ლოკომოტივი-ტორპედო 0:0 - დასიცხულთა უშედეგო აფეთქებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალი საფეხბურთო სეზონის წინ ყველა ელოდა, რომ თამაშები საღამოს განათებაზე გაიმართებოდა. ეს ზაფხულში კიდევ უფრო აუცილებელია, რაც "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ჩვენს ფეხბურთელებს მოძრაობა ისედაც უჭირთ და, ტემპერატურა 35 გრადუსს რომ აჭარბებს, შენელებული მოძრაობების ყურება კიდევ უფრო ძნელია...

მაგრამ ესეც ვერ გაამართლებს იმ დაბალ ტემპს, რაც მეტოქეებმა შემოგვთავაზეს - გრილ და სასიამოვნო ამინდშიც ხომ თითქმის იგივე ხდება. პოზიტიური ის იყო, რომ მეტოქეები რამდენიმე ეპიზოდში მაინც აფეთქდნენ და ლამაზი კომბინაციები გაითამაშეს...

მე-15 წუთზე გრიგოლ დოლიძე საჯარიმოში შეიჭრა და გიორგი ფოფხაძის
ჩამოტოვება სურდა, როცა საჯარიმოში წაიქცა და სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ, შესაძლოა - უსაფუძვლოდაც.

მალე "ლოკომოტივმა" საპასუხო შეტევა წამოიწყო, მაგრამ დავით უბილავას ფლანგური გადაცემა ლუკა ზარანდიამ ვერ დააგვირგვინა.

27-ე წუთზე ქუთაისელთა ექსკაპიტანმა გიორგი კუხიანიძემ გადაცემა ჩაჭრა და კარის სიახლოვეს დავით ჩაგელიშვილი მოძებნა, ეს უკანასკნელი კი მცველს გასცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა და მშვენიერი მომენტით ვერ ისარგებლა.

მძიმე დასაწყისის შემდეგ ქუთაისელები გამოცოცხლდნენ, უფრო ორგანიზებულად ათამაშდნენ და რამდენჯერმე სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება მოახერხეს. 34-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დოლიძემ ბურთი საჯარიმოში სახიფათოდ ჩაჰკიდა, მაგრამ ოთარ კვერნაძე ვერ შესწვდა, არადა, რეალური მომენტი იყო!

38-ე წუთზე მარცხნიდან ბექა ტუღუშმა კუთხური შეასრულა, გუგა ფალავანდიშვილმა თავით ისევ კართან ახლოს მყოფ კვერნაძეს უპასა, მაგრამ ქუთაისელთა ტანმაღალმა თავდამსხმელმა ამ მომენტითაც ვერ ისარგებლა. ამის შემდეგ კი ავთო ენდელაძის სახიფათო შეტევაც უშედეგოდ დასრულდა.

ცხადია, გვაინტერესებდა, რა მდგომარეობაში იყო ბელგიური "გენკიდან" "ლოკომოტივში" დაბრუნებული ლუკა ზარანდია - ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ინდივიდუალურად უტევდა. ის ჯერ ფორმაში არ არის და ეს გასაგებია - ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა...

მოკლედ, ტაიმი უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ფალავანდიშვილს შეეძლო: 43-ე წუთზე, მისი სახიფათო თავურის შემდეგ, ბურთი მცირედით ასცდა "ლოკომოტივის" ხარიხას.

23 წლის საყრდენი მეორე ტაიმშიც ქუთაისელთა ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. 47-ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმოსთან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ფალავანდიშვილმა "სტანდარტი" უაღრესად სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ მეკარე რევაზ თევდორაძემ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა და კუთხურზე მოიგერია.

ქუთაისელებმა პენალტი მეორე ნახევარშიც მოითხოვეს, როცა ფლანგური გადაცემის შემდეგ მასპინძელთა მცველმა ვარდნაში მოიგერია ბურთი და სტუმართა აზრით, ეს ხელით გააკეთა, მაგრამ ლაშა სილაგავამ სხვაგვარად განსაჯა.

მერე "ტორპედომ" სწრაფი კონტრშეტევა კიდევ ერთხელ წამოიწყო. გიორგი ქიმაძემ საჯარიმოსთან "სამკუთხედი" გაუთამაშა თორნიკე კაპანაძეს და დაბრუნებულ ბურთს საჯარიმოს ხაზიდან დასცხო - თევდორაძემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა და ვითარება განმუხტა.

66-ე წუთზე ისევ ქიმაძემ შეუტია და მარცხენა ფლანგიდან კაპანაძის ჩაწოდების შემდეგ მიზნისკენ ძლიერადაც დაარტყა, თუმცა მეკარეს ამჯერადაც ვერ აჯობა.

თბილისელებმა კი "ბრჭყალები" ბოლოსღა გამოაჩინეს - კუხიანიძე საკუთარი საჯარიმოდან დაიძრა და დაახლოებით 23 მეტრიდან ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ როინ კვასხვაძე მშვიდად და საიმედოდ იდგა.

82-ე წუთზე, უწყინარ ვითარებაში, ვაჟა ტაბატაძემ უკნიდან რატი არდაზიშვილი მოცელა, არბიტრს მეორე ყვითელი ბარათი დასტყუა და მოედანი დატოვა. ამის მიუხედავად, "ტორპედო" არ გაჩერებულა. დავით სამურკასოვის სახიფათო შეტევას მათ ზედიზედ ორი საპასუხო იერიში მოაყოლეს: პირველის დასრულება კაპანაძეს მცველმა არ დააცალა და საჯარიმოში ბურთი ფეხიდან ააცალა, მეორედ კი, დოლიძის ჯარიმის შემდეგ, კარში გიორგი გურულმა დაარტყა და ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა მიზანს.

უშედეგო გამოდგა ირაკლი კლიმიაშვილის დარტყმაც და იქვე საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც საკმაოდ უფერული თამაშის უფერული ფრე დააფიქსირა.

და კიდევ ერთი - გუშინ, 14 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" 80 წლის გახდა. ვულოცავთ!

უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტური
13.08. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-ტორპედო 0:0
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ხიდეშელი, მახარაძე, ფოფხაძე, კლიმიაშვილი, სამურკასოვი (64. დიასამიძე), ზარანდია (57. არდაზიშვილი), კუხიანიძე, უბილავა (72. კიკნაძე), ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: შეროზია, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ქიქავა
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, კოლინი, ტუღუში, მამასახლისი, ფალავანდიშვილი, ენდელაძე (63. ქიმაძე), ბაბუნაშვილი (70. საღრიშვილი), დოლიძე, კვერნაძე (51. კაპანაძე).
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ვ. კვარაცხელია, ნერგაძე, ჭიჭინაძე
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილებები: ხიდეშელი (16), ტუღუში (48), ტაბატაძე (69), გაბაძე (70), ჩაგელიშვილი (71), ფოფხაძე (86), მახარაძე (89)
გაძევება: ტაბატაძე (81)
არბიტრი: ლ. სილაგავა

III ტური
20 აგვისტო, შაბათი
ჩიხურა-ლოკომოტივი
გურია-შუქურა
ცხინვალი-დინამო (თბ)

"ტორპედო" ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიდეოზე 1.45 ნახეთ ლოკომოტივის მცველი ხელით თამაშობს საჯარიმოში,პენალტია აბა რა არის ეს.
tornike
15:25 15-08-2016
0
ხან ცხელა, ხან სბორებიდან ახალი ჩამოსულები არიან, ხან ტური მთავრდება და გადაღლილები არიან. როდისღა აპირებენ თამაშს?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
15:06 15-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული