ქება "ოლიმპს"

AutoSharing Option
ჩვენი მოლოდინი გამართლდა - როგორც იქნა, ტური სრულად ჩატარდა და აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ასეთი რამ მეორე ეტაპის დაწყებიდან პირველად მოხდა.

განსაკუთრებულად გამორჩეული ტური იყოო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ, ეგ არაფერი - მერამდენე წელია, საქართველოს ჩემპიონატის მეტ-ნაკლებ ინტრიგას ჟურნალისტები ქმნიან და გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, არც განვლილი ტური იყო. მით უფრო, ტურის ცენტრალურმა შეხვედრას, მეტისმეტად სუსხიანი ამინდის მიუხედავად, ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩაუვლია.


ფოიერვერკის დაბრუნება
XXI ტურის მიმოხილვაც, რაღა თქმა უნდა, "ოლიმპი"-"დინამოს" დაპირისპირებით უნდა დავიწყოთ, მატჩის დეტალურ აღწერას აღარ
შევუდგებით - ამის თაობაზე გუშინაც ვრცლად ვისაუბრეთ და დღეს, მხოლოდ გამორჩეულ თუ დასამახსოვრებელ ფაქტებს გავიხსენებთ.

უპირველესად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქომაგთა სიმრავლემ გაგვაკვირვა: ტურის ცენტრალურ შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო! არადა, ერთი შეხედვით, ეს რიცხვი დიდად არ უნდა მოგვეჩვენოს: ამავე ტურში, "სამტრედიისა" და "სიონის" მატჩს ხომ თითქმის ორჯერ მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა; თანაც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, XXI ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონობის ფავორიტები ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ, აქვე, იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე (დაახლოებით 4500 კაცს იტევს) უკანასკნელად სრული ანშლაგი 2007 წლის 5 მაისს იყო; სხვათა შორის, მაშინაც "ოლიმპი"-"დინამოს" დაპირისპირება იყო და იმ შეხვედრაში ჩემპიონობის ბედი წყდებოდა.

ორი დღის წინ ჩატარებულ მატჩს "საჩემპიონოს" ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "ოლიმპმა" ამ გამარჯვებით თავისი ერთ-ერთი კონკურენტი უკვე შვიდი ქული ჩამოიტოვა!

უკვე წლებია, "ლელო" ყოველი ტურის რჩეულებს ასახელებს; XXI ტურის სიმბოლურ ნაკრებში უმრავლესობა "ოლიმპის" ფეხბურთელია და ვფიქრობთ, გასაკვირვი არავისთვის უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ვინც ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას თვალი ადევნა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ ალექსანდრე კვახაძემ, ლუკა რაზმაძემ და გიორგი რეხვიაშვილმა ეს პატივი თავიანთი ჩინებული თამაშით დაიმსახურეს.

საერთოდაც, იმ სუსხიან დღეს მასპინძელთა ყველა ფეხბურთელი ქების ღირსი გახლდათ და იმავე კვახაძის, რაზმაძისა თუ რეხვიაშვილის ოსტატური თამაში არავის გაჰკვირვებია, აი, ორი ახალგაზრდის დამაჯერებელი ასპარეზობა კი "ოლიმპის" ქომაგთათვის მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. 22 წლის გიორგი მურველაშვილმა თავის ახალ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სწორედ ამ ათლეტური მარჯვენა მცველის შთამბეჭდავ რეიდს მოჰყვა კიდეც შეხვედრის ერთადერთი გოლი, "ოლიმპის" მეორე დებიუტანტმა, ახალგაზრდა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ რომ გაიტანა.

მასპინძელთა მხრიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის აღნიშვნა გვინდა: გამოცდილი დავით ბოლქვაძე მატჩის პირველ 25-წუთში ორივე გუნდის შემადგენლობაში, უდავოდ, ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ; საკუთარი გუნდის იერიშებსაც უნარიანად ხელმძღვანელობდა, ყველა "სტანდარტულს" სახიფათოდ ასრულებდა და ერთ ეპიზოდში გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, მაგრამ დროის მოკლე მონაკვეთში (25 წუთის განმავლობაში) ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა პატარა სასწაული მოახდინეს: დაცვაში "ჩაჯდომისა" და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრის ნაცვლად კვლავაც აქტიური და აგრესიული თამაში დაუპირისპირეს სახელოვან მეტოქეს და საბოლოოოდ, ასეთი მონდომება დაუფასდათ კიდეც. ისე როგორც, "ოლიმპის" ახალგაზრდა თავკაცს თორნიკე მაისურაძეს დაუფასდა ბევრისთვის მოულოდნელი და თამამი საკადრო ცვლილებები - მისი გუნდი ჩემპიონატის ლიდერია!

ერთი საინტერესო დეტალიც: მაისურაძის ხელმძღვანელობით "ოლიმპმა" ექვსი ოფიციალური და დაახლოებით ამდენივე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და არც ერთხელ დამარცხებულა!..

P.S. მატჩის დაწყებამდე ფოიერვერკიც ვიხილეთ; აი, დაახლოებით ისეთივე განწყობა სუფევდა "ფოლადზე", დაახლოებით 6-7 წლის წინათ ავლაბარში, სკა-ს ყოფილ სტადიონზე რომ იყო ხოლმე. ოღონდ, მაშინ მასპინძლის რანგში ერთი გამორჩეული გუნდი, "თბილისი" ასპარეზობდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მამუკა გუგეშაშვილი გახლდათ, ვინც გარკვეული პაუზის მერე, მეორე ეტაპის დაწყების წინ "ოლიმპში" დაბრუნდა.

სხვათა შორის, ქომაგთა სიმრავლე ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათგან უმრავლესობა საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" აღსაზრდელები იყვნენ, - თბილისიდან, რამდენიმე ავტობუსით ორგანიზებულად რომ ესტუმრნენ რუსთავს. იმის შეხსენება კი, ალბათ ზედმეტია, რომ 2006 წლის ზაფხულში "ოლიმპი", ფაქტობრივად, "თბილისის" ბაზაზე დაფუძნდა და დაარსდა...


დრო და შენება
მეორე ეტაპის სტარტზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში "დინამომ" 2 ქულა მოაგროვა! აი, ამას კი მართლაც არავინ ელოდა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ როგორი აქტიური სატრანსფერო კამპანია აწარმოა ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე. "დინამოს" მწვრთნელ-ფეხუბრთელებს არც იმაზე ექნებათ საწუწუნო, გადამწყვეტი ეტაპისათვის საფუძვლიანად ვერ მოვემზადეთო - ჯერ, თბილისში და მერე, თურქეთში გუნდმა მართლაც ნაყოფიერი შეკრება გაიარა და არაერთი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა.

აღარაფერს ვამბობთ უამრავი ახალწვეულით გაძლიერებული "დინამოსგან" საჩემპიონო რბოლაში ჩართვაზეც: ბოლო წლებისგან განსხვავებით, გუნდში ოცზე მეტმა თანაბარი ძალის ფეხბურთელმა მოიყარა თავი და ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, წარმატებულ ასპარეზობას ველოდით. სინამდვილეში კი, რა ხდება: უშუალო კონკურენტთან მატჩში გუნდმა მეტოქის კართან ერთადერთი (!) სახიფათო მომენტი შექმნა და საერთოდაც, იმ სუსხიან დღეს "დინამოს" თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ახალი გუნდის "შენებას" გარკვეული დრო სჭირდება; ანუ, უამრავ ახალწვეულს ერთმანეთთანაც და, საერთოდ, სხვა დანარჩენ პარტნიორებთან შესათამაშებლად გარკვეული პერიოდი სჭირდება, მაგრამ როცა მონდომებით მოასპარეზე მეტოქეს ერთ ხეირიან კომბინაციასაც ვერ დაუპირისპირებ, უკვე "სხვა" პრობლემებზეც შეიძლება კაცმა იფიქროს. რა პრობლემებს ვგულისხმობთ? ამის ზუსტი პასუხი ნამდვილად არ ვიცით, თუმცა გუნდი მოკლე თუ საშუალო მანძილზე ერთი-ორ "გადაბმულ" პასს რომ ვერ გააკეთებს, ამ შემთხვევაში, ალბათ, მხოლოდ შეუთამაშებლობა არ უნდა იყოს მიზეზი.

ისიც ცხადია, შემადგენლობის ხშირმა როტაციამაც გარკვეული უკუეფექტი რომ გამოიწვია: მეორე ეტაპის სტარტზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო, ძირითადში რომ დაიწყეს თამაში (კოშკაძე, კაკუბავა, მაროვიჩი, რობერტინიო). საერთოდ კი, ამ სამ შეხვედრაში კახა კაჭარავამ უკვე 20 ფეხბურთელი ათამაშა და გუშინდელ ნათქვამს გავიმეორებთ და ვიტყვით, რომ ამათგან ყველაზე ნაკლები პრეტენზია გიორგი ლორიასა და ალექსანდრე კოშკაძის მიმართ უნდა ჰქონოდა მთავარ მწვრთნელსაც და გუნდის ერთგულ ქომაგებსაც. არც ის იქნება ვინმესთვის "უცხო თემა", როცა "დინამოს" ფართოდ რეკლამირებულ ახალწვეულთაგან აშკარად მეტს მოველოდით; სამწუხაროდ, ზოგმა ტრავმა მიიღო (ჰაჯიბულიჩმა), ზოგს პარტნიორები ვერ ამარაგებენ დროული და ზუსტი პასებით (ელიჩს), ზოგს "სხვა" პრობლემა აქვს და ასე შემდეგ.

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ბოლო ორ მატჩში "დინამოს" ძირითადში დონალდ ჯუისის გამოჩენაც: ახალგაზრდა კამერუნელი ხომ ტრანსფერზე იყო დაყენებული და ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში არც ერთ საკონტროლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია! თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, "დინამოს" საჩემპიონო რბოლიდან საბოლოოდ "ჩამოწერა" მაინც ნაადრევად გვეჩვენება, - გუნდს ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, უშუალო კონკურენტებთან ჩამორჩენა აღმოფხვრას; ოღონდ, ამისათვის, რაღა თქმა უნდა, თამაშის ხარისხის რაც შეიძლება მალე გაუმჯობესებაა საჭირო, თორემ მერე ნამდვილად გვიან იქნება...


ძველ-ახალი სახე(ლ)ები
"ოლიმპის" ახალგაზრდა ნახევარმცველის ირაკლი მაისურაძის სადებიუტო გოლი ვახსენეთ და გასულ ტურში მსგავსი კიდევ ორი შემთხვევა იყო: უმაღლეს ლიგაში ასევე პირველად გამოიჩინეს თავი "სამტრედიას" შუახაზელმა გიორგი ცხადაიამ და "სპარტაკის" თავდამსხმელმა ილია ბუზალაძემ. ოღონდ, მაისურაძისგან განსხვავებით, ამ ორივე ახალგაზრდის გოლები გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა: ერთგული ქომაგებისაგან შეგულიანებული "სამტრედია" მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა ბოლნისის "სიონთან" შეხვედრაში; აი, "სპარტაკი" კი, მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით დამარცხდა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან "ზესტაფონთან".

სხვათა შორის, კლიმატურმა პირობებმა ყველაზე ძალიან სწორედ გია გეგუჩაძის გუნდი დააზარალა: ერთი მატჩი გადაიდო, ახლა კი იმის მაგივრად, შინ ეთამაშა, სტუმრად მოუწია პაექრობამ. უფრო ზუსტად, "ნეიტრალურ" მოედანზე - თემქაზე მდებარე სპორტკომპლექს "შატილის" სტადიონმა ზედიზედ მეორედ უმასპინძლა უმაღლესი ლიგის შეხვედრას. იმის მიუხედავად, რომ "ზესტაფონს" ორი წამყვანი ფეხბურთელი (თორნიკე აფციაური, გიორგი ონიანი) აკლდა, წყვილში ფავორიტად მაინც გია გეგუჩაძის გუნდი მიიჩნეოდა. საბოლოოდ, "ზესტაფონმა" კი მოახერხა გამარჯვება, მაგრამ დიდი ჯაფის ხარჯზე: "სპარტაკის" გამოცდილმა მეკარემ სოსო გრიშიკაშვილმა ამ სეზონში უკვე მერამდენე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ორ შემთხვევაში უძლური იყო; სტუმართა მხრიდან გოლები ამ ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ბუბა დაუშვილმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს. აი, ეს უკანასკნელი კი, ალბათ, მალე "გინესის რეკორდების წიგნში" მოხვედრაზეც განაცხადებს პრეტენზიას: დღესდღეობით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა რატი წინამძღვრიშვილმა სეზონის დაწყებიდან 11 გოლი გაიტანა და ყველა ჯერზე ამას შეცვლაზე შემოსული ახერხებდა!..

ტურში გატანილ გოლებზე ვსაუბრობთ და სხვა ფორვარდებიც უნდა ვახსენოთ: ბესიკ ჩიმაკაძე და რევაზ ჯიქია ზედიზედ მეორე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ. ქების ღირსია "ბაიას" თავდამსხმელი ირაკლი ეხვაიაც, ვისმა ერთადერთმა გოლმაც ზუგდიდურ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა. საერთოდაც, მეორე ეტაპის სტარტზე "ბაიას" ასპარეზობა მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს და ელგუჯა ქომეთიანის გუნდი რომ დღესდღეობით მართლაც საპატიო მეოთხე ადგილზე იმყოფება, კანოზომიერებად უფრო უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე - მოულოდნელობად. თანაც, ისე როგორც წინა ორ მატჩში, კვლავაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა "ბაის" დებიუტანტმა, 18 წლის ფორვარდმა ირაკლი ქობალიამ...




მკითხველის კომენტარები / 2 /
"დინამო" პასს და დრიბლინგს ისწავლის და მომავალი სეზონიდან საჩემპიონო ბრძოლაშიც ჩაებმება.თუ კარში დარტყმასაც მიუმატებს, მაშინ ლიგაზე გასვლასაც შეძლებს.
puma
13:57 25-02-2011
0
ოლიმპი მაგარიაა
datka_86
22:29 25-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული