება, დანარჩენი 8 გუნდის მიზანი კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო.

კიდევ ერთი სიახლე - უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდი გავარდა, ხოლო პირველიდან ვერც ერთი ვერ აღზევდა და ასე მივიღეთ 12-გუნდიანი ჩემპიონატი (ზედა და ქვედა ექვსეულებად რომ იყოფოდა მეორე ეტაპიდან), რომელიც ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში ტარდებოდა...

ამასობაში, სწრაფი ტემპით მკვიდრდებოდა ჟორდანიას ინიციატივით შექმნილი პროფესიული ფეხბურთის ლიგაც. ახლა შორს წაგვიყვანს იმ სასიკეთო ცვლილებების ჩამოთვლა, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების, დიმიტრი რამიშვილისა და პაატა ბურჯალიანის დამსახურებით რომ ხორციელდებოდა...

მოკლედ, ჩვენებრ პატარა ქვეყნისთვის მართლაც ოპტიმალური ვარიანტი მივიღეთ და 2004/05 წლების სეზონში უმაღლესი ლიგა 10-გუნდიანი (ოთხ წრედ) გახდა.

პოლიტიკური დირექტივები
...მაგრამ 2003 წლის ნოემბერში ქვეყნის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები, ცხოვრების სხვა სფეროებთან ერთად, ფეხბურთსაც შეეხო. იმ პერიოდში ქართულ საკლუბო ფეხბურთში "ზემოდან" უამრავი გაუაზრებელი დირექტივა მოდიოდა. რა ჩამოთვლის სამარცხვინო ფაქტებსაც თასის გათამაშებებსა თუ ჩემპიონატებში, როცა გამარჯვებულების ვინაობა, ფაქტობრივად, სეზონის დაწყებამდე, ან, იდეალურ ვარიანტში - უშუალოდ სეზონის მსვლელობისას, პარტიისა თუ სპორტის მაღალჩინოსანთა კაბინეტებში რომ ირკვეოდა.

მარტო ის ფაქტი რად ღირდა, როცა წმინდა პოლიტიკური მოტივით, 2005/06 წლების სეზონის დაწყების წინ, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ვინღა დაგიდევდათ სპორტული პრინციპების დაცვას ან იმას, რომ "ზემოდან" წამოსული დირექტივით "აღზევებული" გუნდები პირველივე თუ მომდევნო სეზონში ემშვიდობებოდნენ უმაღლეს ლიგას. ეგ კი არა, სპორტული პრინციპის დარღვევით დაწინაურებულმა ერთ-ერთმა გუნდმა იმდენი "მოახერხა", რომ სეზონი... 2 ქულით დაასრულა(?!).

...ამის შემდეგაც იცვლებოდა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობაც და ჩემპიონატის რეგლამენტის დარღვევაც უკვე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნეოდა. 14 გუნდიანი - ორ წრედ, 11-გუნდიანი - სამ წრედ, 10-გუნდიანი - ოთხ წრედ, 12-გუნდიანი - ორ ეტაპად და ბოლოს ისევ 16-გუნდიანი - ორ წრედ...

ვნახოთ, რას მოგვიტანს მორიგი რევოლუცია...

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური
თეთრი ჯგუფი
07.08. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00
ტორპედო-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =2 -2, 9:9

07.08. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 17:00
გურია-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
6: +1=2 -3, 3:7

07.08. ივანწმინდა. 17:00
ჩიხურა-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
14: +2 =3 -9, 10:37

ლოკომოტივი ისვენებს

წითელი ჯგუფი
07.08. ზედა ეწერი. 17:00
ზუგდიდი-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
14: +5 =4 -5, 15:13

07.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
25: +13 =3 -9, 43:32

07.08. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 17:00
სიონი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =1 -0, 3:2

დილა ისვენებს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
erosi

გაარღვია? უყურე? :)
Jango
19:55 07-08-2016
0
სამტრედია რო ყველას გაარღვევს ეს კი ვიცი.
erosi
10:16 07-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული