დინამო (ბთ)-სამტრედია 1:1 - დასიცხული ფრე

AutoSharing Option
ახლა ყველას ესმის - გარდამავალ ჩემპიონატში თითოეულ შეხვედრას ოქროს ფასი აქვს და გუნდებმა თადარიგი პირველივე ტურებში უნდა დაიჭირონ, მერე საქმე რომ არ აერიოთ. ისიც ცხადია, რომ ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე საუკეთესო ფეხბურთსაც ვერავინ აჩვენებს. ეტყობა, ამ ყველაფერმა იმოქმედა ფეხბურთელებზე, "წითელი" ჯგუფის ორი პოტენციური ფავორიტის შეხვედრა დაძაბულად, მაგრამ უფერულად და უგოლოდ რომ წარიმართა.

ცხადია, დიდი გავლენა მოახდინა მოედნის საფარმაც, რადგან ზღვისპირა ნესტიან ქალაქში, თანაც სიცხეში, უხარისხო ხელოვნურ საფარზე თამაში, როცა მოედანს "ცეცხლი უკიდია", არც ისე სასიამოვნოა.

თავიდანვე პოზიციური თამაში მიდიოდა. ბათუმელები ფრთხილად
თამაშობდნენ და კარგად ვერ უტევდნენ, "სამტრედია" კი ასევე კარგად იცავდა თავს, მაგრამ მწვავე შეტევებს ვერ ახორციელებდა. საინტერესოა, რომ ასე თუ ისე ხეირიანად, პირველ ტაიმში მეტოქეებმა კარის მიმართულებით სულ ორჯერ დაარტყეს.

სტუმართა მწვრთნელ გია ცეცაძეს თამაშამდე პრობლემა შეექმნა: სამტრედიელთა შემტევი ბაჩანა არაბული წინა დღეს გაცივდა, ტემპერატურამ 39 გრადუსამდე აუწია და სასტარტო შემადგენლობაში ვერ ითამაშა. არადა, ვიცე-ჩემპიონის დამრიგებელს ტაქტიკა მასზე ჰქონდა აწყობილი და გეგმები აერია. ამის გამო არაბული მოედანზე მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეუშვა.

მეორე ნახევარი პირველზე უფრო ცოცხალი გამოდგა. მაგრამ სიმწვავე ორივე გუნდს აკლდა და შეტევები საჯარიმოსთან იშლებოდა. ტემპი მაინც ძალიან დაბალი იყო. მეტოქეებმა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს ხეირიანი და სწრაფი შეტევის ორგანიზება.

მარცხენა ფლანგზე სამტრედიელთა იერიში ლაშა შერგელაშვილმა წამოიწყო, მერე ბუდუ ზივზივაძე ბურთიანად ცენტრისკენ დაიძრა, რამდენიმე მოწინააღმდეგე ეფექტურად ჩამოიშორა, საჯარიმოში შეძვრა და ზუსტი დარტყმით ბათუმელთა უკრაინელი მეკარე ანატოლი ტიმოფეევი უშანსოდ დატოვა - 0:1.

მასპინძლებმა წონასწორობა 78-ე წუთზე აღადგინეს - სწრაფი შეტევის დროს ნიკა კვანტალიანმა საჯარიმოს ხაზთან ბურთი თემურ შონიას დაუგდო, რომელმაც დაახლოებით ორიოდე მეტრიდან ძლიერი, დაბალი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

იმედია, შემდეგ ტურებში გუნდები თამაშს გამოასწორებენ, თორემ ასეთი ტემპი და ხარისხი არც ერთს არ წაადგება.

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. წითელი ჯგუფი
07.08. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-სამტრედია 1:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (58), 1:1 თ. შონია (78)
დინამო (ბთ): ტიმოფეევი - ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - თარხნიშვილი, თ. შონია - გეგეჭკორი (84. ჭკუასელი), ფონიავა ქავთარაძე (58. კვანტალიანი) - ე. ლობჯანიძე (75. თევდორაძე).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, ვარშანიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე - დათუნაიშვილი, ცნობილაძე, მანჯგალაძე (69. არაბული), შერგელაშვილი - რაჟამაშვილი (89. ჯიქია), ზივზივაძე (83. გამყრელიძე), მარკოზაშვილი.
სათადარიგოები: მეშველიანი, ნინუა, მთივლიშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: დათუნაიშვილი (28), მჭედლიშვილი (79)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი.

II ტური. წითელი ჯგუფი
14 აგვისტო
სამტრედია-სიონი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-ზუგდიდი

"საბურთალო" ისვენებს.

სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟურნალისტი თამაშზე არ ყოფილა )))))))))
0
tamashze iyavi saertod.. batumma minimum 30 metridan sheagdo goli.. reebs wer ra oriode metridann? saidan moitane
dato
14:54 08-08-2016
0

სიახლეები პოპულარული