ცხინვალი-გურია 2:1 - დიდი შემობრუნება

AutoSharing Option
არავინ იცის, სეზონის ბოლოს რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ მატჩის შედეგს: "ცხინვალმა" ზედიზედ სამი მარცხის მერე ისეთი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, შესაძლოა, გადარჩენის ტოლფასიც რომ იყოს, თანაც, კახა კაჭარავას გუნდი ამ გამარჯვებით "გურიასაც" მიუახლოვდა და ვინიცობაა, საბოლოოდ ერთნაირი ქულები დააგროვონ, უპირატესობა "ცხინვალს" ექნება (ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის გამო).

ამას გარდა, "ცხინვალს" შედარებით უკეთესი კალენდარიც აქვს, თუმცა, "თეთრ ჯგუფში" მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, წინასწარ ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს. ამის ნათელი დადასტურება იყო შაბათის მატჩიც: პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ "ცხინვალი" ამ თამაშს
შემოაბრუნებდა?..

პირველი ტაიმი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა და "გურიას" ბრაზილიელ ლეგიონერს, დინიზს სწრაფი გოლის გატანაც შეეძლო, როცა გიგა ჭეიშვილის შორეული პასის მერე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ, მომდევნო ეპიზოდში შეძლო ახლო მანძილიდან ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა; თუმცა, ამ შემთხვევაში კომბინაცია უფრო იყო თვალსასეირო: ევგენი მოროზენკომ (უდავოდ, საუკეთესო რომ გახლდათ სტუმართა გუნდში) ოსტატური პასით მარჯვენა ფლანგზე დავით კირკიტაძე მოძებნა, ამ უკანასკნელის გამჭოლი გადაცემის შემდეგ კი ზემოთ ნახსენებ დინიზს გოლის გატანა არ გასჭირვებია.

"გურიას" მანამდეც შეეძლო ანგარიშის გახსნა, როცა ყურადღების ცენტრში კვლავაც ლეგიონერები მოექცნენ: უკრაინელმა ევგენი მურაშოვმა ეფექტური ფინტებით წამოიწყო შეტევა, პატერსონ კაბორემ (ბურკინა-ფასო) კი უაღრესად ხელსაყრელი მომენტი გააცუდა.

აი, სწორედ ამ შეტევას მოჰყვა მასპინძელთა საპასუხო კონტრშეტევა, რომელიც ჯაბა დვალმა წამოიწყო, ერთიმეორეზე მოხდენილი ფინტებით მეურვეები ჩამოიცილა და ბიძინა მახარობლიძის მისამართით პასიც არ დაუგვიანია, მაგრამ "გურიას" მცველებმა იყოჩაღეს და მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მათ კართან შექმნილი პირველი და უკანასკნელი სახიფათო მომენტი განმუხტეს.

შესვენების შემდეგ მატჩის სცენარი რადიკალურად შეიცვალა და ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენი აზრით, "ცხინვალის" შემადგენლობაში ლაშა შინდაგორიძის გამოჩენა იყო. ამ ტანმაღალმა გარემარბმა თავისი ზეაქტიური თამაშით უამრავი თავსატეხი გაუჩინა სტუმართა მცველებს: შინდაგორიძე ხან მარცხენა ფლანგიდან უტევდა, ხან - მარჯვნიდან, 55-ე წუთზე კი საჯარიმოს გარედან დაემუქრა "გურიას" კარს, მაგრამ რატი იმერლიშვილმა პოზიცია სწორად შეარჩია.

სხვათა შორის, ეს იყო ამ მატჩში "ცხინვალის" პირველი დარტყმა მეტოქის კარში. მანამდე წუთით ადრე კი, ევგენი მოროზენკომ შეასრულა "სტანდარტული" სახიფათოდ, თუმცა ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

აი, ამის მერე კი "გურიას" ღირებული არაფერი გაუკეთებია, სამაგიეროდ,  "ცხინვალი" გააქტიურდა და მეორე ტაიმში აშკარად გამოჩნდა მასპინძელთა უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში! ზემოთ ნახსენებ შინდაგორიძეს ხომ ვერავინ უმკლავდებოდა და ერთ ეპიზოდში მისი უზუსტესი ფლანგური პასის შემდეგ ლაშა ქოჩლაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება.

მერე ვნახეთ გიორგი ცერცვაძის სახიფათო თავური დარტყმა და ეს აქტიურობაც, ბოლოს და ბოლოს, "ცხინვალს" დაუფასდა: სტუმართა მცველებმა საკუთარ საჯარიმოში ბიძინა მახარობლიძე წააქციეს და პენალტიც უნაკლოდ შეასრულა ჯაბა დვალმა.

თუმცა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "ცხინვალისთვის" ფრეც ვერ იქნებოდა მთლად მისაღები შედეგი და მატჩის მიწურულს, ხანგრძლივი შეტევა რომ განახორციელეს მასპინძლებმა, კიდევ ერთი გოლიც ვიხილეთ - ჯერ ერეკლე სულთანიშვილმა გაარტყა ბურთი ძელს, დამატებაზე გიორგი კაჭკაჭიშვილი ცდილობდა ბურთის ზუსტად კარში გადაგზავნას, ბოლოს კი ეს მასირებული იერიში გოლის მართლაც ჩინებული ალღოთი დაჯილდოებული დვალის უზუსტესი დარტყმით დამთავრდა.

ვეტერანი ფორვარდის ამ დუბლით "ცხინვალი" ბოლო ადგილს დაშორდა, თავად ჯაბა დვალი კი საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა...

უმაღლესი ლიგა. VIII ტური. "თეთრი ჯგუფი"
ცხინვალი-გურია 2:1
01.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
გოლები: 0:1 დინიზი (22. კირკიტაძის პასით), 1:1 დვალი (72-პენ), 2:1 დვალი (86)
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, სულთანიშვილი - კახელიშვილი (46. შინდაგორიძე), ქოჩლაძე (61. მაქაცარია), მახარობლიძე - დვალი (90. მ. გელაშვილი).
სათადარიგოები: გაბრიჩიძე, ფირცხლავა, ტორჩინავა, სომხიშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გურია (4-4-2): იმერლიშვილი - ჭეიშვილი, ლ. ნოზაძე, ჩადუნელი, პატერსონი - დ. კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი, მოროზენკო, ჭედია - დინიზი (68. იმნაძე), მურაშოვი.
სათადარიგოები: ნ. დიასამიძე, ზ. თევზაძე, ფილიპე, იური, ხვედელიძე
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
გაფრთხილება: მაისაშვილი (35), სულთანიშვილი (70), დვალი (90) - პატერსონი (10), მოროზენკო (68), ჭეიშვილი (79), ჩადუნელი (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მომტევნო ტური
"თეთრი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
ჩიხურა-შუქურა
გურია-დინამო (თბ)
ტორპედო-ლოკომოტივი

"წითელი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
სიონი-სამტრედია
დინამო (ბთ)-კოლხეთი

16 ოქტომბერი
ზუგდიდი-დილა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ზივზივაძე (სამტრედია) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული