"საბურთალო" შეხვედრას საკადრო ცვლილებებითა და სიახლეებით შეხვდა. ტრავმირებულია 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი, რომელიც ორ თვეს დაისვენებს.
სამაგიეროდ, ჩამოვიდა ახალი ლეგიონერი - ბრაზილიაში დაბადებული ვაგნერ გონკალვეშ ნოგეირა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. 20 წლის თავდამსხმელი 2014 წლიდან "ბასტია 2"-ში თამაშობდა და გასული სეზონის 19 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მან კოლხებთან ბოლო 13 წუთი ითამაშა.
...მოედნის საფარის უხარისხობის გამო
მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბულად და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მეტოქეები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ. ახლა ქულებს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, თავიდანვე რისკს ყველა ერიდება. ამიტომ რეალური სახიფათო მომენტები მხოლოდ მეორე ტაიმში შეიქმნა.
მასპინძელთა ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან ბოლო მომენტში სტუმართა მცველები საიმედოდ თამაშობდნენ.
72-ე წუთზე კი მოედანზე ვითარება დაიძაბა: გიორგი ხარაიშვილი ბურთისთვის ლაშა ჯღამაიას ებრძოდა და ამას კინკლაობა მოჰყვა, რაშიც სხვებიც ჩაერთვნენ და არბიტრმა გუნდური გარჩევების შესაჩერებლად ყვითელი ბარათი ერთდროულად ხუთ მოთამაშეს აუფრიალა, მათ შორის, კოლხების სათადარიგო მეკარე ლაშა ძაგანიას...
76-ე წუთზე ფოთელებმა 11-მეტრიანის უფლება მოიპოვეს, რასაც წინ უძღვოდა კურიოზული სიტუაცია. აუტიდან ბურთი მეკარე ოთო გოშაძეს ჩააწოდეს. ის ბურთის გატანას ერთი შეხებით შეეცადა, მაგრამ უხარისხო საფარზე ცუდად აუხტა და ლაშა ჯღამაიას მოხვდა. ამ დროს, მეკარე ბურთს გადაეფარა და კოლხების ნახევარმცველი წააქცია. არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც დავით ბოლქვაძემ უნაკლოდ შეასრულა - 1:0.
ბოლოს თბილისელებმა შეუტიეს და ერთ წუთში ორი მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს: ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ გაგი მარგველაშვილის თავური მეკარე გაბი თებიძემ მოიგერია და კოლხები გადაარჩინა. მალე კი თედორე გრიგალაშვილის დარტყმა მცირე მანძილით ასცდა მიზანს.
"კოლხეთმა" კი თამაში მოგებამდე მიიყვანა და თავის ჯგუფში მეორე ადგილი შეინარჩუნა. ვერაფერს იტყვი - გელა სანაია და კომპანია კვლავ ჩინებულად გამოიყურება.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური. "წითელი ჯგუფი"
27.08. ფოთი. "პარკი არენა"
კოლხეთი-საბურთალო 1:0
გოლი: 1:0 ბოლქვაძე (76-პენ)
კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია, რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, ქებურია, ბოლქვაძე, ოზარკივი (46. ჯღამაია), კორობკა, შ. კერძევაძე, ჟიშკარიანი, ნიქაბაძე (30. ლუკავა/80. ლ. კაკულია).
სათადარიგოები: ძაგანია, ნ. ტუღუში, გოგონაია, გედენიძე
მწვრთნელი: გელა სანაია
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი (86. რუხაძე), კარასკო, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ხარაიშვილი, ელვინ ტერა (79. გონსალო ვაგნერი), ჩაბრაძე, სანტიაგო ხარა, ფანცულაია (71. კოხრეიძე), გარსია პენა.
სათადარიგოები: ქურდაძე, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, სოფრომაძე
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
გაფრთხილება: ქებურია (15), ჯღამაია (72), თებიძე (72), ძაგანია (72), გოშაძე (72), თ. გრიგალაშვილი (72), ჩაბრაძე (81), ლ. კაკულია (82)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 5
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3
სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"