შედეგიანობის მხრივ, III ტური წინას მცირედით ჩამორჩა. თუ მეორე ტურში, საშუალოდ მატჩში, 3.6 გოლი გავიდა, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5-ს გაუტოლდა. რაც შეეხება დაძაბულობასა და ინტრიგას, დღევანდელი სატურნირო განლაგება ამას ნამდვილად გვპირდება...
* * *
პაოკ-თან გადატანილი მტკივნეული მარცხის შემდეგ თბილისის "დინამოს" შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა. ბერძნებთან ნათამაშები თერთმეტეულიდან განაცხადშიც არ იყვნენ ზაზა ჭელიძე, უჩა ლობჟანიძე, ლადო დვალიშვილი, მატიას კურიე და ჯაბა ჯიღაური. ლობჟანიძე ტრავმირებულია, დვალიშვილიც ბოლომდე არ მომჯობინებულა. ლოგიკურად, უნდა დავასკვნათ, რომ დანარჩენები თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა 25 აგვისტოს საპასუხო მატჩისთვის დაასვენა, ხოლო ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს დებიუტისა და თავის გამოჩენის საშუალება მისცა - თორნიკე კირკიტაძე თავიდანვე ათამაშა და მარჯვენა მცველად დააყენა, ხოლო შემტევი ნახევარმცველი გიორგი ზარია შეცვლაზე შეუშვა.
მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ საჩხერის "ჩიხურაში" უმაღლეს ლიგასთან გაშინაურებულმა რეაქტიულმა კირკიტაძემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ზარია უფრო ნერვიულობდა, მაგრამ მოედნის ხედვა და სხარტი აზროვნება რომ აქვს და კარგი პასებიც ეხერხება, ეს ნამდვილად გამოჩნდა...
მე-10 წუთზე სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს - გიორგი ნადირაძე რენე ფერეირას დარტყმულს გადაეღობა, მაგრამ ბურთი კარისკენ მაინც გაგორდა. თუმცა მარტო დარჩენილმა დინამოელებმა - იმავე რენემ და ალეკო ამისულაშვილმა ფეხის წაკვრა და ცარიელი კარის აღება ვერ მოახერხეს.
პირველად ბადე ცხინვალელებმა შეარხიეს: მე-6 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ჯაბა დვალმა კარის წინ ლაშა ქოჩლაძეს "მაკრატელათი" დაუბრუნა და ამანაც ზუსტად დაარტყა, მაგრამ... ლაინსმენმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, თანაც, დვალზე თამაშგარე დაგვიანებით დააფიქსირა - მატჩის ვიდეომიმოხილვაში ისე ჩანს, თითქოს, ალამი გოლის შემდეგ აღმართა და არა - დვალზე გადაცემის მომენტში.
ორი აზრი არ არის, "დინამო" მეტოქეს სჯობდა და დიდი ალბათობით, 3 ქულას ამ გოლის ჩათვლის შემთხვევაშიც მოიპოვებდა, მაგრამ თამაში სხვა ხიბლსა და ინტრიგას შეიძენდა...
ანგარიში მე-18 წუთზე სტუმრებმა გახსნეს და ცხინვალელებმა პრეტენზია ამაზეც გამოხატეს: მეტოქის საჯარიმოში გიორგი პაპუნაშვილი დავით მაისაშვილთან შეჯახების შედეგად წაიქცა. თუმცა ამ შემთხვევაში, მსაჯის გადაწყვეტილება უფრო საფუძვლიანი ჩანდა - დინამოელ შემტევს წაქცევაში მცველი ხელის კვრით დაეხმარა. პენალტი მათე ცინცაძემ უნაკლოდ შეასრულა - 0:1.
36-ე წუთზე თბილისელებმა მეორეც გაიტანეს. პაპუნაშვილი საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მაინც მოახერხა ბურთზე ფეხის წაკვრა, ოთარ კიტეიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც "ცხინვალის" კარი მეორედ აიღო - 0:2.
მეორე ტაიმი სახალისოდ წარიმართა და ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, სულ კი მაყურებელმა 4 გოლი იხილა: გიორგი ცერცვაძისა და გიორგი კახელიშვილის მიერ განვითარებული სწრაფი და ლამაზი შეტევა ჯაბა დვალმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 1:2.
"ცხინვალმა" მთელი ძალით შეუტია და როგორც კი ანგარიშის გათანაბრების იმედი გაუჩნდა, დინამოელებმა ორბურთიანი სხვაობა სწორედ მაშინ აღდგინეს: კუთხური ცინცაძემ შეასრულა, ნადირაძე გამოსვლაზე შეცდა და რენე ფერეირამ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 1:3.
"დინამოს" ტემპი არ შეუნელებია და მეოთხეც გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან ვახტანგ ჭანტურიშვილის გადაცემა გიორგი პაპუნაშვილმა ეფექტური თავურით დაასრულა - 1:4. საერთოდ, გუშინ პაპუნაშვილი ნაკლებად ცდილობდა ინდივიდუალურად ფონს გასვლას, უფრო გუნდზე ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილებაც არ დაუტოვებია.
ყველაზე კარგი ის იყო, რომ მასპინძლების ენთუზიაზმი ამანაც არ ჩააცხრო და სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს: კუთხურიდან ნიკა გაბრიჭიძის ჩაწოდებული ბურთი თამაზ მაქაცარიამ თავურით მეკარის საჯარიმოსთან უმეთვალყურეოდ დარჩენილ გულვერდ თომაშვილს გადააწოდა, მან კი თავურითვე თავისი ყოფილი გუნდის კარის ბადე შეარხია. საბოლოოდ - 2:4.
"დინამომ" სამიდან მეორე შეხვედრა მოიგო და "წითელ ჯგუფში" 7 ქულით "ჩიხურასთან" ერთად დაწინაურდა.
მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი: "ორი დღის წინ უმძიმესი შეხვედრა ჩავატარეთ და დღეს ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გვაკლდა.
ევროთასების შემდეგ ესეც რთული მატჩი გამოდგა. დღეს ჩვენთვის მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ეს მოახერხეს. კირკიტაძესა და ზარიას კი დებიუტს ვულოცავ! ეს მათთვის საუკეთესო გამოცდილება იყო და ორივემ დიდი პოტენციალი გამოავლინა".
უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. III ტური
21.08. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ცხინვალი-დინამო (თბ) 2:4
გოლები: 0:1 ცინცაძე (18-პენ), 0:2 კიტეიშვილი (36. პაპუნაშვილის პასით), 1:2 დვალი (50. კახელიშვილის პაისთ), 1:3 რენე ფერეირა (68. ცინცაძის პასით), 1:4 პაპუნაშვილი (71. ჭანტურიშვილის პასით), 2:4 თომაშვილი (73. მაქაცარიას პასით)
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, თომაშვილი, მაისაშვილი (81. კაჭკაჭიშვილი), ბაჩიაშვილი, სულთანიშვილი, ქარდავა, კახელიშვილი (72. გაბრიჩიძე), ქოჩლაძე (63. მაქაცარია), მახარობლიძე, დვალი.
სათადარიგოები: კერესელიძე, კასრელიშვილი, მ. გელაშვილი, ფირცხალავა.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო: სკრიბე, კირკიტაძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, შპიჩიჩი, ცინცაძე, ალვარო, ჭანტურიშვილი (74. თევზაძე), კიტეიშვილი (72. ზარია), პაპუნაშვილი, მიქელთაძე (55. პარუნაშვილი).
სათადარიგოები: ლომაია, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე.
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
მომდევნო ტური
27 აგვისტო
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-გურია
შუქურა-ცხინვალი
ტორპედო-ჩიხურა
დინამო (თბ) ისვენებს
წითელი ჯგუფი
კოლხეთი-საბურთალო
დილა-სიონი
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
სამტრედია ისვენებს
ბომბარდირები
თ. შონია (დინამო, ბთ) 4
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"