კოლხეთი-ზუგდიდი 2:0 - დერბი ფოთელთა სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოთის "პარკი არენა", სადაც "კოლხეთი" საშინაო შეხვედრებს ატარებს, ამ უქმეებზე შვიდკაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა და ამის გამო ეს მატჩი ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მეგრული დერბი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგი სტარტის შემდეგ ფოთელებს ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა ჰქონდათ მოპოვებული და "წითელ ჯგუფში" დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად მხოლოდ მოგებისთვის უნდა ებრძოლათ.

კიდევ უფრო პრინციპული იყო გუშინდელი შეხვედრა "ზუგდიდისთვის". ვლადიმირ ლიუტის შეგირდები აუტსაიდერობიდან თავის დაღწევას ცდილობენ და ბუნებრივია, 3 ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებდნენ. თანაც, ზუგდიდელებს პირველ
წრეში საკუთარ არენაზე მარცხის (0:1) გამო რევანშიც სწყუროდათ.

შეხვედრის საწყისი 20 წუთის განმავლობაში ზუგდიდელები გაცილებით მწვავედ თამაშობდნენ და საგოლე მომენტებსაც ქმნიდნენ. შეტევებში კარგად ერთვებოდა მათი ცენტრალური მცველი რაფაელ ჩუკვურა, რომელმაც დებიუტში საჯარიმო დარტყმით შექმნა ხიფათი, თუმცა გაბრიელ თებიძე საიმედოდ გაისარჯა და ბურთი მოიგერია.

ჩვეულად აქტიური იყო გურამ სამუშია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ აანერვიულა ფოთელები. ჯერ იყო და, მისი დარტყმის შემდეგ "კოლხეთის" ერთ-ერთმა მცველმა კარისკენ მიმავალი ბურთი ნახტომში თავით მოიგერია, მერე მოედნის ცენტრიდან ჩუკვურას კარგი გადაცემის შემდეგ მან საჯარიმოსკენ წაიღო ბურთი და კარშიც დაარტყა (სუსტად გამოუვიდა და თებიძეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება), ხოლო შემდეგ იერიშის ბოლო ფაზაში მეკარე მოატყუა და უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ დააყოვნა და საბოლოოდ ბურთი მცველებმა გამოიტანეს.

ტაიმის შუაწელიდან თამაშის სადავეები მთლიანად "კოლხეთის" ხელში გადავიდა. გელა სანაიას შეგირდების აქტიურმა პრესინგმა შედეგი გამოიღო. გიორგი ნიქაბაძისა და შოთა კერძევაძის აქტიურობის შედეგად ფოთელები მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ბურთს დაეუფლნენ და უსწრაფესი კომბინაცია გაითამაშეს - ნიქაბაძის გადაცემა იგორ ოზარკივიმ ახლო მანძილიდან საგოლე დარტყმით დააგვირგვინა.

გაშვებულმა გოლმა "ზუგდიდზე" უარყოფითად იმოქმედა. ლიუტის გუნდი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ფოთელებს პირველ ტაიმშივე შეეძლოთ მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში საოცრად უზუსტოდ თამაშობდნენ, ხანაც ზუგდიდელთა უკრაინელი კიპერი სერგეი ლიტოვჩენკო იყო მოწოდების სიმაღლეზე. ლიტოვჩენკომ ჯერ მასთან პირისპირ გასულ ვლადიმირ კორობკას აჯობა, შემდეგ კი ნიქაბაძეს შეუზღუდა დასარტყმელი სივრცე და ფოთელთა ფორვარდმაც მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა - ბურთი ხარიხას გადააცილა.

მატჩის მეორე ნახევარში ლიუტიმ მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით სცადა, ნიკა ნარმანია და ალექსანდრ ერმაჩენკო თამაშში აქტიურად ჩაერთვნენ, მაგრამ ზუგდიდელებს საგოლე შეტევების განხორციელება უჭირდათ.

"ზუგდიდს" დასაკარგი არაფერი ჰქონდა - ბოლო წუთებზე ვა-ბანკზე წავიდა და ზურგი მთლიანად მოაშიშვლა. ლიუტის შეგირდები ამით მხოლოდ რამდენიმე სახიფათო ჩაწოდებას გამორჩნენ, სამაგიეროდ, "კოლხეთმა" მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და ლაშა ჯღამაიამ, გიორგი კილასონიას ჩაწოდების შემდეგ, ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:0.

უმაღლესი ლიგა. VIII ტური. "წითელი ჯგუფი"
02.10. ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-ზუგდიდი 2:0
გოლები: 1:0 ოზარკივი (24. ნიქაბაძის პასით), 2:0 ჯღამაია (90. კილასონიას პასით)
კოლხეთი: თებიძე, ჟიშკარიანი, რამალდანოვი, გოგონაია, კილასონია, კერძევაძე, ბოლქვაძე, კორობკა, ლუკავა (62. ივანკო), ოზარკივი (81. ჩაკვეტაძე), ნიქაბაძე (72. ჯღამაია).
სათადარიგოები: ძაგანია, ნ. ტუღუში, კაკულია, შალიკაშვილი
მწვრთნელი: გელა სანაია
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, იოსელიანი, აფაქიძე, ჩუკვურა, სუხომლინოვი, ბეჭვაია, ტყემალაძე, ზოზულია, სამუშია (59. ერმაჩენკო), შეველი (46. ნარმანია), აქუბარდია (59. ჭანტურია).
სათადარიგოები: ზარქუა, მაჩაიაძე, სიხარულია, ერმაჩენკო, ჭანტურია, ქანთარია, ნარმანია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი
გაფრთხილება: აქუბარდია (48), ჩუკვურა (63), იოსელიანი (85)
არბიტრი: ბ. ნინუა

მომტევნო ტური
"თეთრი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
ჩიხურა-შუქურა
გურია-დინამო (თბ)
ტორპედო-ლოკომოტივი

"წითელი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
სიონი-სამტრედია
დინამო (ბთ)-კოლხეთი

16 ოქტომბერი
ზუგდიდი-დილა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ზივზივაძე (სამტრედია) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული