ალეკო ჩაკვეტაძე: პაოკ-ის გახსენება აღარ მინდა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა. გელა სანაიას გუნდმა 4 მატჩში 9 ქულა დააგროვა. ამას დაცვის ხაზის საიმედო თამაშიც განაპირობებს. ბოლო ორი შეხვედრაა, სანაია ძირითადში რასიმ რამალდანოვსა და ალეკო ჩაკვეტაძეს აყენებს.

ალეკო ჩაკვეტაძის კარგი თამაში მხედველობიდან ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც არ გამორჩენია და ამ ორი შესარჩევი მატჩისთვის კოლხების 21 წლის მცველიც გამოიძახა.

რამალდანოვი თავიდანვე ძირითადში იყო, ჩაკვეტაძემ კი ომარ გოგონაიას ადგილი დაიკავა - ფოთელთა კაპიტანი მეორე ტურში, ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრაში გააძევეს. ჩაკვეტაძე დამაჯერებლად იდგა დაცვაში, სანაიამ კი მოგებული შემადგენლობა არ შეცვალა.

ალეკო ჩაკვეტაძე საინტერესოა იმითაც, რომ ორი წლის წინათ, ყველასთვის უცნობი 18 წლის ბიჭი, სალონიკის პაოკ-თან კონტრაქტს აფორმებდა. საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ვარჯიშზე დაშავდა და ყველაფერი წყალში ჩაეყარა - საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა.

- მიხარია, რომ თამაში ასეთი კარგი ფეხბურთელის გვერდით მიწევს. რამალდანოვი ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი მცველია და მეც და ახალგაზრდებსაც ბევრს გვასწავლის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მეგობრული ადამიანია და გუნდს იოლად შეეწყო.

- სეზონის დაწყებამდე თქვენგან ასეთ სტარტს არავინ ელოდა...
- გასაგებია, რომ მდიდარი კლუბი არ ვართ, მაგრამ საკმაოდ გავძლიერდით და მთელი მოსამზადებელი ეტაპი სათამაშო დისციპლინასა და დაცვიდან შეტევასა და პირიქით, შეტევიდან დაცვაში სწრაფ გადასვლაზე ვმუშაობდით. სხვათა შორის, რამალდანოვის გარდა, უკრაინიდანაც კარგი მოთამაშეები დავიმატეთ და წარმატება მათი დამსახურებაცაა.

- როგორც მახსოვს, 2 წლის წინათ პაოკ-ში ვარჯიშობდით და კონტრაქტსაც გთავაზობდნენ...
- მაშინ, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, გოგა გახოკიძე კონტრაქტის გასაფორმებლად ჩამოვიდა, მაგრამ ვარჯიშზე დავშავდი და ყველაფერი ჩაიშალა. ტრავმირებულს კი ხელშეკრულებას არავინ გამიფორმებდა. ამის გახსენებაც არ მსურს.

- მაშინდელი გუნდიდან თბილისის "დინამოსთან" ბევრმა ითამაშა?
- ახლანდელი შემადგენლობიდან მაშინ იყვნენ მეკარე გლიკოსი, მცველი ცაველასი, ნახევარდაცვაში ალექსი და თავდასხმაში ათანასიადისი.

- მათ პირობებზე შეგიძლიათ წარმოდგენა შეგვიქმნათ?
- ყველაზე მაღალი ხელფასი 1,2 მილიონი დოლარი იყო, მინიმალური კი - 20 ათასი დოლარი. სერიოზული გუნდია, საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და ბევრი სპონსორი და გულშემატკივართა უდიდესი დაჯგუფება ჰყავს.

მიკვირდა, როცა ჩვენი გულშემატკივარი "დინამოსგან" ამ გუნდთან მოგებას ლამის კატეგორიულად ითხოვდა - სად საბერძნეთის ჩემპიონატის დონე და სად - ჩვენი?! იქ გაცილებით მაღალ სისწრაფეებზე თამაშობენ, ბურთს არავინ აყოვნებს. ამ სხვაობის დაძლევა კი ადვილი ნამდვილად არ არის. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, პაოკ-ის ასეთ უპირატესობას მაინც არ ველოდი.

- მათ დონემდე ძალიან ბევრი გვიკლია...
- კი, მაგრამ კლუბების დაფინანსების გაზრდითა და ძლიერი ლეგიონერებით ამ ჩამორჩენის შემცირება შესაძლებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ კაცო წინასწარმეტყველი ყოფილხარ და ბარემ ანგარიშიც მითხარი რო დავდო...
zaza
17:14 11-09-2016
0
არავითარი აღმოცენა კოლხეთი არაა!
1 მატჩი ძლივს მოიგო პენალტით ზუგდიდში, მეორე 5-0 წააგო საზიზღრად ბათუმის ისედაც სუსტ გუნდთან, 3-ში მართლა ღირსეულად მოიგო სიონთან და მეოთხე საბრუთალოთან ძლისვ მოიგო 1-0 და ისიც პენალტით.
თუ მხოლოდ რეზულტატებით მსჯელობთ მაშინ ის სახეზეა მეტნაკელბად,ხოლო თუ ანალიზით და ფაქტებით, მაშინ დიდი არაფერი საამაყოა კლუბისათვის 3 მოგებული მატჩიდან 2 მეტოქეზე უარესად ჩაატარო და მხოლოდ პენალტებით მოიგო.
ასე რომ, გელას სამუშო აქვს უამრვაი და ამის დასტური იქნება მისი სასტიკი მარცხი სამტრედიაში 11-ში.
Guadua
14:08 08-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული