სოსო ფრუიძე: სწორი გზით მივდივართ!

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საჩხერის "ჩიხურამ" საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო არენაზე" 2:1 დაამარცხა და უშუალოდ მასთან უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.

- დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2 - დიდი ნაბიჯი [VIDEO]

აი, ასეთი სიურპრიზი შემოგვთავაზა "ჩიხურამ" მოკლე გარდამავალ ჩემპიონატში, სადაც გუნდებს ფეხის ერთი დაცდენის უფლებაც არ აქვთ. რას ფიქრობენ "ჩიხურას" ხელმძღვანელები, მთავარი მწვრთნელი და მოთამაშეები გუნდის საჩემპიონო შანსებსა და მომავალზე, ამას ჩვენი ინტერვიუებიდან შეიტყობთ...

იმედია, შინ ვითამაშებთ
ბერიკა შუკაკიძე, "ჩიხურას" დირექტორი:
- გასახდელში ვიყავი, თბილისის "დინამოსთან" მატჩამდე ჩვენი მთავარი მწვრთნელი ბიჭებს დავალებებს რომ აძლევდა. თამაშს რომ
ვუყურებდი, ეს მახსენდებოდა და მიხაროდა, როგორ ასრულებდა მწვრთნელის მითითებას თითოეული მოთამაშე. კარგი იყო არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ის, რომ ბიჭებმა საკუთარი თავის ირწმუნეს და ძალიან მოინდომეს.

მაგრამ "დინამოსთან" მხოლოდ მონდომებით ვერ მოიგებ. ჩანს, ჩვენი ფეხბურთელები გაიზარდნენ და უკვე კლასიც აქვთ. თქვენმა გაზეთმაც დაწერა, რომ კარგად დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს. სხვათა შორის, ეს სტრატეგია თავიდანვე გვქონდა გათვლილი, თანაბარი ძალის ფეხბურთელები შეგვეკრიბა. ბოლო ტურში ლექვთაძემ დაამტკიცა, რომ ძირითადში თამაშს იმსახურებს.

თბილისის "დინამო" ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეული გუნდია და ორ შეხვედრაში 4 ქულას შემთხვევით ვერ წაართმევ.

- ჯგუფის ლიდერების მატჩმა ბევრი დაკარგა, თბილისის "დინამოდან" იჯარით აყვანილმა საბა ლობჟანიძემ რომ ვერ ითამაშა. საინტერესოა, რატომ არ გაქვთ იმის უფლება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოთამაშე გამოიყენოთ?
- ჩვენ ამის სურვილი გვქონდა, მაგრამ "დინამომ" მოთამაშე ამ პირობით დაგვითმო. თამაშამდეც მივმართეთ თხოვნით, რადგან ახლა საბა მშვენიერ ფორმაშია, ამ მატჩის შემდეგ კი სამკვირიანი პაუზა გვაქვს და ეს ნებისმიერ ფეხბურთელზე ცუდად აისახება. მეორე მხრივ, ვფიქრობდით - ლობჟანიძეს იმის დამტკიცების შანსი ექნებოდა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა...

- თქვენი პრობლემა ინფრასტრუქტურაა. ევროპალიგაზე ორჯერ გახვედით, მაგრამ საკუთარ სტადიონზე თამაში ვერა და ვერ გეღირსათ. თქვენი აზრით, არის მზად "ჩიხურა" ჩემპიონობისთვის თავისი სტრუქტურით, პერსონალით... და საერთოდ, როგორც გუნდი?
- გეთანხმებით, ინფრასტრუქტურით მზად არ ვართ და ეს ჩვენი სერიოზული სატკივარია. მაგრამ იმედია, ჩემპიონები რომ გავხდებით, საჩხერეში მაშინ მაინც ვითამაშებთ. გვპირდებიან კიდეც, რომ სტადიონს ააშენებენ. ამაზე ლაპარაკი არის და ველოდებით "ქართუ ფონდის" გადაწყვეტილებას, აგრეთვე, სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას, რაც 2017 წლიდან იგეგმება. ვნახოთ...

მაგრამ გარწმუნებთ, ჩემპიონობის შემთხვევაში, თავს არ შევირცხვენთ.

- ასეთ შემთხვევაში, გაძლიერება მაინც დაგჭირდებათ. მზად ხართ, რომ, მაგალითად, ჩისკოს დონის ლეგიონერი ჩამოიყვანოთ?
- ამას საკმაოდ დიდი ფინანსები დასჭირდება, თუმცა გამორიცხული არც ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაბალანსებული გუნდი გვყავს, რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება მაინც დაგვჭირდება, ევროთასებზე უფრო კარგად რომ გამოვიდეთ, ვიდრე წელს იყო. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში, რომელიც საფეხბურთო ქვეყანად ითვლებოდა, საამისო რესურსი არ არის და მაღალი კლასის მოთამაშეებს თითქმის ვერ მოძებნი.

წარმატებული გზა
სოსო ფრუიძე, "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი:
- "დინამოსთან" თამაში გადამწყვეტი იყო და საგანგებოდ მოვემზადეთ კიდეც. მიზნად დავისახეთ, გვეთამაშა მაღალი პრესინგი, მაგრამ "დინამოს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ცხადია, ჩვენს ნებაზე არ მიგვიშვეს. თუმცა მაინც ვცდილობდით, რომ გამართული ფეხბურთი გვეჩვენებინა.

- გარდამავალი პირველობა ორ თვეში დასრულდება, თქვენი გუნდი კი საჩემპიონო პლეი ოფში მოხვედრის რეალური კანდიდატია...
- წინასწარ ჩემპიონობაზე ლაპარაკი არასწორი იქნება. ეს შანსი რეალობად რომ იქცეს, საამისოდ აუცილებელია, დარჩენილი შეხვედრებიც კარგად ჩავატაროთ და შინ ქულების მაქსიმუმი მოვიპოვოთ.

- ამ შანსებზე ვილაპარაკოთ...
- დარჩენილი 5 მატჩიდან სამს ივანწმინდაში ჩავატარებთ - "შუქურასთან", "ტორპედოსა" და "ცხინვალთან". ამ მატჩებში ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს, რადგან სამივე მეტოქე სახიფათო ზონაშია და მათთვისაც თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს, მეორე ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი - "დინამო არენაზე" მშვენიერი საფარია და ბურთის გაგორება, კომბინაციური ფეხბურთის თამაში შესაძლებელია.

ივანწმინდის სტადიონზე კი ბევრად უხარისხო მინდორია და იქ ასეთ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ძალაუნებურად, კონტრშეტევაზე უნდა იყო ორიენტირებული, სულ რაღაც ტაქტიკა მოიგონო...

გასვლითი შეხვედრები კი "ლოკომოტივსა" და "გურიას" გვიწევს. ორივე ურთულესი მატჩი იქნება. ასე რომ, ჯერ გარანტირებული სამეულში მოხვედრაც არ გვაქვს. დაძაბული ჩემპიონატია, თითოეულ ქულას ოქროს ფასი დაედო და ფინიშამდე კიდევ უფრო გააფთრებულ ბრძოლას ველოდებით.

- საერთოდ, ჩემპიონობაზე გაცილებით რთულია, მეორეხარისხოვან როლებს შეჩვეული გუნდი პირველგუნდობაზე ფიქრს დაეჩვიოს. ამას დროც უნდა და ტიტულებიც...
- მთავარია ფეხბურთელების არჩევანი, რომელიც ტაქტიკის არჩევის საშუალებას გაძლევს. რაც შეეხება გუნდური ამბიციების ზრდას, გეთანხმებით, ეს ურთულესი ამოცანაა და ამისთვის გარკვეული ეტაპების გავლაა აუცილებელი. მიმაჩნია, რომ "ჩიხურა" ამ გზაზე წარმატებით მიიწევს წინ.

Sportall.Ge

ფეხბურთით ნასიამოვნები
გიორგი ივანიშვილი, "ჩიხურას" შემტევი ნახევარმცველი:
- "ჩიხურამ" "დინამოსთან" მოახერხა ის, რაც ნამდვილ გუნდს შეშვენის: დაცვაში კარგად ვიდექით და სწრაფ კონტრშეტევებსაც ვახორციელებდით. მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულეთ და გატანა კიდევ შეგვეძლო. ისეთი გუნდური ფეხბურთი ვაჩვენეთ, რომელიც დიდი ხანია, არ მითამაშია და დიდი ხანია, ასე არც ფეხბურთით მისიამოვნია.

მესმის, რომ ბევრი გულშემატკივარი ლიდერ გუნდებს ამ გადასახედიდან აფასებს - ჯგუფურ ეტაპამდე გავალთ თუ არა? მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ, ამ გუნდით ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა შესაძლებელია თუ არა და ეს ჩემი საქმე არც არის. წინასწარ ლაპარაკი რთულია, რადგან ბოლომდე შეთამაშებულებიც არ ვართ.

თუმცა "დინამოსთან" გამარჯვებამ ძალიან დამაიმედა. ეს წარმოუდგენელი ემოცია იყო, რადგან რეალურად, როგორც ვამბობთ ხოლმე, ექვსქულიანი თამაში მოვიგეთ. მოედანზე ისეთი დამუხტულები გავედით, რომ ამ რთული ამოცანის გადაჭრა შესაძლებელი გავხადეთ.

გიორგი განუგრავა, "ჩიხურას" ცენტრალური ნახევარმცველი:
- ჩვენთვის "დინამოსთან" მატჩი მნიშვნელოვანი მხოლოდ ქულების გამო არ ყოფილა. ამ მატჩით შევაფასეთ, რეალურად რა დონეზე ვართ. მოგებამ დაგვარწმუნა, რომ დღეისთვის "ჩიხურა" ძლიერი გუნდია და იმ დონეზეა მისული, რომ სერიოზული ამოცანების გადაჭრა შეუძლია.

მოვინდომეთ და არც ისაა დასამალი, რომ ნაწილობრივ გაგვიმართლა კიდეც. "დინამოსთან" თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ბოლო თამაშებიდან ჩანდა, რომ მეტოქე არეული იყო. მათი თამაშები ვნახეთ, კარგად გავაანალიზეთ და დამსახურებულად მოვიგეთ.

ამ სეზონში ჩვენი პლუსი არის არა ინდივიდუალური თამაში, არამედ გუნდურობა და მიმაჩნია, რომ "დინამოსთანაც" ამის ხარჯზე მოვიგეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ჩიხურა თქვენით ვამაყობ. ასე გააგრძელეთ. ჩემპიონობა მომელოცოს ბიჭებო.
კახა
17:26 04-10-2016
0
თუ ქართულ ფეხბურთში ვინმე ან რამე სწორი გზით მიდის, მე ალბათ ჭურში მეძინა და ახლა გამოვიღვიძე. ეშველება რამე ჯერ საფეხბურთო მენტალიტეტს და მერე ამ ერთოსან საფეხბურთო სპეციალისტებს. საკუთარი მუცლის იქით ამბიცია როგორ არ გაქვთ როგორ შემოგახმათ ასე უკანალის დუნდულოები რომ ყაზახებთან და აზერებთან ფეხების აწევა კანონზომიერებად გექცათ ყველას.
.........
16:28 04-10-2016
0

სიახლეები პოპულარული