"დინამოს" ლეგიონერებზეც და ადგილობრივებზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრესსამსახური აგრძელებს ელექტრონული მედიისთვის სპეციალური ვირტუალური პრესკონფერენციის გამართვას. 

რომან ფიფიას შემდეგ მეორე ასეთი პრესკონფერენცია თბილისის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მოაწყო.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეიძლება გადალახოს "დინამომ" ბერძნული პაოკ-ის ბარიერი და რამდენად რეალურია ჯგუფში მოხვედრის პერსპექტივა?
- პირველ რიგში, შემართების, მონდომების და ძალების მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე. უმნიშვნელოვანესია გულშემატკივრის მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ პაოკ-ი უკეთეს ლიგაში თამაშობს და ფეხბურთელებიც უფრო ძვირად ღირებული ჰყავს, გვჯერა ჩვენი გუნდის. დინამოელები ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წარმომადგენლები არიან და მათ სათანადო
გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენს ფეხბურთელებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

გუნდში ყველა აცნობიერებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპის დაძლევას, როგორც გუნდისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის, ისე თითოეული ფეხბურთელის მომავალი კარიერისთვის.

პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში ყველაფერია შესაძლებელი. ამიტომ შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.

- როგორ შეაფასებდით იურაი იარაბეკის მუშაობას "დინამოში" და იმ შემთხვევაში, თუ გუნდი პაოკ-ს ვერ გასცდა, მოსალოდნელია სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებები?
- არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ "დინამოს" მიზანი ამ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. ჩემპიონობა და თასის მოპოვება უდავოდ კარგია, მაგრამ ეს ტიტულები ჩვენთვის ევროპისკენ მიმავალ გზად განიხილება.

იარაბეკის კონტრაქტის მთავარი პუნქტი გახლავთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. არ მინდა წინასწარ საუბარი, დაველოდოთ ევროპალიგის პლეი ოფის მატჩებს და გადაწყვეტილებებზე შემდეგ ვისაუბროთ.

ისე, გეტყვით, რომ "დინამოს" სპორტული ხელმძღვანელობა მწვრთნელთა შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია.

- იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას განხორციელებულ ტრანსფერებზე?
- რა თქმა უნდა, ვიღებ. არა მარტო ლეგიონერებზე, არამედ ქართველ ფეხბურთელებზეც. თავად გაიხსენეთ, ეროვნული ნაკრების რამდენი მოთამაშე მოვაბრუნეთ "დინამოში".

რაც შეეხება ახალ ლეგიონერებს: კურიე "ჩერნო მორეს" საუკეთესო მოთამაშე იყო, 12 გოლი გაიტანა სეზონში, მუდმივად ძირითადში თამაშობდა და ბულგარეთის საუკეთესო ლეგიონერების ხუთეულში მოხვდა. ველევი "ლოკომოტივის" გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ამასთანავე, ბულგარეთის ნაკრების მოთამაშეა, "ალაშკერტთან" პირველ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მერე დაშავდა და იმედია, პაოკ-თან განმეორებით მატჩში დაგვეხმარება. შპიჩიჩს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა "ოსიეკში", იქამდე კი აზერბაიჯანის ლიგაში საუკეთესოთა შორის იყო თავის ამპლუაში, თან ამისულაშვილთან ერთად ჰქონდა ნათამაშები. რაც შეეხება სკრიბეს, საფრანგეთის მეორე ლიგაში სულ ძირითადში იყო, რაც იოლი ნამდვილად არ არის.

- კლუბის პრეზიდენტის, ბატონ რომან ფიფიას თქმით, გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო... რამდენად შესაძლებელი იყო ამ ლეგიონერების იმედად ყოფნა ამ რანგის ტურნირზე?
- თავიდანვე უნდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა რომან ფიფიამ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ლეგიონერთა სიაზე თანხმობა მოგვცა. ის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ერევა და სპორტულ მენეჯმენტს სრულ ნდობას უცხადებს.

ეს ფეხბურთელები ჩვენ არსებული რეალობიდან გამომდინარე ავარჩიეთ. მაღალი კლასის ტოპ-ფეხბურთელი, რაც არ უნდა თანხა შესთავაზო, თუ ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის, არ ჩამოვა. დღევანდელი ლეგიონერები კი მწვრთნელთან კონსულტაციის შედეგად მოვიყვანეთ, მათთან თანამშრომლობაზე საბოლოო სიტყვა იარაბეკს ეკუთვნის. 

- ბოლო პერიოდში "დინამოს" ლეგიონერები ხშირად კრიტიკის ობიექტები ხდებოდნენ. ყველაზე უკეთ თავი ესპანელებმა წარმოაჩინეს... ხომ არ გიფიქრიათ, მომავალში აქცენტი სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებზე გაგეკეთებინათ?
- უაღრესად დიდ პატივს ვცემ ესპანურ ფეხბურთს და მათი ფეხბურთელების კვალიფიკაციაზეც დიდი წარმოდგენის ვარ, მაგრამ იმავეს გავიმეორებ - ძნელია დააინტერესო კვალიფიციური ესპანელი მოთამაშე ჩვენს ლიგაში გადმოსვლაზე.

მერწმუნეთ, მხოლოდ ფული არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. საუკეთესო, ვინც აქ გვყავდა, უდავოდ ჩისკო იყო, რომელსაც, თუ გახსოვთ, დაახლოებით ნახევარი სეზონი დასჭირდა ადაპტაციისთვის. 

- დაბოლოს, იქნებ "დინამოში" უკანასკნელ პერიოდში მომხდარ ცვლილებებზეც გვითხრათ...
- მოგეხსენებათ, გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდში" განაგრძობს კარიერას. მან "ალაშკერტთან" ნემსით გაყუჩებული ტკივილით ითამაშა. შემდეგ ტრავმა გაურთულდა და 2-3 კვირა იძულებული იყო, ვარჯიში შეეწყვიტა. წინადადება გვქონდა ავსტრიული გრანდისგან და ჩვენც ხელი აღარ შევუშალეთ მას ევროპულ გზაზე.

ეს "დინამოს" პრინციპია, თუ ვინმე მოთამაშეს, რომელიც "დინამოსთვის" თავდადებით ირჯება, მიმზიდველი შემოთავაზება ექნება ევროპული გუნდისგან, ჩვენ მას არ დავაბრკოლებთ. ცხადია, კლუბის ინტერესების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ნიკოლოზ გელაშვილს: ზაგრების "დინამოსთან" მატჩების შემდეგ იგი დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა... მის მიმართ ნაწილობრივ პრესით და ტელევიზიით, მეტწილად სოციალური ქსელებით უარყოფითი ემოცია წამოვიდა, რიგ შემთხვევებში მეტისმეტად აგრესიულიც კი, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მან თავად გვთხოვა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეგვეჩერებინა კონტრაქტი. მე წარმატებას ვუსურვებ ნიკოლოზ გელაშვილს მის მომავალ კარიერაში.
მკითხველის კომენტარები / 35 /
წავიდეს ეს ზესტაფონში და ვინც უნდა ის ჩამოიყვანოს! კურიეს მთელი სანათესაო ჩამოყვანოს თუ უნდა, პროსტა დინამოს დაანებოს თავი :@
სიმართლე
16:23 09-08-2016
0
top fexburtelebis chamoyvanas aravin gtxovt amas tbilisis dinamo kiara top klubebi ver axerxeben zogjer,tu evropa ligis jgufur etapze gsues tamashi mzad unda iyo rom sheidzleba jgufshi iseti dzlieri gundi shegxvdes rogoric manchesteria martro manchesteri ro iyos ra gvichirs....samwuxarod paoki ki ara lanchxutis guriac ro iyos dinamos metoqe mainc ver gava jgufur etapze radgan dinamos legionerebs (velevis da renes garda)ar aqvt satanado klasi rom itamashon aset mashtabur turnirze samwuxarod isini erovnuli chempionatis motxovnebsac ver akmayofileben es aris realoba mware realoba....samwuxarod ase araferi gamova
qartuli fexburtis gulshematkivari
16:46 09-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული