ბაჩანა არაბული: არ ვიცი, "სამტრედიაში" ვიქნები თუ არა

AutoSharing Option
ბაჩანა არაბული ზაფხულში თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა და "სამტრედიაში" გადავიდა. 22 წლის შემტევი იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის აღზრდილია, მასთან მუშაობა სურდა, ენდობოდა და სწორედ ამან განაპირობა მისი არჩევანი.

"სამტრედიაში" ის კარგად გამოჩნდა და გარდამავალი ჩემპიონატის "წითელ ჯგუფში" ამ გუნდის ლიდერობა მისი დამსახურებაცაა. არაბული გამორჩეულია ბოლო ტურებშიც. კარგად ანაწილებს ბურთს, სწორ მიმართულებას აძლევს შეტევებს... მეტოქის მოთამაშეებს უჭირთ მისთვის ბურთის ართმევა, ამწვავებს თამაშს და გოლებიც გააქვს.

"სამტრედიაზე", "დინამოში" დაბრუნების პერსპექტივაზე (ის იჯარით გაუშვეს), საჩემპიონო ამბიციებსა და შანსებზე არაბული "ლელოს" ელაპარაკა...

-
საქართველოში საუკეთესო პირობები თბილისის "დინამოს" აქვს. თქვენ კი ზაფხულში გუნდი საკუთარი სურვილით დატოვეთ და "სამტრედიაში" გადახვედით...

- ეს იყო ჩემი სურვილი, რადგან "სამტრედიას" გია ცეცაძე ავარჯიშებს. მან მე ყველაზე მეტად გამიგო, მენდო და ამიტომაც ვთამაშობ მასთან თავისუფლად. საერთოდ, გიამ ძლიერი და ერთსულოვანი გუნდის შეკრება მოახერხა და ამის არდანახვა შეუძლებელია. მისი და "სამტრედიას" ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

- სეზონი კარგად დაიწყეთ და სადაცაა, დასრულდება კიდეც. თქვენი აზრით, "სამტრედიას" ჩემპიონობის რეალური საფუძველი და პოტენციალი აქვს?
- გასულ სეზონში გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და პოტენციალიც სწორედ მაშინ გამოაჩინა. საერთოდ, სადაც არის ცეცაძე, იქ იქმნება ამბიციური და ნაღდი ფეხბურთის მოყვარული გუნდი.

წელს, ჯგუფში ჩვენი ფავორიტობა გამოიკვეთა და ვეცდებით, პირველი ადგილი დავიკავოთ, თანაც - აუცილებლად! ჩვენ მხოლოდ ეს მიზანი გვამოძრავებს - გავხდეთ ჩემპიონები! მთავარია, საჩემპიონო ფინალში ვინ შეგვხვდება.

- "სამტრედია" და "ჩიხურა" წლეულს ყველაზე სწრაფ და გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ და, ალბათ, ლოგიკურია, ორივე ლიდერში რომ ხართ...
- ჩვენი გუნდის პლუს-მინუსებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ერთსულოვანი და შეკრული გუნდია, რომელიც, გეთანხმებით, სწრაფად თამაშობს და ეს საქარველოში დიდი უპირატესობაა.

ყველა აღნიშნავს, რომ ტაქტიკურადაც ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ. მე კი დავამატებ, რომ "სამტრედია" საქართველოში ყველაზე უკეთ არის დაბალანსებული. ეს იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, უმაღლეს ლიგაში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს. ამას ამაყად ვიტყვი.

- ქართველი მოთამაშეები ბურთს ვერ ელევიან ხოლმე. "სამტრედიაში" კი ასეთი რამ არ ხდება. თქვენში მშობლიური ინსტინქტი არ იღვიძებს ხოლმე?
- ბურთის გორება ყველას გვიყვარს. "სამტრედიაში" კი ბევრი ტექნიკური მოთამაშეა, რომელთაც 2-3 კაცის მოტყუება შეუძლიათ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი ბურთის სწრაფ გადაადგილებას მოითხოვს, ოღონდ, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ფეხბურთს მოვწყდით, პირიქით, რაც ნაღდი ქართული ფეხბურთი იყო და რამაც მას სახელი მოუპოვა, სწორედ იმისკენ მივდივართ.

გია ცეცაძე სწორედ ამას ითხოვს. შესაძლოა, ბევრს ჰგონია, რომ ქართული ფეხბურთი ბურთის უაზროდ თრევაა, მაგრამ ეს დიდი სისულელეა.

- ახლა რომ შეხვედროდით "გაბალას", შედეგი სხვა იქნებოდა?
- ფაქტია, რომ გაცილებით უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე "გაბალასთან" მატჩების დროს ვიყავით.

დიდი იმედი მაქვს, რომ იმ შეცდომებს, რაც აზერბაიჯანელებთან გასვლაზე დავუშვით, მომავალში გამოირიცხება. მაგრამ რა დონეზე მივალთ, ამას ზუსტად დრო გვიჩვენებს.

მე არ ვიცი, ამ გუნდში ისევ ვიქნები თუ არა. მაგრამ დანამდვილებით ვიცი ის, რომ ცეცაძის ხელში "სამტრედია" ბევრს მიაღწევს.

- ესე იგი, არ იცით, სად ითამაშებთ ახალ სეზონში?
- ჩემი ტრანსფერი დღემდე "დინამოს" ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ჯერ მიჭირს თქმა, იჯარა გახანგრძლივდება თუ "დინამო" ჩემს დაბრუნებას მოითხოვს.

- როგორც გამჩნევთ, პირადად თქვენ "სამტრედიაში" დარჩენა გირჩევნიათ...
- თუ ეს გუნდი შეინარჩუნეს, რატომაც არა?! მაგრამ იჯარის გახანგრძლივება პირადად ჩემზე არ არის დამოკიდებული.

- ფაქტია, რომ "სამტრედიაში" თავს ბევრად უფრო თავისუფლად და ლაღად გრძნობთ...
- ეს თამაშიდან ხომ მეტყობა? რა თქმა უნდა, ასეა. იმაზე არ ვნერვიულობ, რომ რაღაც შემეშლება. არ მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გამოსდის. მაგრამ მოთამაშე მოედანზე გასვლის დროს წარმატებაზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, რომ მისი შეცდომა საბედისწერო იქნება. დათრგუნული მოთამაშე ვერაფერს მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩვენთან თუ დარჩები კიდე უფრო მაგარ ფორმაში შეხვალ და უფრო ათამაშდები ეს შენც კარგად იცი
სამტრე
16:32 30-10-2016
0
kak minimum ukrainis champ-shi unda mozebnos gundi, sakrtveloshi rom fexburteli ver vitardeba eg axali ambavi araa.
gaga
18:22 30-10-2016
0

სიახლეები პოპულარული