რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია დღეს, 1-ელ სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა და ევროთასებზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ კლუბში მომხდარი ცვლილებები გაახმოვანა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დეკემბრამდე კვლავ სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი დაიკავებს.

"ჩემპიონატი იწყება და მთავრდება დეკემბერში. არ მსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ იურაი იარაბეკი დარჩება სეზონის ბოლომდე", - განაცხადა ფიფიამ.

სპორტული დირექტორის პოსტი ლევან გაბრიჩიძემ დაიკავა, რომელსაც ავსტრიაში მენეჯერის განათლება აქვს მიღებული.

"ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იყო გადასადგმელი და მე ეს ნაბიჯი გადავდგი. სპორტული დირექტორის პოსტს
მიხეილ ხუციშვილის ნაცვლად ლევან გაბრიჩიძე დაიკავებს", - თქვა ფიფიამ.

ფიფიამ სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

"რამდენჯერმე ვისურვე გუნდის გაახალგაზრდავება, მაგრამ იცით, რაშია საქმე? როდესაც ხდები ჩემპიონი, წინ ევროასპარეზი გელის და უფრო მეტიც, ჩემპიონთა ლიგა და როცა მენეჯერები გეუბნებიან, ამ გუნდით ვერაფერს გავაკეთებთო, იძულებული ხდები, შენს პოლიტიკას ასცდე...

რამდენჯერაც არ უნდა გავხდეთ ქვეყნის ჩემპიონი, ეს არ იქნება "დინამოს" პრიორიტეტი!

მაგრამ ეს წარუმატებლობა მხოლოდ "დინამოს" ბრალი არ არის. ქვეყანაში უნდა ამაღლდეს ჩემპიონატის დონე. მინიმუმ 4 გუნდი უნდა იყოს შეძლებული. საჭიროა კარგი ინსფრასტრუქტურა, კარგი საფარი... მე რომ ვიყიდო დღეს 10 მილიონად ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივარი მოითხოვს, ხვალ საქართველოს ჩემპიონატში სად ვათამაშო? ამიტომ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ამ გზას - უნდა აღვზარდოთ ბავშვები და მოვამზადოთ პირველი გუნდისთვის. ახლა 19-წლამდელები ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე და მთავარი გუნდის შევსებას ამ ბავშვებით ვაპირებთ - მათი როლი დიდი იქნება.

ძირითად გუნდში ლეგიონერებიდან დღესდღეობით დარჩებიან სკრიბე, რენე და ველევი. სამწვრთნელო შტაბს შევუთანხმდით ამაზე, დანარჩენების დატოვება კი შეუძლებელია.

40 ლეგიონერამდე ვათამაშე ამ ხნის განმავლობაში და ჩისკოს გარდა, თითქმის ვერავინ გაამართლა. ცუდი სტატისტიკა გვაქვს ამ მხრივ.

დღევანდელი გუნდი მზად იყო, მინიმუმ ევროპალიგაზე ეთამაშა. მწვრთნელს სწორედ ეს პირობა დავუყენე - მინიმუმ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი! მაგრამ, იცით, დავიღალე უკვე გუნდის დაშლით!

ამას აღარ გავაკეთებ! გვყავს მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებსაც არ ეძლევათ თამაშის დრო. აღარ იქნება ასე.

გგონიათ, მსიამოვნებს მილიონების ჩაყრა? ამის ხალისიც დავკარგე და მოტივაციაც აღარ მაქვს ამის კეთების. თქვენთვის, ხალხისთვის ვეცადე, მაგრამ საოცრება არ ხდება - გასაკეთებელი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს და გასავლელი გავიაროთ.

გაბრიჩიძეს მიზნად გუნდის გაახალგაზრდავებას ვუსახავ. ლეგიონერებით მიღწეული საქართველოს ჩემპიონობა არ მსურს. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ - პატარებს დრო უნდა მიეცეთ. არ მოვითხოვ "დინამოსგან" ხვალ ჯგუფურ ეტაპს. მე ეს გრძელვადიანი პროექტით გადავდე.

არ მსურს იმ არასწორი გზით სიარული, რომლითაც ეს წლებია დავდივარ.

იურაი იარაბეკის შემდეგ დანიშნული მთავარი მწვრთნელი თავისი ბიოგრაფიით გაგახარებთ, გპირდებით", - თქვა ფიფიამ.
მკითხველის კომენტარები / 36 /
კაროჩე რაა,დამთავრდა დინამოს ჩემპიონობაც და ყველაფერი.აბა საბავშო ბაღით რაუნდა გააკეთოს?
vai tqvens patrons
14:43 01-09-2016
0
ძლივს რაღაცა საღი მოსაზრება გავიგონე
dato
14:44 01-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული