საბურთალო-სამტრედია 2:2 - დამაინტრიგებელი ფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურის ცენტრალური შეხვედრა ისეთი დაძაბული გამოდგა, საყურებლად ნამდვილად ღირდა. მაყურებელმა 4 გოლი და უშეღავათო ფეხბურთი იხილა.

დასაწყისი სამტრედიელების იყო და პირველ ტაიმში სტუმრები სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ კიდეც. 37-ე წუთზე, დავით რაჟამაშვილმა საჯარიმოს სიახლოვეს მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და მოულოდნელად კარში ძლიერად დასცხო - 0:1.

გავიდა ერთი წუთი და გიორგი გამყრელიძემ ჩინებული გადაცემით საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ლაშა შერგელაშვილი, რომელმაც იმერელთა უპირატესობა გაზარდა - 0:2.

მაგრამ სტუმრებმა 3 ქულის მოპოვება მაინც ვერ მოახერხეს. მეორე ნახევარში თბილისელები გააქტიურდნენ. 59-ე წუთზე, გიორგი ხარაიშვილმა კარში
დაარტყა და ბურთზე გასულ ნიკა სანდოხაძეს შეეჯახა. არბიტრმა ეს წესის დარღვევად მიიჩნია და პენალტი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებამ სტუმრებისა და მათი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ არბიტრმა ვერდიქტი არ შეცვალა, ხარაიშვილმა კი უნაკლოდ დაარტყა პენალტი და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2.

სტუმრებს პრეტენზია მაშინაც გაუჩნდათ, როცა გიორგი დათუნაიშვილი საჯარიმოში შეიჭრა და მცველთან ბრძოლაში წაიქცა. სამტრედიელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. არადა, ერთი შეხედვით, მათი პრეტენზია უსაფუძვლო არ უნდა ყოფილიყო.

პაბლო ფრანკო მარტინმა შეტევის გაძლიერება სცადა და ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიათი ჩაანაცვლა, გუნდი კი 3 მცველზე გადაეწყო. მასპინძლებმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს.

გატანა რატი ცაცკრიალაშვილსა და გიორგი კოხრეიძეს შეეძლოთ, მაგრამ მასპინძლებმა ქულა სწორედ შეცვლაზე შესული ფანცულაიას ფლანგური გარღვევის შედეგად მოიპოვეს - საჯარიმოში ირაკლი ბიძინაშვილი გათავისუფლდა და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

უმაღლესი ლიგა. წითელი ჯგუფი. III ტური
20.08. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-სამტრედია 2:2
გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (34), 0:2 შერგელაშვილი (35. გამყრელიძის პასით), 1:2 ხარაიშვილი (59-პენ) (59), 2:2 ბიძინაშვილი (84. ფანცულაიას პასით)
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი (83. ფანცულაია), თედორე გრიგალაშვილი, ხარაიშვილი, ელვინი (57. ცაცკრიალაშვილი), სანტიაგო ხარა (69. კოხრეიძე), ბიძინაშვილი, ჩაბრაძე, გარსია პენა.
სათადარიგოები: ქურდაძე, სოფრომაძე, გვარაძე, რუხაძე
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი (68. მჭედლიშვილი), სანდოხაძე, ცნობილაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (87. ჯიქია), გამყრელიძე, არაბული (77. მარკოზაშვილი), ზივზივაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, გოგიაშვილი, ახალაძე, ნინუა
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (53), სანდოხაძე (60), მიგინეიშვილი (71), თედორე გრიგალაშვილი (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

მომდევნო ტური
27 აგვისტო
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-გურია
შუქურა-ცხინვალი
ტორპედო-ჩიხურა
დინამო (თბ) ისვენებს

წითელი ჯგუფი
კოლხეთი-საბურთალო
დილა-სიონი
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
სამტრედია ისვენებს

ბომბარდირები
თ. შონია (დინამო, ბთ) 4
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მეც რაც ვნახე: ხარაიშვილი ასწრებს სანდოხაძეს ბურთზე თამაშს და მერე აქცევს ფეხებში ვარდნით. მეტი პენალტი რაღაა აბა?!
ეგეთი სიტუაცია მომხდარიყო სამტრედიაში მათ სასარგებლოდ და მსაჯს არ დაედო პენალტი, მერე რა მოხდებოდა იქ ხო წარმომიდგენია. ცოტა ობიექტურები იყავით!
VENDETTA
17:35 22-08-2016
0
ეს რა უმსგავსობააა რას ერჩიტ სამტრედიას გუნდი ცდილობს ფეხბურთი ითამაშოს და არ აცლიან(მსაჯები)თან ეს პირველი შემთხვევა არააა!!!!!თან ეს სისტემატიურად ხდება როცა სამტრედიას თბილისში აქვს თამაში.
samtredia fan
15:47 22-08-2016
0

სიახლეები პოპულარული