საბურთალო-სიონი 1:1 - კანონზომერი ზავი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე კარგი, ცოცხალი და ბრძოლით გაჯერებული თამაში გამოდგა. მთელ მატჩს თუ შევაჯამებთ, "სიონი" ოდნავ უკეთესი იყო მეტოქეზე, მაგრამ ფრეს მაინც კანონზომიერ შედეგად მივიჩნევთ, რაკი საჭირო ჟამს "საბურთალომ" მოუმატა და ქულა გამოჰგლიჯა კარგად მოთამაშე მეტოქეს.

"სიონის" პროგრესი თვალსაჩინოა. გუნდი შეთამაშდა და თამაშს უმატა. ბოლნისელები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ეგაა, მეტი სიზუსტე მართებთ დამაგვირგვინებელ ფაზაში. "საბურთალოს" კი გუნდურობაში აქვს მოსამატებელი, ხოლო ცალკეული ფეხბურთელების პროგრესი თვალსაჩინოა. თუნდაც ელვინ ტერა ავიღოთ, ვინც ძალიან კარგი იყო მინდვრის ცენტრში - დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და
არაერთი შეტევა ჩაუშალა მეტოქეს.

ცალკე უნდა ვთქვათ "სიონის" ახალგაზრდა შემტევ დავით ვოლკოვზე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ბევრი არ არის მისებრ საინტერესეო ფორვარდი. ფაქტია - მას მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. აქვს გოლის ალღო, უშიშარია ორთაბრძოლებში და ტექნიკურიცაა...
..."სიონმა" მატჩი უკეთ დაიწყო. ორი შანსი ჰქონდა ბოლნისელთა რუს შემტევ ვიაჩესლავ სუშკინს. პირველ შემთხვევაში მას მეკარე ბექა ქურდაძემ არ გაატანინა, მეორედ კი მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა.

23-ე წუთზე აშკარად უკეთ მოთამაშე "სიონმა" ანგარიში გახსნა. მრავალსვლიანი კომბინაცია ერთი ამოსუნთქვით ჩათამაშდა - გიორგი ვასაძემ დავით ხურცილავას გადააწოდა, ამან მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეასრიალა ბურთი, სადაც მცირე რიკოშეტის შემდეგ კარგად გახსნილ ვოლკოვს მოუვიდა და ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია.

გაშვებული გოლის შემდეგ "საბურთალო" გამოცოცხლდა. ჯერ გიორგი ფანცულაიამ ვერ შეაგდო სეხნია ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ, მერე კი მასვე თავად გაუწია ასისტენტობა და ამ შემთხვევაში "სიონის" მცველი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.

სტუმრების პასუხმა არ დაახანა. ბოლნისელთა რიგებში ერთ-ერთმა საუკეთესომ, გიორგი ჯანელიძემ, საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი. ქურდაძემ კარი დროულად დატოვა და "საბურთალოს" საფრთხე აარიდა, თორემ ბოლნისელი შემტევები გოლის გასატანად უკვე კბილებს ილესავდნენ.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. ერთ ეპიზოდში გარსია პენა და ლაშა თოთაძე მაღალ ბურთზე ახტნენ. პენა 11-მეტრიანს ითხოვდა, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა. თავს ვერაფერზე დავდებთ, ერთი შეხედვით კი არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა სიტუაცია სწორად შეაფასა.

ეს იყო და, "საბურთალოს" ესპანელი მცველი კარასკო უპატიებლად შეცდა, ბურთი სუშკინს ჩააბარა, რომელმაც მშვენიერი შანსი გაფლანგა - მის დარტყმულს გვარიანად დააკლდა სიზუსტე.

ისევ "სიონის" შანსი: ლაშა კასრაძე ოთხ მეურვეს დაუსხლტა და ჯანელიძეს გაატანა ბურთი. ამან გიორგი გაფრინდაშვილს უპასა, თუმცა საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოდგა. გამოუყენებელი შანსებისთვის "სიონი" დაისაჯა.

მიმდინარეობდა მატჩის 71-ე წუთი, როცა "საბურთალოს" შეტევისას ბოლნისელთა მეკარე ნიკა დაუშვილმა საჯარიმო მოედანში გარსია პენა წააქცია. ნონიკაშვილმა დანიშნა პენალტი, რომელიც "პანენკა-პირლოს" სტილში ზუსტად შეასრულა ხარაიშვილმა. გოლი ლამაზი კი გამოვიდა, მაგრამ "საბურთალოს" ქომაგებმა გვარიანად ინერვიულეს, სანამ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთდა...

ამის შემდეგ გუნდებმა ნახევარმომენტები გაცვალეს. ბოლო დამატებულ წამზე კი დაუშვილმა აშკარად იხსნა "სიონი", როცა ხარაიშვილის ჯარიმის შემდეგ ურთულესი დარტყმული მოიგერია.

ეს იყო და, თამაშიც დასრულდა. ისე ჩანდა, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქულით ორივე გუნდი უკმაყოფილო დარჩა.

უმაღლესი ლიგა. VIII ტური. წითელი ჯგუფი
02.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
საბურთალო-სიონი 1:1
გოლები: 0:1 ვოლკოვი (23), 1:1 ხარაიშვილი (72-პენ)
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, ხარაიშვილი, ფანცულაია (77. კოხრეიძე), ჩაბრაძე, ხარა (85. მამუჩაშვილი), ტერა, ალთუნაშვილი (60. ვაგნერი), პენა.
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ნადარაია, ბუხაიძე, რუხაძე.
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
სიონი: დაუშვილი, დ. ფოფხაძე, კასრაძე, გაფრინდაშვილი (79. გიორბელიძე), ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, ვასაძე, ჯანელიძე, სუშკინი (70. კობახიძე), ვოლკოვი (84. სიხარულიძე).
სათადარიგოები: მერლანი, ვასილიევი, აბასალი, ჟადერი
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: დ. ფოფხაძე (80), კოხრეიძე (80), თოთაძე (89), ხურცილავა (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

მომტევნო ტური
თეთრი ჯგუფი
15 ოქტომბერი
ჩიხურა-შუქურა
გურია-დინამო (თბ)
ტორპედო-ლოკომოტივი

წითელი ჯგუფი
15 ოქტომბერი
სიონი-სამტრედია
დინამო (ბთ)-კოლხეთი

16 ოქტომბერი
ზუგდიდი-დილა

ბომბარდირები:
ჯ.დვალი (ცხინვალი) 7
ს.ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ.შონია (დინამო ბთ) 5
ზივზივაძე (სამტრედია) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ჩემპიონატია...
0
რატომ არ ცერტ როგორ ითამაშეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთსი მესამე თამასი?
dato
02:48 04-10-2016
0

სიახლეები პოპულარული