პარადოქსი - ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!

AutoSharing Option
საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო. წინასწარ ცნობილი იყო, რომ უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი ითამაშებდა, პირველში კი - 18. მაგრამ ბოლო დღემდე უცნობი იყო, რამდენი მონაწილე იქნებოდა მეორე ლიგაში. საქმე ისაა, რომ ზაფხულში რამდენიმე ახალი გუნდი შეიქმნა. მაგალითად, აღდგა უძველესი ქართული კლუბი "შევარდენი 1906", აგრეთვე, "ვოიაჟი", დაფუძნდა "ტიფლისი" და ასე შემდეგ...

ამის გამო ფეხბურთის ფედერაციაში ვერ ამბობდნენ, საბოლოოდ რამდენ გუნდს დაუშვებდნენ გათამაშებაში...

იყო 45, გახდა 67!
ამ კითხვას პასუხი 3 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გაეცა: მისმა წევრებმა გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესი,
პირველი და მეორე ლიგების დებულება და კალენდრები რომ დაამტკიცეს, შევიტყვეთ, რომ მეორე ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას 67 გუნდი მიიღებდა და ისინი ტერიტორიული პრინციპით 8 ჯგუფში გადანაწილდებოდნენ. ამ 8 ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირი გზით ეროვნულ ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებენ. რაც შეეხება ჯგუფში II-VI ადგილებზე გასულებს, ეს 40 გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

გვერდით გადავდოთ ის, ვის მოსწონს თუ არ მოსწონს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა და ფაქტი ქართული ფეხბურთის მომავლის ჭრილიდან შევაფასოთ. სფფ-ის ამ პრესრელიზში უმნიშვნელოვანესი ამბავი დაფიქსირდა - მეორე ლიგაში მონაწილეთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

შარშან ყველა ლიგაში (უმაღლესი, პირველი და მეორე) სულ 77 გუნდი მონაწილეობდა. უმაღლესში - 16, პირველში - 18, ხოლო მეორე ლიგის 3 ზონაში - 43 (დასავლეთსა და აღმოსავლეთში 14-14, ხოლო ცენტრალურში - 15) მონაწილე იყო.

ამჟამად კი გუნდების საერთო რაოდენობა 99-მდე გაიზარდა, რაც სწორედ მეორე ლიგაში მომხდარი ძვრების შედეგია - იქ 3 ზონისა და 45 გუნდის ნაცვლად, ახლა 8 ზონა და 67 მონაწილე იქნება. ანუ ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!

დამატებითი სამუშაო ადგილები
პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაარსებისას საქართველოში 160 გუნდი არსებობდა, რომლებიც ოფიციალურ და მოყვარულთა ჩემპიონატებში მონაწილეობდნენ. მაგრამ 1990 წლის 15 თებერვლის ყრილობამ ხალხს უდიდესი ბიძგი მისცა და ახალი კლუბები ისე მომრავლდნენ, როგორც ნაწვიმარზე - სოკოები.

მაშინ საქართველოში ფეხბურთის ბუმი იყო და 45 ათასი ფეხბურთელი დარეგისტრირდა, მაგრამ დრომ, ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მძიმე მდგომარეობამ, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ჩარევებსა თუ თავად საფეხბურთო სამყაროში ფესვგადგმულ კორუფციაზე, ამ სახეობასა და მის რეიტინგზე კატასტროფულად იმოქმედა.

2015 წელს ფეხბურთელთა საერთო რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა, ხოლო გუნდების რაოდენობა - 60-მდე. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფეხბურთის დაცემა სწორედ ამანაც გამოიწვია, რადგან რაოდენობა ხარისხზე აუცილებლად აისახება. ეს ციფრიც კარგად გვახსოვს: საქართველოს იურისდიქციაში 58 ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. მათგან 19-ში კი საფეხბურთო გუნდი აღარ არსებობდა.

წარმოგიდგენიათ? - ეს ხომ საერთო რაოდენობის მესამედია!

ადრე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან გუნდი ამბიციური იყო თუ არა, მასობრიობისა და პოპულარიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მისი არსებობა ყველა რაიონში სავალდებულოდ მიიჩნეოდა.

მეორე ლიგაში გუნდების რაოდენობა 2015 წელს გაიზარდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, არც დიდი ფული ჩადებულა და ფეხბურთისკენ არც ბიზნესი შემოტრიალებულა. მაგრამ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, რომ მეორე ლიგის ახალი ზონის დაფუძნება საქმეს წაადგებოდა და რამდენიმე ახალი გუნდიც გამოჩნდა. მათმა გათვლამ აშკარად გაამართლა.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ კი საფეხბურთო მეურნეობაში ბევრი რამ შეცვალა: ცხადია, არის ხალხი, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ახალი გუნდით ფულს იშოვიან, მაგრამ გუნდების მატების მამოძრავებელი მიზანი მაინც ფეხბურთით დაინტერესება უნდა იყოს. 22 ახალი გუნდი კი, მინიმუმ, დამატებით დასაქმებულ 240 ფეხბურთელს, 22 მწვრთნელს და რამდენიმე ათეულ მსაჯს ნიშნავს.

მაგრამ 22 ახალი გუნდი იმასაც ნიშნავს, რომ საფეხბურთო სკოლებმა მეტი ფეხბურთელი უნდა გაზარდონ. პლუს იმასაც, რომ ძველი პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება - ახალ გუნდებს მეტი სტადიონიც დასჭირდებათ. გარდა ამისა, ახალი სამსაჯო რესურსის აუცილებლობაც გაჩნდება, რადგან საქართველოში მათი რაოდენობა უკიდურესად მცირეა...

გამკაცრდეს მოთხოვნები!
რამდენიმე წელია, რაც ახალგაზრდა სპეციალისტი დავით მაჩიტიძე მეორე ლიგაში საქმიანობს. შარშან მან მეორე ლიგის "ვარკეთილი" ჯგუფში მეორე ადგილზე გაიყვანა, წლეულს კი ბაღდათის "საირმეში" მიიწვიეს. მოკლედ, მაჩიტიძე ამ დონეზე არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს და მიიჩნევს, რომ დაწყებული პროცესიდან ქართულმა ფეხბურთმა შედეგი რომ მიიღოს, ფეხბურთის ფედერაციამ მოთხოვნები უნდა გაამკაცროს.

"ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ საკმაოდ დიდი რეზონანსი პოვა და გუნდების რაოდენობამაც ამიტომ მოიმატა - ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ამ გუნდების რაოდენობის გაზრდამ აუცილებლად უნდა გამოიღოს შედეგი, თუ ამ გუნდებში იქნებიან განათლებული, ლიცენზირებული მწვრთნელები, რათა ფეხბურთელები სწორი მიმართულებით აღზარდონ და უფრო მაღალი ლიგის გუნდებს მომზადებული და განსწავლული ფეხბურთელები მიაწოდონ.

თუ ასე არ მოხდა, ეს ფული წყალში გადაიყრება და შედეგსაც ვერ მივიღებთ. რაც მთავარია, დავკარგავთ ძვირფას დროს.

ჩემი აზრით, ფედერაციამ ქვედა ლიგებში ლიცენზირების საკითხი, განსაკუთრებით, მწვრთნელებში, მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში რისკი მინიმუმამდე შემცირდება და გუნდები იქნებიან სპორტული მიზნებისთვის და არა ფინანსურისთვის", - ამბობს მაჩიტიძე.

მაგრამ თავისთავად, გუნდების გაზრდის ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს პროცესი გაგრძელდება, შედეგს აუცილებლად გამოიღებს - ფეხბურთში ხარისხი რაოდენობაზეცაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ ქართულ ფეხბურთში ინათა - დღეს ამაზე ლაპარაკი სისულელეა. მაგრამ 22 ახალი გუნდის დაფუძნება არ შეიძლება, არ გვაიმედებდეს, რადგან დიდ ფეხბურთს საფუძვლები სწორედ ყველაზე დაბალ ლიგაში ეყრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Zestafonshi sadaa
zura
01:56 12-08-2016
0
Zestafonshi sadaa federacia ras aketebdi?
zestafonski
01:55 12-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული