"სამტრედია": დათო იმედაშვილი და ლუკა გადრანის ახალი გამოწვევები

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, მაგრამ სატრანსფერო სეზონი ჯერ არ დახურულა და გუნდები გაძლიერებას აგრძელებენ. ჩვენ რამდენიმე საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

მაგალითად, "სამტრედია" ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და ეროვნულ ჩემპიონატზე ისე გადაერთო, გუნდში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ევროგათამაშებამდე გია ცეცაძემ მხოლოდ გია მანჯგალაძე და ბაჩანა არაბული დაიმატა.

ახლა კი შევიტყვეთ, რომ სამტრედიელებმა კონტრაქტი ორ ახალ მოთამაშეს გაუფორმეს. პირველი დათო იმედაშვილია - "ვიტ ჯორჯიაში" გაზრდილი ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, რომელსაც ოთხ ქვეყანაში მოუპოვებია ტიტულები - უკრაინაში (კიევის "დინამოში" ირიცხებო
და), ლატვიაში ("ვენტსპილსი"), აზერბაიჯანში (ლენქორანის "ხაზარი") და საქართველოში (რუსთავის "მეტალურგი").

31 წლის უნივერსალს უთამაშია უნგრულ "ნირედიაზაში", 2013 წელს ბოლნისის "სიონიდან" "ცხინვალში" გადავიდა, ბოლოს კი პირველი ლიგის "რუსთავში" გამოდიოდა.

იმერული გუნდის მეორე ახალწვეული კი ცენტრალური მცველი ლუკა გადრანია. "ვიტ ჯორჯიაში" ზაზა დიდებაშვილთან გაზრდილი 19 წლის ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" დუბლებში აიყვანეს, შარშან ზაფხულში კი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ალავესთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბასკური გუნდის 19-წლამდელებში ვარჯიშობდა.

მაგრამ ამ ხნის განმავლობაში გადრანი უშედეგოდ ელოდა ესპანეთში ცხოვრების უფლებას და სამუშაო ვიზას. ამიტომ ოფიციალური მატჩების ჩატარებას ვერ ახერხებდა.

ლუკა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატიც გახლდათ, ევროშესარჩევისა და ელიტრაუნდების მატჩებზე საქართველოს ნაკრებში ჯერ ვასილ მაისურაძე იწვევდა, შემდეგ მისი შემცვლელი - გიორგი ყიფიანიც, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო ესპანეთში გადაადგილებას ერიდებოდა და საბოლოოდ, ამან დაბრკოლება არა მხოლოდ ნაკრებში შეუქმნა, არამედ წლეულს პრიმერა დივიზიონში აღზევებული "ალავესის" დატოვებაც ამის გამო მოუხდა.

"მე უკვე "სამტრედიაში" ვარ. მითხრეს, რომ კონტრაქტს ხელს მოვაწერთ და ეს ძალიან მიხარია.

ესპანეთში მოხვედრა ყველას ოცნებაა, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ოფიციალური თამაშიც ვერ ჩავატარე, რამაც ხელი ძალიან შემიშალა.

ცხადია, ახლა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მადლობა გია ცეცაძეს და კლუბის ხელმძღვანელობას. ისინი მენდნენ და გუნდში ამიყვანეს. მინდა, რომ ეს ნდობა გავამართლო", - ამბობს გადრანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ივარგეთ ,იქნებ რაიმეს მიაღწიოთ.
მთავარია ზეგ სიონთან ან არ წააგოთ ან ფრე არ ითამაშოთ, თორემ ჯგუფში 1-ლ ადგილზე გასვლის ოცნებას დაემშვიდობეთ სამუდამოდ.
Jango
14:34 12-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული