გელა სანაია: დაცვითი კი არა, ოპტიმალური ტაქტიკით ვთამაშობთ

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის დასაწყისში ფოთის "კოლხეთის" წარმატება ყველას დროებითი ამბავი ეგონა. მაგრამ ბოლო ტურში გუნდმა მორიგი სენსაცია "გამოაცხო" და ქობულეთში ჯგუფის მეორეადგილოსანი ბათუმის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

- დინამო (ბთ)-კოლხეთი 0:1 - "ქართული ლესტერი" [VIDEO]
- უმაღლესი ლიგის IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

პირველობის ფინიშამდე 4 ტურია დარჩენილი. კოლხებმა 15 ქულა დააგროვეს და "თეთრ ჯგუფში" მხოლოდ "სამტრედიას" (18 ქულა) ჩამორჩებიან.

რას ფიქრობს გუნდის წარმატებაზე, ფოთელთა წინსვლის მიზეზსა და პრობლემებზე, აქვს თუ არა ამ წარმატებებს განვითარების პერსპექტივა - ამ და სხვა თემებზე
"ლელოს" ფოთელთა მთავარი მწვრთნელი გელა სანაია ესაუბრება...

გუნდის შენება დაცვიდან იწყება
- ცხრილში ყურადღება ერთ უცნაურ ფაქტს მივაქციე - 8 ტურში მხოლოდ 7 გოლი გაიტანეთ. არადა, ჯგუფში მეორე ადგილზე ხართ...
- სამწუხაროდ, ეს საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებლის შედეგია. ყველა შეხვედრაში გატანის რამდენიმე რეალური შანსი გაგვაჩნია, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ. წინა ხაზში იმიტომაც მოვიკოჭლებთ, რომ ერთადერთი ცენტრფორვარდი გიორგი ნიქაბაძე ტრავმირებულია.

- სეზონის დაწყებამდე აფრიკიდან თავდამსხმელი რატომ ვერ ჩამოიყვანეთ?
- ვაპირებდით და საკითხი გადაწყვეტილიც გვეგონა, მაგრამ ფეხბურთელს ვიზის პრობლემა შეექმნა და ტრანსფერი ჩაიშალა. არადა, ეს სეზონის დაწყებამდე მოხდა და მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით. სამწუხაროდ, "კოლხეთის" პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამია და მოთამაშეების დამატება დაგვჭირდება. ორი კაცის ტრავმა ან დისკვალიფიკაცია უცებ პრობლემად გვექცევა.

სხვათა შორის, ბოლო ტურში ბათუმის "დინამოსთან" არ ვიცოდი, ნიქაბაძის ნაცვლად ვინ დამეყენებინა. სარისკო იყო, მაგრამ მაინც ვათამაშეთ კორობკა. ბოლომდე მომჯობინებულები არც რამალდანოვი და კილასონია უყვნენ, მათი შემცვლელები კი არ გვყავდა.

- საერთოდ, თქვენი გაწვრთნილი ლამის ყველა გუნდი ფრთხილ ფეხბურთს აჩვენებდა - "ლოკომოტივი", "სამტრედია", რუსთავის "მეტალურგი", ქობულეთის "შუქურა"... ახლა "კოლხეთიც". დაცვითი თამაში გიყვართ თუ ამ გუნდების მდგომარეობა და შემადგენლობა სხვა არჩევანს არ გიტოვებდათ?
- გუნდს შეტევაც სჭირდება და დაცვაც და ისიც ცხადია, რომ ტაქტიკის არჩევაზე შემადგენლობა დიდ გავლენას ახდენს. მოთამაშეები ხელს თუ გიწყობენ, შეტევაზე უარს რომელი მწვრთნელი იტყვის?

სპონსორი რამდენიმე გუნდს გამოუჩნდა, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გვაქვს, 3 ბურთი გავუშვათ და 5 გავიტანოთ - ჯერ მხოლოდ ჩვეულებრივი ბიუჯეტი გაგვაჩნია. ყველაფერი ფინანსებიდან გამომდინარეობს. დიდი ფული კარგ სკამსაც ნიშნავს. მესი და რონალდო ყველა გუნდს უნდა, მაგრამ მას მხოლოდ გრანდები სწვდებიან. მაგრამ გუნდის შენება თუ გსურს, ფუნდამენტის ჩაყრა დაცვიდან უნდა დაიწყო. ფაქტი ისაა, რომ ჯერ ჩვენი ტაქტიკა ამართლებს - გამოდის, რომ იმ სქემას ვირჩევთ, რომელიც ჩვენთვის ოპტიმალურია. მთავარი ესაა.

ევროპაზე ფიქრი ნაადრევია
- თქვენი აზრით, "კოლხეთს" ევროთასებისთვის ბრძოლის პოტენციალი თუ აქვს?
- ამ ეტაპისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ. მაგრამ ტყუილი იქნება იმის თქმა, თითქოს, სეზონის დაწყებამდე მიზნად ლიდერობა და ევროსაგზურის მოპოვება დავისახეთ. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ, რომ "კოლხეთის" მიზანი 10-გუნდიან ჩემპიონატში მოხვედრა იყო. მიზანი ახლაც არ შეცვლილა.

- "კოლხეთის" წლევანდელი შედეგის ახსნა ძნელია...
- ჯერ წარმატებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ამას გვირჩევნია, რომ ფრთხილად ვიყოთ და შემდეგ ტურებს ისეთივე მობილიზებულები დავხვდეთ, როგორც წინა მატჩებს. თორემ, შესაძლოა, ერთი წაგებით ლიდერი აუტსაიდერებში აღმოჩნდეს და პირიქით. ეს იმდენად არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია, რომ ბოლომდე მობილიზებული უნდა ვიყოთ.

- ფაქტია, რომ ლიდერებში ხართ. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ გასული სეზონის აუტსაიდერი მეტოქეებმა არ დაგაფასეს.
- შარშან გუნდი რომ ჩავიბარე, აუტსაიდერები ვიყავით და გავარდნის რეალურ კანდიდატად ვითვლებოდით. ამას გამუდმებული ფინანსური პრობლემები ემატებოდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ლიგაში ადგილის შენარჩუნება მაინც მოვახერხეთ. თუმცა, გეთანხმებით, რომ სეზონის დაწყებამდე, "კოლხეთს" მართლაც ლიგის აუტსაიდერად მიიჩნევდნენ.

საერთოდ, გუნდის წინსვლა ყოველთვის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენმა დირექტორმა, თემურ ბარქაიამ "კოლხეთი" ჯერ კიდევ მაშინ გადაარჩინა, რეგიონალ ლიგაში რომ გავარდა. მან გუნდი უმაღლეს ლიგაში მინიმალური სახსრებით ორჯერ დააბრუნა. სხვათა შორის, თემური ჯერ კიდევ აპრილში ლაპარაკობდა, რომ აუცილებელი იყო დროულად დაკომპლექტება, გარდამავალ ჩემპიონატში პრობლემები თავიდან რომ აგვეცილებინა და ამან გაამართლა.

ეს პროგრესი ლაშა ჯაკობიას დამსახურებაცაა, რომლის ჩამოყვანილმა ლეგიონერებმაც გაგიმართლეს. მიმაჩნია, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბიც კარგად მუშაობს, ბიჭები კი, თითოეულ შეხვედრაზე თავს არ ზოგავენ.

კოლხეთი ამას არ იმსახურებს
- საინტერესოა, ამ სეზონში ნორმალურად ფინანსდებით?
- "კოლხეთს" წლების განმავლობაში არასტაბილური გარემო აბრკოლებდა. ახლა განსაკუთრებული ბიუჯეტი არ გაგვაჩნია. მაგრამ დაგვიანებები აღარ არის, ხელფასებს დროულად რიცხავენ და ამანაც დადებითად იმოქმედა: გუნდში სტაბილურობის განცდა გაჩნდა და სწორმა მენეჯმენტმა შედეგი გამოაჩინა. ცხადია, ეს პირდაპირ კავშირშია ერთიანი ფონდის ამოქმედებასთან. ვიმეორებ, ფული თავზე არ გადაგვდის, მაგრამ ახლა გუნდში ვითარება დამშვიდდა და შედეგი სახეზეა.

- ამ "კოლხეთს" განვითარების პერსპექტივა აქვს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ საამისოდ, საკუთარი სტადიონი და ბაზა გვჭირდება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, შემდეგ საშინაო შეხვედრას ფოთში ვერ ჩავატარებთ და ისევ ქობულეთის "ჩელე არენის" დაქირავება მოგვიწევს.

- რატომ?
- იმიტომ, რომ ფოთის "პარკი არენაზე" მოედანი სასურველ მდგომარეობაში არაა და იქ ფეხბურთის ფედერაცია თამაშის უფლებას არ დაგვრთავს. ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია, "კოლხეთი" პირველი ქართული გუნდია და საქართველოში დაარსებიდან 100 წლისთავი ჯერ მხოლოდ ჩვენ აღვნიშნეთ. უბედურებაა, ტრადიციული გუნდი რომ წლებია, ასე წვალობს. "კოლხეთი" ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

- საერთოდ, "ფაზისის" რეკონსტრუქციაზე რა ხდება? წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა მაინც ვერავინ იტყვის, რომ "კოლხეთი" ამას არ იმსახურებს.
- მცირე ხნის წინ დაგვაიმედეს. ეს არ იყო მორიგი დაპირება, რეალური და კონკრეტული ამბავი გაგვიმხილეს. ბედნიერი კაცი ვიქნები, "კოლხეთმა" უახლოეს პერიოდში საკუთარ მოედანზე რომ ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, ლიგიდან გავარდნის საფრთხე არასოდეს დაგვემუქრება. იმიტომ, რომ "პარკი არენა" ლამის ყველა შეხვედრაზე გადაჭედილია და ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს, გულშემატკივარი კი დიდი ძალაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სირცხვილია ფეხბურთის განვითარებაზე ვლაპარაკობდეთ და ფოთში სტადიონი არ იყოს,კოლხეთი რიგითი კლუბი არ არის, წლების წინ ყოველთვის ამბიციური კლუბი იყო ეროვნულ ჩემპიონატში,კოლხეთს ჭირდება კარგი სტადიონი და ბაზა ეს ქართულ ფეხბურთს ძალიან გამოადგება,კოლხეთი ყოველთვის უნდა იბრძოდეს მაღალი მიზნებისთვის, კონკურენცია ეროვნულ ჩემპიონატში ძალიან საჭიროა, ფოთი იმსახურებს კარგ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას და კარგ გუნდს, ფოთში ფეხბურთი უვართ ხალხს.
bebeto
15:28 19-10-2016
0
მართალია ბატონი გელა. დიახაც ფოთი ითვლება საქართველოში ფეხბურთის ერთერთ აკვნად და მას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მხარდაჭერა, ვგულისხმობ არა გუნდის პროტექციას არამედ მას უნდა ჰქონდეს ერთერთი საუკეთესო ბაზა ჩვენ ჩემპიონატში და სამარცხვინოდ არ უნდა თამაშობდეს სხვისგან ნაქირავებ მოედნებზე. ფედერაციამ და ქალაქმა ერთად უნდა გაითვალისწინონ ალბათ ამ მწვავე პრობლემის გადაწყვეტა. წარმატებებს ვუსურვებ ფოთის ''კოლხეთს"
gizog
12:54 19-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული