თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება

AutoSharing Option
ჟერარდ სარაგოსა მულეტიმ თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ეს ინფორმაცია საჩხერის "ჩიხურასთან" პრინციპული საშინაო შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელშიც ესპანელი სპეეციალისტის მიერ გაწვრთნილი გუნდი 1:4 დამარცხდა.

- ლოკომოტივი-ჩიხურა 1:4 - "ჩიხურამ" საქართველოს ფეხბურთი გაახსენა [VIDEO]

სარაგოსას წასვლა გუშინ "ლოკომოტივის" პრესსამსახურმაც დაადასტურა:

"ერთწლიანი მუშაობის შედეგად, ესპანელმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ დაკავებული პოსტი დატოვა. გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული. თბილისის "ლოკომოტივი" ახალგაზრდა სპეციალისტს გაწეული სამსახურისთვის დიდ მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს", - წერია კლუბის განცხადებაში.

კომენტარისთვის "ლოკომოტივის" სპორტულ დირექტორს, გიორგი ყიფიანს დავუკავშირდით:

"გულწრფელად ვამბობ, რომ კლუბის ხელმძღვანელობის სახელით სარაგოსას მადლობას ვუხდით, რადგან მასთან ყველამ ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის, პირადად მეც და "ლოკომოტივმაც" ბევრი რამ შეიძინა. ვისურვებდი, რომ ქართულ ფეხბურთში მსგავსი ენთუზიასტი და პროფესიონალი მწვრთნელი ბევრი იყოს. სამწუხაროდ, ამ მხრივ დეფიციტი აშკარაა. გასაგებია, რომ გუნდი თასის გათამაშებას გამოეთიშა და "ჩიხურასთან" წაგებით ევროსაგზურის მოპოვების შანსიც შეგვიმცირდა, მაგრამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს - იყო უიღბლობაც. მაგრამ ფაქტია, რომ "ლოკომოტივმა" მისგან ბევრი რამ მიიღო".

ვინ შეცვლის სარაგოსას? "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ შესაძლო კანდიდატია "რკინიგზელთა" 19-წლამდელების დამრიგებელი გიორგი დევდარიანი - საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების, "თბილისის", გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი, თურქულ "ტრაბზონსფორში" შოთა არველაძის ასისტენტი.

ყიფიანს ამ ინფორმაციის კომენტარიც ვთხოვეთ:

"შემცვლელის რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის - დევდარიანიც, რომელიც ჩვენს ასაკობრივ გუნდს ავარჯიშებს და გამოცდილი სპეციალისტია. თუმცა, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ, რომ ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა".

"ლოკომოტივი" უმაღლესი ლიგის მე-7 გუნდია, სადაც მიმდინარე სეზონში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. ამ მხრივ, ლიდერი "ზუგდიდია", სადაც სტარტიდან ორი ტურის შემდეგ უკრაინელმა ინვესტორებმა ოთარ გაბელია ვლადიმირ ლიუტით ჩაანაცვლეს, ეს უკანასკნელი კი ახლახან ლევან მიქაძემ შეცვალა.

ლანჩხუთის "გურიაში" თემურ მახარაძის ნაცვლად უკრაინელი ოლეგ ლეშჩინსკი მუშაობს, ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილი კახა ჩხეტიანმა შეცვალა, თბილისის "დინამო" სლოვაკ იურაი იარაბეკს დაემშვიდობა და დროებით თამაზ სამხარაძე დანიშნა, ქობულეთის "შუქურაში" თემურ შალამბერიძის ნაცვლად გია გურული მივიდა, ხოლო პაბლო ფრანკო მარტინმა "საბურთალოში" ადგილი გია ჭიაბრიშვილს დაუთმო.

საინტერესოა, რომ "თეთრ ჯგუფში" ახალი მწვრთნელი 7-დან ხუთ გუნდში დანიშნეს. ცვლილებები მხოლოდ "ჩიხურასა" და "ცხინვალში" არ მომხდარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული