ჯერ ჭყინტი, მაგრამ ტექნიკური... ვინ არის "წლის აღმოჩენის" კანდიდატი ალეკო გამცემლიძე?

AutoSharing Option
ალეკო გამცემლიძე გორის "დილას" ახალწვეულია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გარდამავალი ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ 18 წლის შემტევი ნახევარმცველი "წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისა" და "წლის აღმოჩენის" ნომინაციაში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

გამცემლიძეს უმაღლეს ლიგაში დებიუტი წინა სეზონის ბოლო ტურებში ჰქონდა. ის მოედანზე სულ ორჯერ გავიდა და 18 წუთი ითამაშა. წლეულს კი, "დილაში" ექვსივე მატჩი ჩაატარა. ამათგან ხუთჯერ უჩა სოსიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, 3 გოლი გაიტანა და ბომბარდირებს შორის მე-5 ადგილზეა.

მან ორჯერ თავი შორეული დარტყმებითაც გამოიჩინა - ბოლნისის "სიონთან" და "სამტრედიასთან". კარგი
თამაშის წყალობით, "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში უკვე 3-ჯერ მოხვდა, ხოლო სექტემბერში - თვის სიმბოლურშიც დაიმსახურა ადგილი.

ვინც მის თამაში ნახა, შენიშნავდა, რომ ეს პატარა ბიჭი ფიზიკურად ჯერ "ჭყინტია", მაგრამ ტექნიკურია, მოედანს ძალიან კარგად ხედავს და სწრაფი აზროვნებაც გამოარჩევს.

მაინც ვინ არის ეს 18 წლის ბიჭი? ის თავად გააცნობს თავს მკითხველს:

"თბილისელი ვარ, "ნახალოვკელი". ფეხბურთზე თბილისის "ლოკომოტივში" დავდიოდი, 2015 წელს კი "საბურთალოში" გადავედი და ჭაბუკთა გუნდში გამოვდიოდი. იქ სულ ერთი სეზონი გავჩერდი და წლეულს გაზაფხულზე გორის "დილაში" მივედი.

ყველა მწვრთნელს თავისი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელის მიმართ. მე "დილაში" დიდი ნდობა ვიგრძენი. უჩა სოსიაშვილის მადლიერი ვარ იმიტომ, რომ სრულიად უცნობი, უგუნდო ფეხბურთელი "დილაში" სინჯებზე მნახა და ჩემი საკითხი "ბორჯომთან" ერთი ამხანაგური მატჩით გადაწყვიტა. ეტყობა, თავი წარმოვაჩინე, ერთი ბურთიც გავიტანე, მოვეწონე, დამტოვა და თავის გამოჩენის საშუალება მომცა", - ამბობს გამცემლიძე.

18 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ თავის გამოჩენაში სათამაშო პრაქტიკა დაეხმარა:

"გორამდე, "საბურთალოს" ჭაბუკთა ლიგაში გამოვდიოდი. "დილაში" კი თავიდან დუბლებშიც ვთამაშობდი და ჭაბუკებშიც. წინა სეზონის ბოლოს სოსიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დამაწინაურა, წლეულს კი ტური არ გამომიტოვებია.

დუბლებიდან ამბიციური გუნდის ძირითად შემადგენლობაში გადასვლა და თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია. დიდების ფეხბურთში ბევრად დიდი მოთხოვნებია და რეალურად, გაზრდაში სათამაშო პრაქტიკა დამეხმარა. გამოცდილი თანაგუნდელების გვერდით ბევრი ვისწავლე, ისინი ძალიან დამეხმარნენ ადაპტაციაში. თუმცა არც ერთ გუნდთან არ გამჭირვებია, თავისუფლად ავთამაშდი და ამის შედეგია, გატანა რომ დავიწყე.

სხვათა შორის, შორიდან მოულოდნელი დარტყმა მიყვარს და ორი გოლი ასეც გავიტანე".

გამცემლიძის პროგრესი ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძესაც არ გამოჰპარვია:

"აქამდე არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია, მაგრამ "დილაში" რომ გამოვჩნდი, ჩემით გია გეგუჩაძე დაინტერესდა და საფრანგეთში გამგზავრებამდე ახალგაზრდული ნაკრების 30-კაციან გაფართოებულ სიაში დამასახელა. მართალია, გუნდთან ერთად არ წავსულვარ, მაგრამ შეკრებაზე ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა.

თუმცა, ეს პატარა წარმატებაა და ჩემპიონატის დონეზე გამოსვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა მაკმაყოფილებს. მოსამატებელი კი ბევრ რამეში მაქვს, განსაკუთრებით - ათლეტიზმში. ამიტომ ტრენაჟორებზე დამატებით ვვარჯიშობ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტად მოვუმატო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი მაგრამ ამ ბიჭს სახელი და გვარი არაა აქვს.
დემე
22:11 12-10-2016
0
ევროპის გუნდებში 18 წლის ფეხბურთელს ძირითადში აყენებენ.ჩვენთან ბავშვად თვლიან,ჭყინტიაო,ენის მოჩლექით მოიხსენიებენ.როდემდე? ავარჯიშეთ,ათამაშეთ,აგრძნობინეთ პასუხისმგებლობა და მოთხოვეთ ისე,როგორც ჩამოყალიბებულ კაცს და არა როგორც ბავშვს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული