მათე ვაწაძე: შეთამაშება გვაკლია, თორემ პოტენციალი არის...

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივში" საკმაოდ სოლიდური მოთამაშეები შეიკრიბნენ და, შეიძლება ითქვას, ჟერარ სარაგოსა მულეტის უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ეს შთაბეჭდილება ბოლო ტურში თბილისის "დინამოსთან" შეხვედრამ განამტკიცა.

"ლოკომოტივი" გასაკუთრებით ბოლო ტრანსფერით გაძლიერდა - საქართველოს ნაკრების წევრი მათე ვაწაძე დაიმატეს. საქართველოს ჩემპიონატში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ვაწაძე თბილისის "დინამოსთან" გამორჩეული იყო და მცველებს პრობლემებს უქმნიდა: "ორჰუსის" ექსთავდამსხმელმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია, ბევრს მოძრაობდა (დანიური სკოლა დაეტყო), პირველ ბურთს იღებდა, დაცვას ეხმარებოდა და რადგან თანაგუნდელები მის მომარაგებას ვერ ახერხებდნენ, შეტევებს მოედნის სიღრმიდანაც იწყებდა.

"მიხარია,
თუ ამ შეხვედრაში კარგად გამოვჩნდი. არადა, შვიდი თვეა, არ მითამაშია და რა თქმა უნდა, საუკეთესო ფორმაში არ ვარ. ჯერ ვერ შევაფასებ, ჩემი წასვლის შემდეგ როგორ შეიცვალა საქართველოს ჩემპიონატის დონე. თავად კი უდავოდ მოსამატებელი მაქვს. ვეცდები, ფორმა მალე აღვიდგინო და "ლოკომოტივს" უფრო მეტად დავეხმარო.

საერთოდ, ჩემს მდგომარეობაში თბილისის "დინამოს" მსგავს გუნდთან თამაში დიდი ენერგიასა და მონდომებას მოითხოვს. უბურთოდ ბევრი სირბილი მომიხდა, რადგან მეტოქე უპირატესობას ფლობდა, ჩვენ კი შეტევების ორგანიზება გვიჭირდა. იმანაც იმოქმედა, რომ თანაგუნდელებს ახლა ვეჩვევი და ერთმანეთს ნელ-ნელა ვუგებთ", - ამბობს ვაწაძე.

მისი აზრით, "ლოკომოტივს" ლიდერობის შანსი აქვს:

"ჩვენი გუნდი საკმაოდ მომეწონა და მიმაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გააჩნია. ეგაა, "ლოკომოტივში" ბევრი ახალი მოთამაშე მოვედით და შეთამაშება გვჭირდება - რამდენიმე ფეხბურთელს არათუ არ ვიცნობდი, საერთოდ, პირველად ვნახე.

მიმაჩნია, რომ ასეთ დროს თბილისის "დინამოსთან" ფრე ცუდი შედეგი არ არის. მასთან ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღო და მიმაჩნია, რომ ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ. განსაკუთრებული იყო ჩვენი მეკარის, რეზო თევდორაძის წვლილი. მან "დინამოსთან" შეუდარებლად ითამაშა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამბობს მიხარიაო, ქულა მოვიპოვეთო, თან ამბობენ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავსო... და ასე შემდეგ. რა გიხარია შვილო, 1-10-0-0 -ით ეთამაშებით ცხრილში თქვენს გვერდით მყოფ გუნდს, მერე გიხარიათ, ქულა მოვიპოვეთო. სწორედ ამიტომ ვარ ამ დღეში, რომ ასეთ ანტიფეხბურთს თამაშობთ. დაიხზომეთ: "დინამო" არაა "ბარსელონა", რომ ასეთი შიშით ეთამაშოთ. ცოტა გაინძერით რააა!!!!!
levani kaxeti
13:14 21-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული