როინ ონიანი ფეხბურთიდან გააცილეს

AutoSharing Option
10 ოქტომბერს ხობში პირველი ლიგის "თეთრი ჯგუფის" მეორე წრის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა. ადგილობრივი "კოლხეთი" ხარაგაულის "ჩხერიმელას" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. მთავარი კი ის იყო, რომ საქართველოში მოთამაშე ერთ-ერთმა ყველაზე ხანდაზმულმა ფეხბურთელმა, ხობელთა კაპიტანმა როინ ონიანმა კარიერა დაასრულა.

გულშემატკივრებმა და კლუბის ხელმძღვანელობამ 41 წლის ფეხბურთელს წლების განმავლობაში "კოლხეთის" დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და მატჩის შემდეგ ფეხბურთიდან გააცილეს.

საინტერესოა, რომ ონიანმა კარიერა ძალიან გვიან, 21 წლის ასაკში სწორედ ხობის "კოლხეთში" დაიწყო და მისი ფორმით 1996
-1999 წლებში თამაშობდა. შემდეგ მან რამდენიმე კლუბი გამოიცვალა - თბილისის "ლოკომოტივი", ზუგდიდის "დინამო", ბოლნისის "სიონი", გორის "დილა", ბათუმის "დინამო", რუსთავის "ოლიმპი", "ზესტაფონი", ზუგდიდის "მგლები" და "ბაია", 2014 წლიდან კი ისევ ხობის "კოლხეთში" დაბრუნდა.

საინტერესოა, რომ ონიანი თითქმის ყველა კლუბში კაპიტანი გახლდათ. იყო ასევე საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2001 წლის 15 აგვისტოს კი, ლუქსემბურგთან ამხანაგურ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ფორმაც მოირგო. თუმცა "ჯვაროსნებში" ამის მეტი აღარ უთამაშია.

მის კარიერაში "შავი ლაქაც" იყო. 2011 წლის 2 მაისს კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის) თანამშრომლებმა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე კლუბები და 5 ფეხბურთელი ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორუფციულ გარიგებაში ამხილეს, მათ შორის - ონიანიც, რომელიც ამ დროისთვის ზუგდიდის "ბაიას" კაპიტანი იყო.

სხვებთან ერთად, ის მალე გაათავისუფლეს. შემდეგ ონიანი მომხდარს ნანობდა:

"ფეხბურთელობა გამორჩეული პროფესიაა და თუ ღმერთმა ამის ნიჭი მოგცა, ბევრი უნდა იშრომო და ისე უნდა იცხოვრო, რომ ჩირქი არც საკუთარ სახელს მოსცხო და არც ქართულ ფეხბურთს.

მაგრამ ამ ამბამდე, უცნაურად მიტრიალებდნენ. მსგავსი რამ რამდენჯერმე შემომთავაზეს და უარს ვამბობდი. თუმცა, ბოლოს მაინც შევცდი.

მას შემდეგ კარგა ხანს დეპრესიაში ვიყავი, მომხდარს ძალიან ვნანობდი და დღემდე ვნანობ. მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ კარიერის დარჩენილი ნაწილი პატიოსნად ვითამაშე".

ეს ყველაფერი გასაგებია, აღიარებს კაცი, რომ შეცდა, მაგრამ ვეღარ გავიგეთ, ამ დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელნი რატომ არიან?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული