ჩიხურა-ლოკომოტივი 3:2 - საფეხბურთო სპექტაკლი ოლიმპიური ოქროს ფონზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩის დაწყებამდე ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფმა საჩხერელმა მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაციები და ყიჟინა უძღვნა აქაური გოლიათის, ლაშა ტალახაძის უმაღლეს, უმძიმეს (წონის თვალსაზრისით), რეკორდულ და ისტორიულ გამარჯვებას და აპლოდისმენტები არც ლადო ხინჩეგაშვილისათვის დაიშურა. ეს ემოციური მუხტი ფეხბურთელებსაც გადაედოთ, რომლებმაც ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი შესთავაზეს გულშემატკივრებს.

თამაში პირდაპირ შეტევით დაიწყო "ლოკომოტივმა". ჩაგელიშვილი თავისივე თავგამოდებამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. დარტყმაც ძლიერი და ზუსტი გამოვიდა, მაგრამ... კარში ჰამზიჩი იდგა.

ამ მომენტმა იმთავითვე მიანიშნა საჩხერელებს, რომ თბილისელები იოლად არაფერს დათმობდნენ. ასეც მოხდა. ბურთს საერთოდ არ ეძლეოდა "შესვენებისა და
სულის მოთქმის" საშუალება. არავითარი დროის გაყვანა!

საბედნიეროდ, საჩხერელებმა გამოწვევა მიიღეს და შეტევას ისე სწრაფად მოსდევდა კონტრშეტევა, რომ თვალს უჭირდა სახიფათო მომენტების დაფიქსირება და აღქმა.

ამ სიტუაციაში ჩვეული დამაჯერებლობით ირჯებოდა ჰამზიჩი, რომელმაც არც ერთი "სახეობის" დარტყმა არ შეუშვა კარში: არც ჩაწოდებული, არც ნაჯარიმალი, არც ნაკუთხურალი და არც ნარიკოშეტალი.

რაც შეეხება ორ გაშვებულ გოლს, მათში მეკარის დადანაშაულობა, უბრალოდ, უმადურობა იქნება. იგივე ითქმის თევდორაძეზეც, რომელსაც გაცილებით მეტი ჯაფა ადგა. მისი საიმედოობა და ზოგჯერ იღბლიანობა რომ არა, შეიძლებოდა, ანგარიში ასტრონომიული ყოფილიყო.

კიდევ ერთი მისასალმებელი გარემოება: მიუხედავად ასეთი ტემპისა, თამაში იშვიათი კორექტულობით წარიმართა. ის ორი გაფრთხილებაც უხეშობის კი არა, მსაჯთან წაკამათების შედეგი იყო. აღსანიშნავია წყვილი "დუბლი" (ლობჟანიძე, ჩაგელაშვილი).

პირველ ტაიმში საჩხერელებს უპირატესობა კი ჰქონდათ, მაგრამ იმდენად მცირე, რომ გარდა ანგარიშისა, ყველა საფეხბურთო კომპონენტს თითქმის თანაბრად იყენებდნენ გუნდები.

მე-8 წუთზე ლობჟანიძის საგოლე დარტყმა კუთხურზე მოიგერია თევდორაძემ, ნაკუთხურალისგან კი იღბალმა იხსნა. მე-18 წუთზე ჰამზიჩმა არ დაანება გატანა ფოფხაძეს - უძნელესი ბურთი აიღო; 32-ე წუთზე გრიგალაშვილმა "სლალობით" შეაღწია მოწინააღმდეგის საჯარიმოში,  "კედელი" გაითამაშა გაბედავასთან და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 36-ე წუთზე სიზუსტე ვერ მოზომა მახარაძემ, თორემ... მერე ივანიშვილისა და მუმლაძის დარტყმულებს მცველები გადაეღობნენ.

ეს განსაკუთრებით მწვავე მომენტებია, თორემ ნახევარმომენტებს თვლა არ ჰქონდა.

მეორე ტაიმი პირველის ანალოგიურად დაიწყო. მოედანზე ახალშემოსულმა ზარანდიამ, მართალია, მეკარის შეუვალობის გამო მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ აქტიურობით საგრძნობლად გაზარდა გუნდის მარგი ქმედების კოეფიციენტი. სწორედ მან უპასა 79-ე წუთზე ჩაგელიშვილს ისეთ ხელსაყრელ პოზიციაზე, დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო.

ასე მოხდა იმ დროს, როცა ანგარიში 2:0 იყო და თამაშსაც ინტრიგა დაუბრუნდა. მეორე გოლი საჩხერელებმა 51-ე წუთზე გაიტანეს. მუმლაძემ ცენტრში მიღებისთანავე ახლოს მოძებნა ლობჟანიძე და რბილი, გამოზომილი პასით გაიყვანა გარღვევაზე. მცველები დაიბნენ და, როცა გამოფხიზლდნენ, საჩხერელთა შეტევას ნახევარი მოედანი უკვე გადარბენილი ჰქონდა და მეკარესთან პირისპირ იყო გასული.

შემდგომ გოლებამდე კიდევ არაერთხელ იყოჩაღეს მეკარეებმა. ძალიან თვალსასეირო იყო 70-ე წუთი: ლობჟანიძის ჩახვეული დარტყმა კარის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ძელების გადაკვეთას ეძგერა.

ნაყოფიერი გამოდგა მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთიც: ჯერ იყო და, ახალშემოსულმა დეკანოიძემ ბურთის პირველივე შეხებით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლობჟანიძე, რომელმაც ანგარიში 3:1 გახადა, ხოლო 94-ე წუთზე ლოკომოტიველთა შტურმს გაჭირვებით იგერიებდნენ საჩხერელი მცველები მანამ, სანამ ხიდეშელმა მძლავრი დარტყმით ციხესავით არ აიღო კარი.

უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. III ტური
20.08. ივანწმინდა
ჩიხურა-ლოკომოტივი 3:2
გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (32. გაბედავას პასით), 2:0 ლობჟანიძე (54. მუმლაძის პასით), 2:1 ჩაგელაშვილი (79. ზარანდიას პასით), 3:1 ლობჟანიძე (90. დეკანოიძის პასით), 3:2 ხიდაშელი (90+4)
ჩიხურა: ჰამზიჩი, ლობჟანიძე, ივანიშვილი (65. გორგიაშვილი), კაშია, გრიგალაშვილი, გაბედავა (89. დეკანოიძე), ჩიკვაიძე, რეხვიაშვილი, განუგრავა, მუმლაძე (74. სარდალიშვილი), დობროვოლსკი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, კორიფაძე, კაკუბავა, ლექვიაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, მახარაძე, ხიდეშელი, ფოფხაძე, კუხიანიძე, დიასამიძე, ქიქავა (71. კიკნაძე), კლიმიაშვილი (46. ზარანდია), უბილავა (56. გავაშელიშვილი), ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, სამურკასოვი.
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
გაფრთხილება: რეხვიაშვილი (45), გრიგალაშვილი (80)
არბიტრი: ჯ. ხორავა

მომდევნო ტური
27 აგვისტო
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-გურია
შუქურა-ცხინვალი
ტორპედო-ჩიხურა
დინამო (თბ) ისვენებს

წითელი ჯგუფი
კოლხეთი-საბურთალო
დილა-სიონი
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
სამტრედია ისვენებს

ბომბარდირები
თ. შონია (დინამო, ბთ) 4
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული