უმაღლესი ლიგის IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ამ ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ IX ტურის ექვსივე მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა და საერთოდაც, რაც უფრო ახლოვდება გარდამავალი ჩემპიონატის ფინიში, მსაგავსი საინტრიგო სიტუაციებიც არ უნდა გვიკვირდეს. ახლაც, გასულ ტურში, ვერც ერთი მატჩის წინ ვერ ვიტყოდით, თუ რომელი გუნდი იყო წყვილის ფავორიტი და რომელი - წყვილის აუტსაიდერი.

არადა, გასული ტურის შედეგების მიხედვით, ორივე ჯგუფის გამოკვეთილმა ლიდერმა თავისი პოზიცია შეინარჩუნა; ეგ კი არა, "სამტრედიას" და "ჩიხურას" მომდევნო ტურის მერეც არ ემუქრებათ პირველი ადგილიდან ჩამოქვეითება. სამაგიეროდ, ორივე ჯგუფში სხვა არაერთი გადაადგილება მოხდა
სატურნირო ცხრილში და ასეთივე სურათს უნდა ველოდოთ მომდევნო ტურებშიც.

უფრო მეტიც: თავის ჯგუფში, დღესდღეობით მეორე-მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს სულ რაღაც ორი ტურის მერე, შესაძლოა, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქროთ, ან, პირიქით: დღესდღეობით, ბოლოში მყოფ გუნდებს, ასევე ორი ტურის მერე, შესაძლოა, ევროპის ლიგის საგზურისათვის გაუჩნდეთ პრეტენზია..
.
ახლა კი გასული ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზეც ვთქვათ, თუმცა, ამჯერად, აშკარად უსიამოვნო ამბით უნდა დავიწყოთ...

დასაგმობიც და დასასჯელიც
საერთოდ, სატურნირო ინტრიგის გარდა, გასული ტური ბევრი სხვა საინტერესო ფაქტებითაც იყო გამორჩეული; თუმცა, საინტერესო ყოველთვის როდის ნიშნავს დადებითს?!. გასაგებია, რომ კლუბმაც (თბილისის "დინამომ") მეტ-ნაკლებად ოპერატიულად (თამაშიდან მეორე დღეს) გამოხატა საკუთარი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და თვითონ ფეხბურთელებმაც (თანაგუნდელებმა!) მოინანიეს ერთმანეთის... ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით.

მოკლედ ვიტყვით: ასეთი რამ დასაგმობიც არის და დასასჯელიც, მით უფრო, როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის ფეხბურთელებზე. კი, გვესმის, რომ ფეხბურთში ხშირად სჭარბობს ემოცია, მაგრამ ის, რაც გააკეთეს "გურიასთან" გასვლით მატჩში გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ, ლანჩხუთელი გულშემატკივრების შეურაცხყოფაც იყო და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის!

თანაც, ორივე მათგანი ხომ იმ მართლაც თითზე ჩამოსათვლელ გამორჩეულ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, ჩვენს ჩემპიონატში ვინც მონაწილეობს; იმასაც შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა ჩვენმა გაზეთმა, ხოლო ბრაზილიელი რენე ფერეირა კი, ასევე "ლელოს" ვერსიით, წინა სეზონის საუკეთესო ლეგიონერი გახლავთ...

ისევ "დინამოს" თემას დავუბრუნდებით და ნანატრ მოგებაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი კიდევ ერთ ასევე აშკარად არასაფეხბურთო თემას გვინდა შევეხოთ. ამ შემთხვევაშიც გამოქვეყნდა კლუბის განცხადება, მაგრამ, რა ვქნათ, მაინც ულამაზოდ მიგვაჩნია ანდრო ჟორდანიას სახელობის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე... ცხვრის მიყვანა!

- ცხვარი, ჩხუბი და ჰეფი ენდი... რა ხდება თბილისის "დინამოში"?

თანაც, ცხვარს რომ მიიყვან საწვრთნელ ბაზაზე, მერე უკვე მართლაც მეორეხარისხოვანი ხდება, იმ ცხვარს ისევ სიცოცხლეს შეუნარჩუნებ თუ დაკლავ...

ბოლო ტურამდე არაფერი გაირკვევა
ამ ტურამდე მხოლოდ ორი გუნდი ასპარეზობდა წაუგებლად, თუმცა ამჟამად მხოლოდ "სამტრედიაა" დაუმარცხებელი! გია ცეცაძის მართლაც სიმპათიურმა და შეტევაზე ორიენტირებულმა გუნდმა მორიგი ნაბიჯი გადადგა საჩემპიონო პლეი ოფში მონაწილეობისთვის. არადა, "სამტრედიას" ძალიან რთული თამაში ჰქონდა ბოლნისში, სადაც ბოლო დროს აშკარად მომძლავრებულმა "სიონმა" პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა.

თუმცა, სტუმართა გამოცდილი მეკარე ომარ მიგინეიშვილიც უშეცდომო გახლდათ და "სამტრედიას" ერთი-მეორეზე სახიფათო იერიშებიც თავსატეხად იქცა მასპინძელთათვის. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ამ წაგებით "სიონი" ბოლო ადგილზე გადავიდა, მაგრამ ამ ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, რომ ბოლო ტურამდე არაფერი გაირკვევა.

მანამდე კი ბოლო ადგილზე მყოფმა "ზუგდიდმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა: "დილასთან" არცთუ სახარბიელო კლიმატურ პირობებში ჩატარებულ მატჩში მასპინძლებს 19 წლის დიმიტრი თუთბერიძის ზუსტმა დარტყმამ მოაგებინა.

ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს გოლი აღმოჩნდეს კიდეც სეზონის მიწურულს გადამწყვეტი მასპინძელთათვის; არადა, ამ ახალგაზრდა შემტევს "ზუგდიდის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ლიუტი არ ათამაშებდა, სამაგიეროდ მისი შემცვლელი, ლევან მიქაძე ენდო და თუთბერიძემაც ეს ნდობა უმნიშვნელოვანესი გოლით გაამართლა.

ამ ჯგუფის მესამე მატჩი, ერთი შეხედვით, მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა: ბათუმის "დინამოს" მანამდე ხომ არც ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული ჩემპიონატში; თუმცა, მიმდინარე სეზონში გელა სანაიას დამოძღვრილი "კოლხეთი" ისე ასპარეზობს, ამ გუნდისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს და ასე მოხდა ამჯერადაც: სტუმრად მესამე (!) გამარჯვებამ ფოთელები მეორე საფეხურზე აღაზევა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "კოლხეთმა" 12-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ძველი მეტოქის სტუმრად დამარცხება.

ისევ ამ შეხვედრას დავუბრუნდეთ, რომლის პირველ ტაიმშიც, ცოტაც და ამ სეზონის საუკეთესო გოლს ვიხილავდით: მასპინძელთა საყრდენი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი კარგად გაერკვა სიტუაციაში და როგორც კი შენიშნა წინ გამოსული სტუმართა მეკარე, მოედნის ცენტრიდან "გაუშვა" მაღალი ბურთი, მაგრამ "კოლხეთის" ცენტრალურმა მცველმა რასიმ რამალდანოვმა იყოჩაღა და ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელი კარიდან გამოიტანა.

30 წლის აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა, ამ მატჩშიც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და საერთოდაც, ეს ტრანსფერი ფოთელთა გუნდისათვის წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

კიდევ ერთი დაბრუნება
"კოლხეთის" მსგავსად, "ჩიხურაც" სტუმრად უფრო უკეთ თამაშობს, ვიდრე საკუთარ მოედანზე; ეგ კი არა, სოსო ფრუიძის გუნდი ერთადერთია ამ გარდამავალ ჩემპიონატში, გასვლით შეხვერებში 100-პროცენტიანი შედეგი რომ აქვს: 4 მატჩი და 4 მოგება! ამ დროს კი, საშინაო მატჩებში ბევრად უფრო მოკრძალებული შედეგი აქვს: ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა.

თუმცა, საჩხერელთა გუნდისათვის ეს საშინაო ფრე დიდი ტრაგედია ვერ იქნებოდა: "ჩიხურა" კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს "თეთრ ჯგუფში" და "სამტრედიის" მსგავსად, საჩემპიონო პლეი ოფსაც უმიზნებს.

სამაგიეროდ, მეტად მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა "შუქურამ" და იმის მიუხედავად, რომ ქობულეთელები კვლავაც ბოლო ადგილზე დარჩნენ, უმაღლეს ლიგაში დარჩენის მშვენიერი შანსიც დაიტოვეს.

ამ მატჩში ორივე გოლი გამოცდილმა ნახევარმცველებმა გაიტანეს და ორივე გოლიც ლამაზი იყო: 32 წლის კობა შალამბერიძის თავური დარტყმაც ეფექტური გამოდგა და 31 წლის დენის დობროვოლსკის საჯარიმოს გარედან ძლიერი და ზუსტი დარტყმაც...

...როცა იქნებოდა, ნავსი უნდა გატეხილიყო და ასეც მოხდა: ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის სტატუსის მქონე თბილისის "დინამომ" ზედიზედ 4 მოუგებელი მატჩის მერე, როგორც იქნა, გაიმარჯვა!

სხვათა შორის, დინამოელთა თავკაცმა თამაზ სამხარაძემ, წინა მატჩთან შედარებით, ძირითადი შემადგენლობა, გვარიანად გადაახალისა და საკმაოდ რთულ სიტუაციის მიუხედავად (როგორი საქმეა, პირველი ტაიმის მიწურულს, ორ ფეხბურთელს რომ გაგიძევებენ, თანაც, ერთმანეთთან ჩხუბისათვის), ორი უპასუხო გოლი გაუტანა უკვე მართლაც საგანგაშო სატურნირო მდგომარეობაში ჩავარდნილ "გურიას".

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც თავი გამოიჩინეს გამოცდილმა ფეხბურთელებმა: 30 წლის ლადო დვალიშვილმა და 29 წლის ზაზა ჭელიძემ.

ამ მატჩში ზემოთ ნახსენები მართლაც უსიამოვნო ფაქტის გარდა, დადებითიც მოხდა: "დინამოს" მაისურა პირველად მოირგეს გუნდის ცნობადმა და გამოცდილმა ახალწვეულებმა: საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილი ჩვენს ჩემპიონატს თითქმის სამწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა, 30 წლის ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ კი... სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში!

აი, ასეც ხდება: ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს, საკლუბო დონეზე სად არ უთამაშია (ლიტვა, რუმინეთი, თურქეთი, რუსეთი, ისრაელი, საბერძნეთი, სლოვაკეთი), აი, სამშობლოში კი მხოლოდ ახლა ჰქონდა დებიუტი...

...ამ ტურის წინ "ტორპედო" ბოლო ადგილზე იყო თავის ჯგუფში, ამჟამად კი "გადამრჩენელ", მეოთხე ადგილზე გადავიდა! ეგ კი არა, კახა ჩხეტიანის გუნდს ევროპალიგის საგზურისათვის ბრძოლაც შეუძლია, ოღონდ, იმ პირობით, თუ დარჩენილ მატჩებსაც ისეთი აღმავლობით ჩაატარებენ, როგორც "ლოკომოტივთან" იყო.

მასპინძლებმა იმდენი სახიფათო მომენტი შექმნეს რევაზ თევდორაძის კართან, რამდენიმე მატჩს რომ ეყოფოდა, თუმცა, სამბურთიანი სხვაობით მოგებაც არ უნდა ყოფილიყო ურიგო მასპინძელთათვის, რომელთა შემადგენლობაშიც გოლ(ებ)ი კვლავაც ოლეგ მამასახლისმა გაიტანა: 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა VIII ტურშიც ზუსტად შეასრულა პენალტი და ამჯერადაც, "ლოკომოტივთან" მატჩში ორჯერ მივიდა 11-მეტრიანის ნიშნულთან და ორჯერვე ზუსტად დაარტყა!

სხვა ფაქტები
გაძევებების თემა ნამეტნავად "აქტუალური" იყო გასულ ტურში: დინამოელი ფეხბურთელების ერთმანეთში ჩხუბი უკვე ვახსენეთ, ამას გარდა, წითელი ბარათები მიიღეს ირაკლი მოდებაძემ ("დილა"), ლევან წურწუმიამ ("ზუგდიდი") და გიორგი ჭედიამ ("გურია").

უიღბლოთა შორის უნდა მოვიხსენიოთ""ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი გიორგი გეთიაშვილიც, რომელსაც ბურთი საკუთარ კარში "აეჭრა"; არანაკლებ აქტუალური იყო ლეგიონერთა თემაც: რასიმ რამალდანოვი უკვე ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "კოლხეთს" გამარჯვების გოლი 27 წლის ვლადიმირ კორობკამ (უკრაინა) მოუტანა.

ორმა ლეგიონერმა კი სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში: 29 წლის უკრაინელმა დენის ვასილიევმა ("სიონი") და 21 წლის კონგოელმა არსი ბიასადილამ ("დილა").

აი, ასეთი იყო გასული ტური, მომდევნო უქმეებამდე კი თასის მეოთხედფინალები გველოდება - 19 ოქტომბერს ოთხი ნახევარფინალისტი გამოვლინდება!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი თამაშით ტორპედოს აქვს კიდევ შანსი რომ დარჩეს ლიგაში, იქნებ ევროსაგზურების პლეი ოფსაც გამოჰკრას ხელი შემთხვევით.
წარმატებები.
ისე კი რა ისმის ჰყავს ტორპედოს კერძო მესაკუთრე?გადაიფორმა საბოლოდ თუ არა?
Jango
16:41 18-10-2016
0
ტორპედომ რასაც ქვია სულ ბდღვირი ადენინა ლოკომოტივს, ჩხეტიანი სანაიასთან ერთად იმსახურებდა ტურის მწვრთნელობას!
Kote
15:51 18-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული